in

ეკოლოგიურად პასიური სახლი მალიორკაზე

Alliance Group
Alliance Group

ეს ეკოლოგიურად პასიური სახლი პუიგპუნიენტის ხეობაში, სიერა დე ტრამუნტანას მთიანეთში, მალიორკაზე მდებარეობს. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ოპტიმალური ორიენტაციით სამხრეთისკენ და ღია ხედით მთებისკენ.

სახლში მოხვდებით პატარა ვერანდის გავლით, სადაც განთავსებულია მოძრავი ვერტიკალური ხის კოჭები, რომლებიც შეიძლება მზის შუქის გასაკონტროლებლად იქნას გამოყენებული. შიგნით არის მისაღები-სასადილო ოთახი, რომელშიც სივრცის ფორმებს ავეჯის პოზიცია და დიზაინი აყალიბებს. კიბე ავეჯის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს — მის ქვეშ წიგნების კარადაა მოთავსებული. ამ ოთახს, რომელიც სამხრეთისკენ არის მიმართული, აქვს წვდომა ფანჩატურზე. ბუხარი ადაპტირებულია პასიური სახლის ჰერმეტულობისა და იზოლაციის მოთხოვნებთან, ის სოფლის გარემოს კონტექსტთან კავშირის ელემენტს წარმოადგენს. ამ კავშირს ინტერიერის გასაფორმებლად გამოყენებული ხის კოჭები აძლიერებს.

დასავლეთისკენ მიმართული სამზარეულო ცალკე სივრცეს წარმოადგენს, თუმცა ის ვიზუალურად დაკავშირებულია მისაღებ-სასადილო ოთახთან. გარდა ამისა, პირველ სართულზე განთავსებულია სამი საძინებელი და მრავალფუნქციური სტუდია ოჯახის მხატვრული შემოქმედების გამოსახატად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახლის ინტერიერის ფერებსა და მასალებს, შეირჩა თბილი ტონები, ხისა და ბუნებრივი ქვის მასალები, რამაც საცხოვრებელში თბილი, ნატურალური და მყუდრო ატმოსფერო ჩამოაყალიბა.

სახლი იყენებს ძირითად პასიურ რესურსებს, როგორიცაა სამხრეთისკენ მიმართული ორიენტაცია, მზის შუქის კონტროლი, მაღალი დონის თბოიზოლაცია, ჰერმეტული ფანჯრები და ა. შ. სახლის დანარჩენი ნაწილისთვის ენერგიის საჭიროებას მზის პანელები აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პასიური სახლი, პროექტში გათვალისწინებულია ჯვარედინი ვენტილაცია, რადგან ზაფხულის ღამეებში სახლის გასაგრილებლად ხეობის ბუნებრივი სიგრილე გამოიყენება.

 

არქიტექტურული ფირმა: Miquel Lacomba Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ოფისის სამზარეულო და მოსასვენებელი ზონა ფერადი აქცენტებით – თორნიკე ჭიკაძისა და ნიკიტა ტიმოშენკოს ნამუშევარი

5 მიზეზი ჰაერის გამწმენდი მოწყობილობის შესაძენად