in

არქიტექტურის მომავალი – დიზაინის 10 პრინციპი მდგრადი სამყაროსთვის

Alliance Group
Alliance Group

კლიმატთან დაკავშირებული კრიზისის ეპოქაში აუცილებელია, რომ ჩვენი რესურსები და ცოდნა გარემოში ტრანსფორმაციული ცვლილებების შესაქმნელად გამოვიყენოთ. დღეს კლიმატის ცვლილებების, სოციალური უთანასწორობის, მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი თემების განხილვა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არქიტექტორები და დიზაინერები, მსოფლიოს მასშტაბით დადასტურებული წყაროებიდან, სტრატეგიებიდან და ტრადიციებიდან მიღებული ათი გლობალურად მოქმედი პრინციპის გათვალისწინებით, უკვე შეუდგნენ ახალი ეპოქის შექმნას, რომელიც შეამცირებს ნახშირბადის გამოყოფას, გააძლიერებს ბიომრავალფეროვნებას და ხელს შეუწყობს ეფექტურ ტრანსპორტირებას.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის ზრდამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა ქალაქებსა და საზოგადოებებში. მოსახლეობის რაოდენობის სწრაფმა ზრდამ შეზღუდა ხელმისაწვდომობა ისეთ აუცილებელ პირობებზე, როგორიცაა სუფთა წყალი, სანიტარული საშუალებები, ადეკვატური საცხოვრებელი და ასე შემდეგ. ამ მძიმე გარემოებების საპასუხოდ, არქიტექტორებმა და ქალაქმგეგმარებლებმა გააცნობიერეს ცვლილებების გადაუდებელი აუცილებლობა. მათ არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების მიდგომები ეჭვქვეშ დააყენეს და შეიმუშავეს ახალი ტენდენციები.

ამავე პერიოდში International Congress of Modern Architecture (CIAM)-ის შეხვედრაზე შვეიცარიაში შემუშავდა გეგმა და გამოიყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი.

1.ფუნქციურობაზე დაფუძნებული სივრცეები;

2.მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბლოკები;

3.ფართო პარკები;

4.მზის შუქი ურბანული განლაგებისთვის;

5.თავისუფალი და ეფექტური საგზაო მიმოქცევა;

6.სვეტებით გამოყოფილი ზონები;

7.ფასადის თავისუფალი დიზაინი;

8.ჰორიზონტალური ფანჯრები;

9.პროექტის თავისუფალი დიზაინი;

10.ბაღები სახურავზე;

ეს ათი პრინციპი დღემდე ახდენს გავლენას ურბანისტებსა და არქიტექტორებზე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე არქიტექტორებს გარემოს სრულად გარდასაქმნელად ოცდაათ წელზე მეტი დასჭირდათ. პროცესი 1925 წელს გერმანიაში შექმნილი ბაუჰაუსიდან დაიწყო, რომელიც გახდა თანამედროვე ეპოქის დასაწყისი დიზაინსა და არქიტექტურაში.

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 56%, ანუ 4,4 მილიარდი ადამიანი, ცხოვრობს ქალაქებში. მსოფლიო ბანკის თანახმად, „ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება და ურბანული მოსახლეობა 2050 წლისთვის გაორმაგდება“. ამ სწრაფ ურბანიზაციას თან ახლავს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევებიც, რადგან ურბანული რაიონები პასუხისმგებელნი არიან CO2-ის გლობალური გამოყოფის დაახლოებით 75%-ზე, სადაც შენობები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მთავარ წყაროს.

ასევე, ჩვენ ახლა ვუახლოვდებით გლობალური დათბობის კრიტიკულ 1,5 გრადუს ცელსიუსს ზღურბლს, რომელიც დაწესდა სამეცნიერო საზოგადოების მიერ კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად. ეს სტატისტიკა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებებს არქიტექტურისა და დაგეგმვის კონცეფციებისა და დიზაინის ახალი პრინციპების დანერგვით.

თანამედროვე არქიტექტურის ათი მთავარი პრინციპი

დღეს მსოფლიოში წარმოდგენილი ათი პრინციპი ჩასწორდა, კიდევ უფრო მკაფიო და ლაკონური გახდა და საბოლოო სახით გლობალურად გამოიყენება და ადაპტირებადია კონკრეტული კლიმატის, რეგიონების, ადგილობრივი პირობებისა და თემებისთვის.

დაგეგმარების პროცესი

1.გაზრდილი საზღვრები, კომპაქტური და გამძლე განვითარება

ამ პრინციპით ჩამოყალიბებული ურბანული სივრცეები მოიცავს გეგმას ექსტრემალური ამინდის ზემოქმედების, ნახშირორჟანგის გავრცელებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესებისთვის, ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობის შესამცირებლად და კლიმატის მდგრადობის გასაძლიერებლად.

2.ბუნებრივი გარემო, ღია სივრცეები და პარკები

მოიცავს ბიომრავალფეროვნების, საზოგადოების კეთილდღეობისა და ტრადიციული ცოდნის ხელშეწყობის პროცესს პარკების, ლანდშაფტური ქსელების, ტყეების, საცხოვრებელი სანაპიროების და აგრარული ლანდშაფტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ადგილების დაცვით.

3.ტრანსპორტირებაზე ორიენტირებული განვითარება

იძლევა ველოსიპედით და მსგავსი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას, რათა შემცირდეს გამონაბოლქვი და გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ეკოლოგიურად ხელსაყრელ მოწყობილობებზე.

4.შერეული დანიშნულების უბნები

გულისხმობს ისეთი უბნების შექმნას, რომლებიც გააერთიანებს საცხოვრებელ ადგილებს, ბიზნესს, ოფისებსა და სამოქალაქო სერვისებს, რათა მოსახერხებელი იყოს წვდომა, შემცირდეს ავტომობილების მოძრაობა და საცობები.

5.საფეხმავლო ქუჩები

მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი მიენიჭოს ფეხითა და ველოსიპედით მგზავრობას, რაც თავისთავად მოითხოვს უსაფრთხო და კომფორტული ქუჩების უზრუნველყოფას.

არქიტექტურა და დიზაინი

1.ელექტრიფიკაცია, პასიური სისტემები და განახლებადი ენერგია

ითვალისწინებს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემებს, განათებას, ბუნებრივ ვენტელაციას და სხვა ეფექტურ სტრატეგიებს.

2.შენობების ხელახალი გამოყენება, განახლება და აღდგენა

გულისხმობს, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს არსებული შენობების ხელახლა გამოყენებას, ადაპტაციას, განახლებას და აღდგენას ახლის აშენების ნაცვლად, რითაც შემცირდება ნახშირბადის გამოყოფა და შენარჩუნდება ძვირფასი რესურსები.

3.ნახშირბადის შემცირებაზე ორიენტირებული სივრცეები

ურბანული ტყეები, ცოცხალი სანაპიროები, სანაპირო ბუფერები და მწვანე სახურავები – პირდაპირ ეხმიანება და ამსუბუქებს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

4.ბუნებრივ მასალაზე ორიენტირებული შენობები

საჭიროა ნახშირბადის მასალის ნულამდე დასაყვანად და ითვალისწინებს რეციკლირებული და ადვილად მოსაპოვებელი მასალის გამოყენებას. შედეგად, მცირდება ენერგიისა და რესურსების მოხმარება.

5.კლიმატის რუკა

კლიმატთან დაკავშირებული ახლანდელი და მომავალი საფრთხეების რუკა გამოიყენება პოტენციური ზემოქმედების დასადგენად. რუკებზე დატანილი ინფორმაცია საჭიროა ზემოქმედების შესამცირებლად სტრუქტურების, შენობებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმვის პროცესში.

მსგავსი მიდგომები საშუალებას აძლევს არქიტექტორებსა და დიზაინერებს, რომ შექმნან არა მხოლოდ ეკოლოგიისთვის სასიკეთო პროექტები, არამედ დააჩქარონ განვითარების პროცესი, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და შეიმუშაონ კომპლექსური დიზაინები. შედეგად, ნახშირბადის გარემოზე ზემოქმედების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც დაგვეხმარება უსაფრთხო და ჯანსაღი ეკოლოგიის მიღებაში.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ჟან პრუვე – თავისუფალი აზროვნების პიონერი დიზაინში

ისტორიული სახლის ახლებური იერსახე მთაწმინდაზე — თამა კალანდიას ნამუშევარი