in

სტუდიოს ტიპის ბინა არასტანდარტული გეგმარებით

Banner M2
Banner M2

ეს პატარა სტუდიოს ტიპის ბინა სტოკჰოლმის გარეუბანში მდებარეობს და მას ძველებური და მყუდრო ატმოსფერო აქვს. ბინა მხოლოდ 34 კვადრატული მეტრია, თუმცა, ფართობის მიუხედავად, მფლობელები ინტერიერის დიზაინს დიდი სიყვარულითა და დეტალებისადმი ყურადღებით მიუდგნენ და გამორჩეული საცხოვრებელი შექმნეს. ოქროსფერი ელემენტები, კლასიკური ნახატები და მცენარეების მრავალფეროვნება ოთახებს სილამაზითა და ხიბლით ავსებს, სივრცეები კი შესანიშნავად არის ათვისებული და დაბალანსებული.

მისაღებში სივრცის თითოეული კვადრატს თავისი ფუნქცია აქვს. დიდი ზომის კარის დახმარებით, რომელიც აივანზე გასვლის შესაძლებლობას გვაძლევს, ბინა ძალიან ნათელი ჩანს, რაც ხელს უწყობს მის ვიზუალურად გაფართოებასაც. იმავე პრინციპს ემსახურება სადა და ღია ფერის ავეჯი და ქსოვილებიც, კონტრასტის შესაქმნელად კი დეკორაციები, ოქროსფერი აქცენტები და მწვანე მცენარეებია გამოყენებული, რაც სკანდინავიური ესთეტიკის და შვედური ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხის იატაკიც, რომელსაც სახლში ბუნებრივი განწყობა და სითბოს ელემენტები შემოაქვს.

სამზარეულო უფრო მეტად მკვეთრ თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. სივრცე საკმაოდ მცირეა, თუმცა ავეჯის დახმარებით თითოეულ ნივთს საკუთარი ადგილი აქვს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ოთახში ქაოსისა და არეულობის შეგრძნება არ შეიქმნას. კომფორტისა და სიმყუდროვისთვის თანამედროვე ტექნიკის მრავალფეროვნებაა გამოყენებული.

ოთახის მცირე ფართობი სულაც არ არის კომფორტის დათმობის მიზეზი. პატარა საძინებლებში ნივთების შენახვის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია და აქ ნებისმიერი თავისუფალი ზედაპირი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რაც ამ კონკრეტულ პროექტშიც კარგად არის ხაზგასმული. ოთახში განსაკუთრებულ ხიბლს ქმნის ყვავილების მრავალფეროვნებაც, რაც მას დამატებით სილამაზესა და ხასიათს ანიჭებს.

მთლიანობაში, სივრცის სიმცირის მიუხედავად, შეიძლება ითქვას რომ მეპატრონეებმა ინტერიერის დიზაინის მოწყობის პროცესს კარგად გაართვეს თავი. პროექტი ძალიან მყუდრო და კომფორტულია, სივრცეები სადა და დახვეწილი, ხოლო ბინა საკმაოდ ნათელი და თანამედროვე.

4 ფერი, რომელიც არ უნდა გამოიყენოთ სამზარეულოში – დიზაინერების რჩევები

2024 წლის სააღდგომო დეკორაცია: 5 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან