პრემიალური იტალიური ავეჯის შოურუმების სივრცეში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ახლადგახსნილი „აურა კონცეპტი“, რომელიც ინტერიერის დიზაინში სრულიად განსხვავებულ, საკუთარ ხედვასა და ფილოსოფიას ავითარებს. ეს არის სივრცე, სადაც იბადება ახალი იდეები, სადაც დიზაინერები, არქიტექტორები და მომხმარებლები შთაგონებას პოულობენ. აქ წარმოდგენილი კონცეფციები ხშირად ხდება ახალი მიმართულებების საწყისი პროფესიონალებისთვის. „აურა კონცეპტი“ გახლავთ სივრცე, რომელიც არამხოლოდ ავეჯს გთავაზობთ, არამედ იდეას, სტილსა და განწყობას.
შოურუმში წარმოდგენილია მაღალი კლასის იტალიური ბრენდები, როგორიცაა: MDF Italia, Driade, De Castelli, Barausse, Sangiacomo, Conte Casa და სხვა. თითოეული მათგანის შერჩევა ეფუძნება ბრენდის ისტორიას, გამოცდილებას, სანდოობასა და ორიგინალურობას – კრიტერიუმებს, რომლებიც დამფუძნებლების მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით ჩამოყალიბდა.
„აურა კონცეპტის“ მთავარი ღირებულება სანდოობა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობაა. კომპანიის დაარსება უკავშირდება სამი მეგობრის სახელს – ადამიანებს, რომლებმაც წლების მანძილზე მოიპოვეს პროფესიონალური აღიარება და შექმნეს გუნდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არამხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულფასოვან მომსახურებასა და კომპლექსურ მიდგომას. მათთვის „აურა კონცეპტში“ სტუმრობა არ არის მხოლოდ შერჩევის პროცესი, არამედ ემოციური გამოცდილება, სადაც ყველა დეტალი საგულდაგულოდაა გამართული, რათა თქვენს მოლოდინებს გადააჭარბოს. როგორია „აურა კონცეპტის“ სამომავლო ხედვა და როგორ ახერხებს კომპანია მაღალი დიზაინერული ღირებულებების ქართულ რეალობაში ინტეგრაციას? ამ და სხვა თემებზე დღეს მისი დამფუძნებლები გვესაუბრებიან – გიორგი გიორგაშვილი (გაყიდვების ხელმძღვანელი), შოთა მელიქიძე (დირექტორი) და მიხეილ გაზდელიანი (პროექტების ხელმძღვანელი).
როგორ დაიბადა შოურუმ „აურას“ შექმნის იდეა და რა იყო დამფუძნებლების მთავარი მოტივაცია?
შოთა მელიქიძე: „აურა კონცეპტის“ შექმნის იდეა გაჩნდა საერთო ღირებულებებიდან, პროფესიული გამოცდილებიდან და იმ ემოციური მიზიდულობიდან, რაც ინტერიერის დიზაინის სფეროს მიმართ გვქონდა. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც გაცდებოდა სტანდარტული შოურუმის ჩარჩოს და გახდებოდა ადგილი, სადაც ადამიანები ქმნიან, გრძნობენ, ერთვებიან პროცესში და შთაგონებულები მიდიან. ეს ბრენდი შევქმენით ჩვენ – სამმა მეგობარმა, რომლებსაც გვაერთიანებს ხარისხის, ესთეტიკისა და პასუხისმგებლობის მიმართ სიყვარული. ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო შეგვექმნა გამორჩეული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს მისცემს სანდო გამოცდილებას, ატმოსფერო, სადაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს და შედეგს, რომელიც მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ, „აურა კონცეპტი“ დაიბადა არა მხოლოდ ბაზრის მოთხოვნაზე პასუხად, არამედ როგორც ხედვა, რომ ინტერიერი შეიძლება იყოს ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ნივთებია. ის შეიძლება იყოს განწყობა, ენერგია და ყველაზე მთავარი — აურა.
როგორ უკავშირდება შოურუმის კონცეფციას სახელწოდება „აურა“?
გიორგი გიორგაშვილი: აურა – ეს არ არის ნივთი ან დიზაინის დეტალი. ეს არის ემოცია, რომელსაც სივრცე გადმოსცემს ჯერ კიდევ მასთან შეხებამდე. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ადგილი, სადაც დიზაინი არა მხოლოდ ჩანს, არამედ იგრძნობა. სადაც ყოველი ელემენტი ქმნის განწყობას – იმას, რასაც აურას ვუწოდებთ.
კონცეპტი კი არის იდეათა არქიტექტურა, რაც ამ აურას ქმნის – ბრენდების სელექცია, სტილური მიმართულება, მიდგომა მომხმარებელთან და თავად სივრცის განწყობა. ამიტომაც ეწოდა შოურუმს „აურა კონცეპტი“. ეს არის ფიზიკური სივრცე, რომელიც აბსოლუტურად გამორჩეულ ემოციას გიტოვებს.
რომელ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობთ და რა პრინციპით შეარჩიეთ ისინი?
მიხეილ გაზდელიანი: „აურა კონცეპტში“ წარმოდგენილია ბრენდები, რომელთა სახელსაც გამოცდილება და ხასიათი თან სდევს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან იტალიურ მწარმოებლებთან, როგორებიც არიან: MDF Italia, Driade, De Castelli, Barausse, Stilnovo, Sangiacomo, Nicoline, Conte Casa, TOOY, Miniforms, Vitrum და სხვები. თითოეული მათგანი წლების განმავლობაში დაგროვილ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევარჩიეთ. ვიცით მუშაობის პრინციპები, თუ რას წარმოადგენენ და რამდენად ერგებიან ქართულ კულტურასა და ტემპერამენტს. ეს მხოლოდ ხარისხის საკითხი არ არის – ეს ნდობის ამბავია.
გიორგი გიორგაშვილი: ჩვენი ხედვაა, რომ ავეჯი უნდა ქმნიდეს განწყობას და განწყობა – უნდა იყოს განსხვავებული. ამიტომაც ავარჩიეთ როგორც მსოფლიო დონის, აღიარებული ბრენდები, ასევე ახალი, ინოვაციური, კონცეპტუალური სახელები. ზოგიერთი მათგანი უკვე ცნობილიცაა ქართულ ბაზარზე, სხვები კი ჩვენ შემოვიტანეთ პირველად – იმ იდეით, რომ განსხვავებულის დროა. „აურა კონცეპტი“, დღეს, მხოლოდ შერჩეული ბრენდების შოურუმი აღარ არის – ის გახლავთ სივრცე ამბიციით, თავად ქმნიდეს ტენდენციებს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ზურგს გიმაგრებენ მსოფლიო დონის ბრენდები და დიზაინის მკაფიო ფილოსოფია.
როგორ შეაფასებთ ამ ბრენდების ინტეგრაციას ქართული ინტერიერის დიზაინის სივრცეში?
შოთა მელიქიძე: ბრენდები, რომლებსაც „აურა კონცეპტში“ წარმოვადგენთ, ქართულ ინტერიერში უბრალოდ არ შემოგვიტანია – არამედ ქართულ გემოვნებასთან ჩავრთეთ დიალოგში. მათი დიზაინი, ფილოსოფია და ხასიათი იქცა იმ შთაგონების წყაროდ, რომელსაც მომხმარებლები და დიზაინერები არჩევანის ახალი სტანდარტისკენ მიჰყავს.
როგორია თქვენი სამიზნე აუდიტორია? ვისთვის იქმნება ეს სივრცე და პროდუქტი?
გიორგი გიორგაშვილი: „აურა კონცეპტი“ არ არის ავეჯის ჩვეულებრივი მაღაზია და სწორედ ამაშია მისი ხიბლი. ჩვენი აუდიტორია ის ადამიანებია, ვინც სივრცეს აღიქვამს არა როგორც კედლებსა და ჭერს შორის მოქცეულ არედ, არამედ განწყობის, ენერგიისა და იდენტობის გაგრძელებად. ესენი არიან არქიტექტორები და დიზაინერები, რომლებიც ეძებენ ორიგინალურობას და ხარისხს, ასევე – დამკვეთები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათ სახლს ჰქონდეს ინდივიდუალობა და ხასიათი. ჩვენი პროდუქტი პრემიუმ კატეგორიისაა, თუმცა ჩვენვის ფასზე მეტად, მნიშვნელოვანია დამოკიდებულება, ვქმნით იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს სტილი, პასუხისმგებლობა და ნდობაზე დაფუძნებული პროცესი.
რით გამოირჩევა შოურუმი „აურა კონცეპტი“ სხვა ავეჯის სივრცეებისგან თბილისში?
მიხეილ გაზდელიანი: მთავარი რაც „აურა კონცეპტს“ გამოარჩევს სხვა სივრცეებისგან არის ის, რომ ჩვენ არ ვყიდით ნივთებს — ვქმნით განწყობებს, ისტორიებსა და გამოცდილებას. დამკვეთს ჩვენთან დახვდება პროფესიონალთა გუნდი, რომელიც პროექტის ყველა ეტაპზე იქნება მისი თანამგზავრი. ვაკომპლექტებთ არა მხოლოდ ავეჯს, არამედ ხედვას: ფერებს, ტექსტურებს, სინათლეს, განლაგებას – თითოეულ დეტალს, რომ საბოლოო შედეგი იყოს შთამბეჭდავი. ასევე, გამოგვარჩევს ჩვენი კომუნიკაციის კულტურა. „აურა კონცეპტში“ მომხმარებელი არ არის სტუმარი, ის არის მთავარი მონაწილე იმ პროცესისა, სადაც დიზაინი იქმნება. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები პროფესიონალების მხარდაჭერით იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარ საცხოვრებელ სივრცეზე.
რითი გსურთ, დარჩეს შოურუმი „აურა კონცეპტი“ მომხმარებლის მეხსიერებაში? რა არის მისი მთავარი გზავნილი?
შოთა მელიქიძე: გვინდა, „აურა კონცეპტი“ მომხმარებლისთვის იყოს ადგილი, სადაც შთაგონებას პოულობს. „აურა კონცეპტის“ მთავარი გზავნილი ძალიან მარტივია: შენ არ რჩები მარტო. შენ გვერდით დგას გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ყოველი დეტალისთვის და რომელიც იქ არის არა მხოლოდ პროექტის, არამედ ურთიერთობის ბოლომდე.
როგორია თქვენი ხედვა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით?
გიორგი გიორგაშვილი: „აურა კონცეპტის“ განვითარება ჩვენთვის მხოლოდ მასშტაბების გაფართოებას არ ნიშნავს – ეს, პირველ რიგში, ღირებულებების გაღრმავებაა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პროფესიული სივრცე, რომელიც საქართველოს დიზაინის ინდუსტრიაში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს: მაღალი პროფესიონალიზმით, მეტი სოციალური პასუხისმგებლობითა და ამ სფეროს ცოცხალ პროცესებში ჩართულობით. ამას საფუძვლად უდევს განათლება და გამოცდილების გადაცემა, ამიტომ უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, ვგეგმავთ ახალგაზრდა დიზაინერების პროფესიული განვითარებისთვის პლატფორმის შექმნას. მათ ვიზიტების ორგანიზებას და მხარდაჭერას იტალიის წამყვან მწარმოებლებთან და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას.აურა კონცეპტის ახალი შოურუმის კონცეფციაც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებთან ერთად შევიმუშავეთ, ინდივიდუალური ინტერპრეტაციითა და უნიკალური ხედვით. გვჯერა, რომ „აურა კონცეპტი“ მომავალში იქცევა ისეთ ეკოსისტემად, რომელიც შექმნის ცხოვრების სტილს.
[R]