in

ისტორიული სახლის ახლებური იერსახე მთაწმინდაზე — თამა კალანდიას ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში თამა კალანდიას მორიგ ნამუშევარს გაგაცნობთ. ობიექტი მთაწმინდაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 155მ2-ს შეადგენს. ეს არის გამორჩეული ისტორიული დატვირთვის მქონე ადგილი, რადგან ამ სახლში 1885-1888 წლებში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე, პირველ სართულზე კი „ივერიის“ რედაქცია იყო განთავსებული. შესაბამისად, სივრცის სიძველიდან გამომდინარე, პროექტის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

რადგან საცხოვრებელი ფართი ორი ბინისგან შედგება, დამკვეთს სურდა, მისაღები ნაწილი თავდაპირველი მდგომარეობით შენარჩუნებულიყო, დამატებული სივრცე კი – საძინებელი, სამუშაო კაბინეტი და აბაზანა – მისაღები ზონის ორგანული ნაწილი გამხდარიყო. შესაბამისად, მისაღებ ნაწილში მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა, გამოიცვალა ძველი ხის  კარ-ფანჯარა და ჩანაცვლდა იმავე  ხის მასალის განახლებული მოდელებით. ბუხარმაც პირვანდელი იერსახე შეინარჩუნა. ბინის დამატებულ სივრცეში  კი გარკვეული ცვლილებები განხორციელდა — მოიხსნა ორი ოთახის გამყოფი კედელი და აბაზანა ხელახლა დაპროექტდა.

გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, ბინაში განთავსდა სამი საძინებელი ოთახი, ორი აბაზანა, მისაღები, სამზარეულო, დიდი ვერანდა და ისტორიული აივანი, რომელსაც ულამაზესი ძველი დაგრეხილი სვეტები ამშვენებს და მის პირვანდელ იერსახეს უსვამს ხაზს.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახლის ისტორიული დანიშნულებისა, ბინაში არ იყო შემორჩენილი ძველებური ჭერი, კედლები თუ იატაკი, ამიტომ სივრცეში მთავარი აქცენტი ავეჯზე, ჭაღებზე, ტექსტილსა და აქსესუარებზე გაკეთდა. პროექტში ძირითადად გამოყენებულია კრემისფერი, ღია ხაკისფერი ტონალობები, ზოლებიანი ტექსტილი, ფერადი აქცენტები, ბუნებრივი გამწვანება  და რაც მთავარია, ქართველი მხატვრების — ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, მერაბ აბრამიშვილის, დავით კაკაბაძის, ირაკლი ფარჯიანისა და პეტრე ოცხელის ნამუშევრები.

მისაღები ოთახის ღია კრემისფერ კედლებს ჰარმონიულად ეხამება ღია ხისფერი პარკეტი, რომელიც ფერადი ხალიჩებით არის მორთული და სახლს სიმყუდროვეს სძენს. მოსასვენებელ კუთხეში თეთრი კომფორტული ტახტი და პატარა მრგვალი მაგიდა დგას, რომელიც ხის ელემენტებით არის გაფორმებული.

სიფერადე შემოაქვს ვარდისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ “Bonaldo”-ს ბრენდის სასადილო მაგიდასა და ტყავის ნარინჯისფერ სკამებს, რომლებიც ოთახს სიხალისესა და მიმზიდველობას მატებს. ძველი ბუხარი წიგნებისა და აქსესუარების  სათავსოდ არის გამოყენებული. საინტერესო აქცენტები კეთდება ოქროსფერი კარნიზებით, რომლებიც თამა კალანდიას დიზაინით შექმნილ სადა, ღია ფერის ფარდებს ორგანულად ერწყმის.

გამორჩეული დიზაინ ელემენტია მწვანე ხელნაკეთი ჭაღიც, რომელიც უხვად გამოყენებულ ბუნებრივ გამწვანებას იდეალურად ეხამება. ოთახს ინდივიდუალური ხასიათი ნახატებითა და აქსესუარებით ეძლევა, რომლებითაც მთლიანი სივრცეა გაფორმებული.

სამზარეულო საკმაოდ სახასიათოა. ღია ხაკისფერ ავეჯს ბუნებრივად ეხამება მიმზიდველი დიზაინის შპალერი და სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება. აქაც დიდ მნიშვნელობას იძენს ხის ავეჯი და ოქროსფერი დეტალები, რომლებიც ინტერიერის მთლიანობას უსვამს ხაზს.

საძინებელი ფერადი და მყუდროა. მთავარი აქცენტი ზოლებიან, წითელ და ვარდისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ საწოლზე კეთდება, რაც ოთახს ახალისებს და მის ინდივიდუალურ ხასიათს გამოკვეთს. ელეგანტური შტრიხი შეაქვს ოქროსფერ სარკესაც, რომელიც კლასიკური სტილის დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს. საძინებელშია დაპროექტებული საგარდერობე ზონაც დამახასიათებელი დიზაინით, რომელიც ინტერიერს ავსებს და მას მეტად საინტერესოს ხდის.

ნახევრად ღია გეგმარებისაა სამუშაო კაბინეტი, რომელიც საძინებლის გაგრძელებას წარმოადგენს.  ოთახს ძველებური სტილის დიდი სამუშაო მაგიდა, ღია ხაკისფერი კარადა და ტყავის ნარინჯისფერი სკამი ამშვენებს, რომელიც ამავე ფერის ფარდას ეხამება. სივრცეს დახვეწილობას სძენს თამა კალანდიას დიზაინით შექმნილი ფარდები, რომლებიც მნიშვნელოვანი დიზაინ ელემენტია. ოთახში ერთდროულად იგრძნობა თანამედროვე და ძველებური ესთეტიკა, რაც ამ ზონას გამორჩეულ ადგილად აქცევს.

სახლში ერთ-ერთი განსაკუთრებული ოთახი  ეგზოტიკური სტილის სააბაზანოა, რომელიც შავ-თეთრი ფილებითა და  ღია ხაკისფერი საღებავით არის მოპირკეთებული. მთავარ ხიბლს დიდი ვიტრაჟები ქმნის, რომლებიც თამა კალანდიას დიზაინით შექმნილი ტილოს ფარდებით არის გალამაზებული.  ხაკისფერ კედლებს ჰარმონიულად ეხამება ბუნებრივი მცენარეებიც, რაც ეგზოტიკურ შეგრძნებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

თამა კალანდიას ნამუშევარი გამორჩეულია იმით, რომ მასში საინტერესოდ ხდება ისტორიული სივრცისა და თანამედროვე დიზაინის ერთმანეთთან შერწყმა. თითოეული ზონა სახასიათო სტილითა და სასიამოვნო განწყობით ხასიათდება. პროექტის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფერებზე, მასალებსა და აქსესუარებზე, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს მყუდრო, თბილ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს მეპატრონეებისთვის.

პროექტის ავტორი: თამა კალანდია 

გამოყენებული მასალები:

კედლის მოპირკეთება: „ნიუ დიზაინი“

განათება: „Element“; „MOTIF“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

არქიტექტურის მომავალი – დიზაინის 10 პრინციპი მდგრადი სამყაროსთვის

როგორ ავირიდოთ ზედმეტი სარემონტო ხარჯები? — რჩევები T-Studio-გან