in

Apple Tree House — სახლი, რომელიც ოჯახს ბუნებასთან მყარი კავშირით უზრუნველყოფს

Alliance Group
Alliance Group

ქალაქში მცხოვრებ ოჯახს სურდა, ტყეში მდებარე ნაკვეთზე აეშენებინა თანამედროვე სახლი, რათა გაეუმჯობესებინა ბუნებასთან კავშირის ხარისხი, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად, და, ამავდროულად, შეექმნა თავშესაფარი, რომელიც ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობის და განმარტოების საშუალებას მისცემდა.

კონცეფციის შემუშავებისას არქიტექტორები, ბუნების ინტერიერთან ინტეგრირებით, მგრძნობიარე მიდგომის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ, ხოლო მფლობელმა ბაღის გარემოში გაზრდის შესახებ მკაფიო მოგონებები წამოჭრა წინ. ბავშვობაში ბუნებასთან პირველი შეხვედრისას ვაშლის ხე მისთვის სიმბოლური იყო, ამიტომ სახლის შიდა ეზოში დარგული ხე პროექტის ბირთვად იქცა. სახლის სახელწოდება — Apple Tree House სწორედ აქედან მომდინარეობს.

შენობაში ვაშლის ხის ინტეგრაციამ ოჯახს ბუნებასთან სასურველი კავშირით ტკბობის საშუალება მისცა. ბავშვებმა ისწავლეს, ხოლო მშობლებმა გაიხსენეს ბუნებაზე ზრუნვა. ამ ურთიერთობის შედეგად სახლის ირგვლივ არსებულმა გარემომ გაცილებით მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა, ვიდრე უბრალოდ ხედებით ტკბობაა. ვაშლის ხე იქცა ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ელემენტად, რომელიც ბუნების სინაზისა და სასიცოცხლო როლის გაცნობიერებას უწყობს ხელს.

არქიტექტურულმა კომპანიამ — ACDF-მა ინტერიერსა და სახლის ირგვლივ არსებულ ბუნებრივ სილამაზეს შორის ზღვრის მოსაშლელად, ყურადღება გამჭვირვალობაზე გაამახვილა. დიზაინი მინიმალისტურია. მინის ფასადი, სახლის ბუნებრივი სინათლით უზრუნველყოფასთან ერთად, ხაზს უსვამს ბუნებასთან ერთიანობის იდეას, რაშიც მას ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი მასალებიც ეხმარება.

სახლის რამდენიმე მოცულობისგან შედგება. პირველ მათგანში მოთავსებულია ავტოფარეხი და მომსახურების სივრცეები, ხოლო მეორე ბავშვების საძინებლებსა და სველი წერტილებს მოიცავს. მესამე განყოფილება კი მთავარ საძინებელს, კერძო დარბაზსა და აბაზანას აერთიანებს. თითოეული დანაყოფი გვთავაზობს მყუდრო, განმარტოებულ სივრცეს, მაგრამ ყოველი მათგანი ინარჩუნებს ვიზუალურ კავშირს როგორც გარემოსთან, ასევე სახლში არსებულ სხვა სივრცეებთან.

სახლის ცენტრალურ ნაწილში არსებული ღიობების გასწვრივ, უკანა მხარეს განთავსებული დაფარული ვერანდიდან ტყის ხედები იშლება. ვერანდის შიდა მხარეს, ძირითადი სტრუქტურის ცენტრში, პატარა, ქარისგან დაცულ შიდა ეზოში დარგულია საოჯახო ხე, რომელიც ბუნებრივ გარემოში ყვავის. დაფარული ვერანდა, შეშის ღუმელითა და კომფორტული დასაჯდომებით, თავშეყრისთვის განკუთვნილ სივრცეს წარმოადგენს. ღია ორ მხარეს ის აღჭურვილია შირმებით, რომელთა დაშვების შემთხვევაში დახურული ვერანდა სახლის შიდა სივრცეებთან ერთიანობის განცდას ქმნის.

არქიტექტორებმა სახლი დააპროექტეს ძალიან ფრთხილად, რათა შენობა ყველა სეზონზე მზის სხივებით მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ზამთარში მზის სხივების კარგი შეღწევადობა ასევე ხელს უწყობს ბეტონის იატაკის გათბობას და სითბოს დაკარგვის თავიდან აცილებას.

პროექტის მთავარ ორიენტირს წარმოადგენს გარე სამყაროს მშვენიერება, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში იცვლება და სახლში მინის კედლების გამჭვირვალობის წყალობით აღწევს.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

2023 წლის იღბლიანი ფერები ინტერიერში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის

რა უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელი სივრცის გეგმარებისას? – სტუდია SAMI_ის რჩევები