in

ჭერის ხმის იზოლაცია და დათბუნება – რა საჭიროა ეს ყველაფერი?

დღეს ჭერის ხმის იზოლაციისა და დათბუნების საჭიროების შესახებ ვისაუბრებთ, აგიხსნით, თუ რატომ არის რემონტისას მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანი და რა შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი.

პირველ რიგში, თბოიზოლაციის გაკეთება სითბოს დაკარგვის თავიდან აცილების საშუალებას მოგცემთ. შესაბამისად, თქვენი კომუნალური ხარჯებიც შემცირდება.

თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ხმის იზოლაცია. ამ მიმართულებით მცირე ხარჯების გაღება თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სიტუაციებს, რომლებიც მეზობლების ხმაურს მოჰყვება.

ხმისა და თბოიზოლაციისთვის რეკომენდებულია მინერალური ბამბის გამოყენება, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტებზე რემონტის დაწყებამდე იფიქროთ, რათა შემდეგ ჭერის ჩამოშლა, თაბაშირმუყაოს თავიდან დამაგრება და ზედმეტი ხარჯების გაწევა არ მოგიწიოთ.

პროცესი საკმაოდ მარტივია: მზადდება თაბაშირმუყაოს პროფილები, რომლებშიც დამათბუნებელი მასალა თავსდება და შემდეგ ის თაბაშირმუყაოს ფილებით იფარება.

რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები ჭერის ზმის იზოლაციისა და დათბუნების დროს?

ერთ-ერთი ასეთი შეცდომაა მინერალური ბამბის ან ქვაბამბის გაჭიმვა და ჭერზე დამაგრება. სინამდვილეში, აუცილებელია, რომ დამათბუნებელი მასალა დაუპრესავ მდგომარეობაში იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თვისებებს დაკარგავს. მინერალური ბამბა ან სხვა დამათბუნებელი მასალა უბრალოდ თაბაშირმუყაოს პროფილებზე უნდა მოთავსდეს თავისუფლად, ყოველგვარი გაჭიმვის გარეშე.

გარდა ამისა, ძალიან სახიფათო შეცდომაა თაბაშირმუყაოს ჭერის შიგნით xps-ის ან eps-ის მოთავსება. ცეცხლგამძლე შრით დაფარვის გარეშე ამ მასალების გამოყენება დაუშვებელია, რადგან ისინი ადვილად აალებადია და, ამასთან, წვის დროს მომწამლავ ნივთიერებებს გამოყოფს. ამიტომ, თაბაშირმუყაოთი დაფარული ჭერის დათბუნებისას არასდროს გამოიყენოთ xps ან eps. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მინერალური ბამბის ან ქვაბამბის გამოყენება, რადგან ეს მასალები გაცილებით მაღალ ტემპერატურას უძლებს, არ აალდება და, შესაბამისად, არც რაიმე მავნე ნივთიერებას გამოყოფს.

ამრიგად, ჭერის დათბუნება საშუალებას მოგცემთ კომუნალური ხარჯები შეამციროთ, თავი დაიცვათ მეზობლების ხმაურისგან და ბინაში თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოთ.

სასაჩუქრე იდეები სიყვარულის დღისთვის – Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები

როგორ დავზოგოთ ფული სამზარეულოს მოწყობისას და ღირს თუ არა ეკონომია ამ მხრივ?