შვედეთის ყველაზე მაღალ საცხოვრებელ შენობაში, გოთენბურგის ცათამბჯენ Karlatornet-ში განთავსებული ეს უნიკალური ბინა განსხვავდება ყველა იმ წარმოდგენასგან, რაც კი შეიძლება სკანდინავიური სტილის ინტერიერის შესახებ გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის საფუძველს მინიმალიზმი და სუფთა ფერთა პალიტრა წარმოადგენს — რაც ჩრდილოური დიზაინის ტრადიციული მახასიათებელია — ინტერიერი მაინც არ ითავსებს კლასიკური სკანდინავიური სახლის ატმოსფეროს. აქ სულ სხვა განწყობაა: ელეგანტური, მომხიბლავი და მდიდრული.

სამდონიანი პენტჰაუსი განსაკუთრებული არქიტექტურითა და შთამბეჭდავი სივრცით გამოირჩევა. ბინის ყველა დონეს ერთმანეთთან ჰარმონიულად აკავშირებს ღია გეგმარება, სადაც არ ჩანს მკვეთრი ზღვარი სამზარეულოს, მისაღებსა და სასადილო ზონებს შორის. ინტერიერის მთავარ ღირებულებად იქცა სიმარტივე და სისუფთავე — სწორი ხაზები, ბუნებრივი მასალები და რბილი ფერები ქმნის გარემოს, რომელიც ერთდროულად არის მსუბუქი და დახვეწილი.
ბინაში დომინირებს თეთრი და ღია ბეჟი ტონალობები, რომელთა ფონზეც ცალკეული მუქი ელემენტები მკვეთრ ვიზუალურ აქცენტებს ქმნის. ფართო პანორამული ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე, რაც ბუნებრივ განათებას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს — დღის შუქი თავისუფლად ტრიალებს სივრცეში და მას სიმშვიდის განცდას სძენს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხიან მასალებსა და დეტალებს: ავეჯი თანამედროვეა და ძალიან ფრთხილად შერჩეული, ზედაპირები — გაპრიალებული და ბუნებრივი, განათება — ფუნქციური. მიუხედავად ინტერიერის მინიმალისტური ხასიათისა, აქ ყველაფერია კომფორტული საცხოვრებელი სივრცისთვის: მყუდრო საძინებლები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სველი წერტილები, ჩაშენებული სათავსოები და სამუშაო ზონა.
ეს პროექტი კლასიკური სკანდინავიური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციაა — სუფთა, არქიტექტურულად გამართული და ემოციურად მშვიდი. სწორედ ასეთი სივრცეები განსაზღვრავს დღეს დიზაინის იმ ახალ მიმართულებას, რომელიც ერთდროულად გამოხატავს მინიმალიზმს და სიმდიდრეს, სიწყნარეს და დინამიკას, თავისუფლებას და კონტროლს.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2