in ,

პატარა ბინა სხვენში – 33 კვ/მ ფერადი სივრცე ჭიაურელის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

მარიამ ჭანჭალეიშვილი პროფესიით სოციოლოგია. იგი გენდერის კვლევის მიმართულებით მუშაობს და ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია. თუმცა, მარიამის ერთ-ერთი გატაცება ფოტოგრაფიაა და როგორც თავად გვიამბობს, ძალიან ხიბლავს სხვადასხვა სივრცეებში აღმოჩენილი საინტერესო დეტალების დაფიქსირება.

ეს ბინა მარიამმა 2020 წელს შეიძინა. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მომავალი საცხოვრებლის ძიების პროცესში მისთვის მთავარი კრიტერიუმი იყო სივრცის სიმცირე და შესაბამისად, ხელმისაწვდომი ფასი. ეს საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა ძალიან მალე მარიამის მეგობარმა ასეთი სივრცე დიღმის მასივში იპოვა.

“თავიდანვე ვიცოდი, რომ ბინის შეძენას თბილისის ცენტრალურ უბანში ვერ გავწვდებოდი. ვფიქრობ, რომ დიღმის მასივი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ადგილია თბილისში (დიღმის ტყის ხარჯზე) და მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან სწორედ აქ ვიპოვე ჩემი საცხოვრებელი.

ეს იყო ბინა სხვენში, რომელსაც ძალიან პატარა ფართობი გააჩნდა. მაშინვე ცხადი გახდა, რომ აქ  ცალკე საძინებელიც არ გამოვიდოდა. თუმცა, ბევრი ფიქრის და მეგობრების შეგულიანების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა და ვფიქრობ, რომ არ შევცდი.

დღეს ასეთი პატარა ბინები არც იყიდება, რადგან მშენებლებს არ აწყობთ. არადა, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ადამიანისთვის ძალიან კარგი გამოსავალია. მით უმეტეს, თუ მარტო ან მხოლოდ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას გეგმავ. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი საცხოვრისი მხოლოდ პატარა სივრცის ყიდვის შესაძლებლობაზე არ გადის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩემთვის მოცემულ სისტემაში ეს აღმოჩნდა გამოსავალი.”

ასე შეიძინა მარიამმა ბინა ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში. მაშინ ეს იყო სრულიად ცარიელი სივრცე, რომელში ტიხრებიც კი არ არსებობდა და ყველაფერი ნულიდან იყო დასაწყები.

“ახლა როცა ვიხსენებ, მიკვირს, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაშინ ის მიხაროდა, რომ ბინას აივანი ექნებოდა, თან საერთო ფართის გათვალისწინებით, საკმაოდ ნორმალური ზომის.

ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული “შავი კარკასიდან” “მწვანე კარკასამდე” მიყვანის პროცესი იყო. ეს არ იყო სტანდარტული სივრცე, შესაბამისად, თითოეულ სანტიმეტრზე ფიქრი გვიწევდა და ყოველ ჯერზე მეგონა, რომ რაღაც ვერ ჩაეტეოდა, რომ საშხაპისთვის ან პირსაბანისთვის ზედმეტად პატარა ადგილი იყო და ა.შ. როგორც ცნობილია, რემონტი ცუდი გამოცდილების გარეშე არ არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა იმ ადამიანებში, ვინც ჩემს სახლზე მუშაობდნენ. ისინი თავადაც კარგად იაზრებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ამ პატარა “კვადრატისგან” გამოსულიყო სახლი.”

საპროექტო ნახაზის შედგენაში მარიამს საკუთარი მეგობარი, ინტერიერის დიზაინერი – ანა ხონელიძე დაეხმარა. სწორედ მისი პროექტის საშუალებით შეძლო ბინის მეპატრონემ სივრცის უკეთ აღქმა, რამაც გეგმარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება გაუმარტივა.

როგორც მარიამი გვიამბობს, მის ბინაში ინტერიერის დიზაინი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ერთადერთი, რაც მან თავიდანვე იცოდა, იყო ის, რომ ბინაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო თეთრი ჭერი და კედლები, თუმცა მეპატრონეს ასევე სურდა ფერების შემოტანა ავეჯისა და დეტალების სახით.

“რეალურად, როგორც ახლა გამოიყურება სახლი, სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგია – ვგულისხმობ ფერებს, ავეჯს, ნივთებს. განლაგება თავიდანვე ვიცოდი, თუმცა მცირედით შეიცვალა. ტანსაცმლის კარადის ნაცვლად პატარა გარდერობი გაკეთდა, რაც თავიდან არ იყო ჩაფიქრებული. ეს იდეა ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს დაებადა, რომელიც ბინის პოვნაში დამეხმარა.”

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ბინის ფართობის სიმცირის მიუხედავად, აქ ყველაფერია, რაც ადამიანს სჭირდება სრული კომფორტისთვის: სამზარეულო, საძინებელი, მისაღები, სასადილო, გარდერობი, სამუშაო ზონა და სანიტარული კვანძი. ეს ყველაფერი “ერთ კვადრატშია” მოქცეული, მაგრამ თითოეული ზონა საკუთარ ფუნქციას იდეალურად ასრულებს.

“ხშირად ვხუმრობ ხოლმე მეგობრებთან, რომ  სამუშაო მაგიდასთან როცა ვზივარ, თავს ვაჯერებ, თითქოს კაბინეტში ვარ-მეთქი. საყვარელი კუთხე აქ პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება გაიგო. სინამდვილეში, ეს სახლი ჩემს გონებაში მაინც დაყოფილია ერთმანეთისგან განსხვავებულ რამდენიმე სივრცედ. ალბათ განსაკუთრებულად სამზარეულოს კუთხეს გამოვარჩევდი. ასევე, ძალიან მიყვარს, როცა ზაფხულში აივნისკენ გამავალი ვიტრაჟული კარის ორივე ფრთის გამოღებაა შესაძლებელი და აივნისა და ოთახის სივრცე ერთიანდება.”

კითხვაზე თუ როგორ შეაფასებს საკუთარი სახლის ინტერიერს, მარიამი შემდეგნაირად გვპასუხობს:

“ვფიქრობ, რომ ის არის, რაც შეიძლებოდა გამოსულიყო ჩემი ნაფიქრის, ფინანსური რესურსისა და ბავშვობის ოცნებისგან. კარგი განცდაა, რომ ჩემი სახლი ხან ჭიქებში ჩამოსხმულ სხვადასხვა ფერის ლიმონათს მახსენებს, ხან კიდევ ჯოხიან კანფეტებს. მგონი, როცა ასეთ რაღაცებს ადარებ, ნიშნავს, რომ ძალიან მოგწონს და გიყვარს ის.”

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

ტური ივანკა ტრამპის ბინაში

რა არის “პასიური სახლი”?