in

რა არის “პასიური სახლი”?

არქიტექტურულ პროექტებში ხშირად  “Passive house”-ის სტანდარტებს ვახსენებთ. ასე დაბალი ენერგომოხმარების სახლებს უწოდებენ, სადაც ტრადიციული გათბობა/გაგრილების სისტემების გარეშეც შესაძლებელია ზამთარში თბილოდეს და ზაფხულში გრილოდეს. დღეს ამ საკითხში გარკვევას შევეცდებით.

„პასიური სახლი“ ბოლომდე ზუსტი ტერმინი არ არის. ენერგიის მოხმარების დაბალი კოეფიციენტის მქონე სახლებს უმჯობესია “ენერგოეფექტური” ვუწოდოთ. ზოგიერთი მათგანი ენერგიას 90%-მდეც კი ზოგავს.

ზოგი „პასიური სახლი“ მზეს (ინსოლაციის არქიტექტურული კანონები), სითბოს შინაგან წყაროებსა და რეკუპერაციას იმდენად ეფექტურად იყენებს, რომ გათბობის თანამედროვე სისტემები ცივ ამინდშიც კი აღარაა საჭირო. ასეთი სახლების თბოდანაკარგი თითქმის ნულის ტოლია და სკანდინავიის მკაცრ კლიმატში სახელი უკვე გაითქვა.

არსებობს ასევე ნულოვანი ელექტრობალანსის შენობები. მათში ენერგიის განახლებადი წყაროები დანახარჯების 100 პროცენტის კომპენსირებას ახდენს. არსებობს ასევე დადებითი ენერგობალანსის სახლები, რომლებიც მოხმარებულზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.

როგორ განსაზღვრავენ სახლების ეფექტურობას

90-იან წლებში, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში „პასიური სახლის“ ინსტიტუტი დაფუძნდა. ძირითადი აღმოჩენები ენერგოეფექტური სახლების მშენებლობის სფეროში სწორედაც აქაურ ექსპერტებს ეკუთვნით. ისინი სტანდარტსაც ადგენდნენ, რომლის თანახმად თბოდანაკარგები ასეთ ობიექტებზე გასათბობი ფართის 1 მ2-ზე წელიწადში  15-25 კვტ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

„პასიური სახლი“ ენერგიის მიზერული მოხმარების ერთადერთ მაგალითს არ წარმოადგენს. არსებობს ასევე ფრანგული – „Effinergie“ და შვეიცარული – „Minergie“. რომლებსაც შესაბამისი სტანდარტები აქვს.

„პასიური სახლის“ ძირითადი მახასიათებლები

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სახლის პასიურად „გადაქცევა“ მშენებლობის შემდეგ აღარ გამოვა, ვინაიდან კონცეფციის საფუძველი ხარისხიანი იზოლაცია, გონივრული მდებარეობა და ვენტილაციის სისტემაა. ამიტომ, ყველაფერი ჯერ კიდევ პროექტირების საწყის ეტაპზეა გასათვლელი.

  • საიმედო თბოიზოლაცია – შენობის კარგად იზოლირებული გარე პერიმეტრი ზაფხულში სიგრილესა და ზამთარში სითბოს შეინარჩუნებს;
  • ხარისხიანი ფანჯრები – ენერგოეფექტური სახლის ფანჯრებს თბოგადაცემის მინიმალური კოეფიციენტი უნდა ჰქონდეს, მთავარია მათი სწორი განთავსება, რადგან ისინი არა მარტო სითბოს დაკარგვის, არამედ მისი მოდინების წყაროცაა. ამიტომ რეკომენდებულია ფანჯრების სამხრეთ ფასადზე ჩაყენება, ჩრდილოეთით კი შემინვის მინიმუმამდე დაყვანა;

  • შუქის მიმართ სახლის სწორი ორიენტაცია – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგოეფექტურ სახლში ფანჯრების უმეტესობა სამხრეთით უნდა იყურებოდეს. თუ სახლი სხვაგვარადაა განლაგებული, სახლის კედლები და სახურავი უფრო ეფექტურად უნდა დაითბუნოს, ასე მზის სხივების მიერ გენერირებული სითბოს სიმცირის კომპენსირება მოხდება;
  • რეკუპერირება – პასიურ სახლში ვენტილაციის სისტემები ენერგოეფექტურობას რეკუპერაციის მეშვეობით აღწევს. ასე ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც დამუშავებული ჰაერიდან სითბოს ნაწილი ბრუნდება;

  • ჰერმეტულობა – პასიური სახლები ჰერმეტული უნდა იყოს. ეს ენერგოეფექტურობის ზრდისა და ორპირების შემცირების საშუალებას იძლევა;
  • თერმული ხიდების სწორი პროექტირება – თერმული ანუ „სიცივის ხიდები“ ის ადგილებია, საიდანაც სითბო უფრო ინტენსიურად იკარგება. ამის კარგი მაგალითია გადახურული აივნები, ფანჯრის ღიობები, ან გარე კედლებისა და სარდაფის კედლების შეერთების ადგილები. ასეთ ადგილებს განსაკუთრებული იზოლაცია სჭირდება;

  • მზის ენერგიის გამოყენება – მზის ენერგიის პასიური მოხმარების გარდა (შემინული ზედაპირების მეშვეობით) მისი აქტიური გამოყენებაცაა შესაძლებელი. მზის ელემენტებისა და პანელიანი წყლის ავზების მეშვეობით აბაზანაში, საშხაპეში და გათბობის სისტემაში წყლის გათბობაა შესაძლებელი;
  • გათბობის თანამედროვე სისტემები – გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევა შესაძლებელია გათბობის ავტომატურად რეგულირებადი სისტემების მეშვეობით, რომლებიც ოთახებში ტემპერატურის ცვლილებას აკონტროლებს.

პატარა ბინა სხვენში – 33 კვ/მ ფერადი სივრცე ჭიაურელის ქუჩაზე

აპარტამენტები ლონდონის ვიქტორიანული ეპოქის სახლში