in

მინიმალისტური ბინა ფერადი ელემენტებით ფოთის ქუჩაზე — ნინიკო შენგელიას ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში ნინიკო შენგელიას სახლს გაგაცნობთ, რომელიც დიდუბეში, ფოთის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 105 მ2-ია. ნინიკო სარეკლამო კომპანიაში გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არ აქვს, ძალიან უყვარს მიმზიდველი, ლამაზად გაფორმებული ინტერიერების თვალიერება და ქალაქში სეირნობისას ხშირად ინტერესდება  შემხვედრი ნაგებობების არქიტექტურითა თუ შიდა სივრცით.

ბინა ოჯახს წლებია ეკუთვნის, თუმცა ნინიკომ მხოლოდ პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა მისი გარემონტება და განახლება. შავი კარკასის მდგომარეობაში მყოფი სახლი არაპრაქტიკული გეგმარების იყო, ამიტომ პროექტმა სერიოზული ცვლილებები განიცადა, რომლის წარმატებით შესრულებაში ნინიკოს მამა და ბიძა ეხმარებოდნენ.

„თავდაპირველად ბევრს ვკამათობდით თითოეული ოთახის დაგეგმვაზე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც საუკეთესო შედეგი მივიღეთ. მთავარ ტიხართან და კედლებთან დაკავშირებულ საკითხებში ბიძა მეხმარებოდა, რომლის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მამა კი ტექნიკურ სამუშაოებში იყო ჩემი მარჯვენა ხელი. ცხადია, რემონტს პატარ-პატარა გაუთვალისწინებელი მომენტები ახლდა თან, თუმცა მაინც სასიამოვნოდ მახსენდება ეს პერიოდი, რადგან აბსოლუტურად ყველაფერში ვიყავი ჩართული და თითოეულ დეტალს ჩემი გემოვნებით ვაკეთებდი“, — აღნიშნავს ნინიკო.

ბინის მეპატრონეს ინტერიერის კონცეფცია თავიდანვე კარგად ჰქონდა გააზრებული. სურდა კედლები სადა, თეთრი ფერის ყოფილიყო, რათა ნებისმიერ დროს სივრცის მარტივად განახლება და განსხვავებული ფერების დამატება შესძლებოდა. ამასთანავე, უნდოდა ნეიტრალურ ფერთა გამაში კონტრასტული ელემენტების შემოტანა და ავეჯისა და აქსესუარების სახით სახლის გაფერადება.

შემოსასვლელ ნაწილში შესვლისთანავე  ნინიკოს ერთ-ერთი საყვარელი  ამერიკელი მხატვრის — მარკ როტკოს ტილოზე დაბეჭდილი ნამუშევარი გვხვდება, რომელიც ბინაში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

არნე იაკობსონის წითელი სავარძლის — „Egg Chair“-ის ასლი კი, რომელიც მაცხოვრებელმა შემთხვევით ერთ-ერთ მაღაზიაში აღმოაჩინა, გამორჩეულ ესთეტიკას ქმნის და საოცრად უხდება მინიმალისტურ სივრცეს. ამასთანავე, ყურადღებას იქცევს შუშის კონსოლისა და სანათის დიზაინი, რომლებიც ნინიკოს ბავშვობის სახლს აგონებს.

მისაღები ოთახის დომინანტური თეთრი ტონი ნარინჯისფერი სავარძლებითა და მწვანე ტახტით არის გაფერადებული, ბუნებრივი გამწვანება კი საოცარ ეფექტს ქმნის და ბინას სიცოცხლით ავსებს. მიმზიდველი ელემენტია ოთახში მდგარი ფორტეპიანოც, რომელიც სივრცეს უფრო მყუდროსა და ინტიმურს ხდის. ნახატებს, მუსიკალურ ინსტრუმენტსა და გემოვნებიან, სწორად შერჩეულ აქსესუარებსა თუ ნივთებს ამაღლებული განწყობა შემოაქვს და მაცხოვრებლის ინდივიდუალურ ხასიათს, ინტერესებსა და მისწრაფებებს გამოხატავს.

თანამედროვე მინიმალისტური სტილი ნარჩუნდება სამზარეულოშიც, სადაც შავი, ოქროსფერი და წითელი აქცენტები გვხვდება კონტრასტების სახით. წამყვანი თეთრი ტონალობა ბუნებრივად ერწყმის სამზარეულოს ავეჯსა და ტექნიკას და ელეგანტურ სტილს ქმნის.

საძინებელში მშვიდი და მყუდრო გარემო იქმნება, ოთახის მთავარი ხასიათი და სასიამოვნო განწყობა კი წითელი ფერის საწოლის შემოტანით მიიღწევა.

სააბაზანო ასევე ნეიტრალური და სადაა. თეთრი ფერთა პალიტრა ამ ზონაშიც წამყვან ადგილს იკავებს. ეს კუთხე საინტერესო იმ მხრივაა, რომ მაცხოვრებლის ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს, რადგან აბაზანის იატაკი ნინიკოს ბებია-ბაბუის სახლის ულამაზესი სადარბაზოს იატაკს წააგავს.

ნინიკო შენგელიას სახლში საინტერესოდ ვლინდება მაცხოვრებლის ინდივიდუალური ხასიათი, გემოვნება და მისი ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ დამოკიდებულება. სივრცეში მინიმალისტური დიზაინი გვხვდება, რომელიც ფერადი დეტალებით — აქცენტირებული წითლის, შავისა და ოქროსფრის შემოტანით არის გამდიდრებული.

„ნებისმიერი ნივთის შეძენისას მაქსიმალურად ვცდილობდი მინიმალიზმის საზღვრებს არ გავცდენოდი და სახლი არაპრაქტიკული დეტალებით არ გადამეტვირთა. ასე, რომ, საბოლოოდ, მაინც ისე მოხდა, რომ სახლი გამოვიდა თანამედროვე, მინიმალისტური  და თან სასიამოვნო მოგონებებითა და ელემენტებით ხორცშესხმული. როგორც ჩემი სტუმრები და მეგობრები აღნიშნავენ, აქ ძალიან პოზიტიურ აურა იგრძნობა, რაც ყველაზე მეტად მახარებს“, — ნინიკო შენგელია.

გამოყენებული მასალები: 

იატაკის საფარი: „იდეალი“

აბაზანის ფილები: „ესპანური სახლი“; „კაფელის სახლი“

შემრევები: „Grohe“

განათება: „IKEA“, „ახალი ნათება“, „Brand R“

ავეჯი: „Laboratory my home“; „Beluxe“, „Comforter“; „Mobler Home“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Paimio-ს სავარძელი – ალვარო აალტოს მიერ შექმნილი კლასიკა

რა უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს შეკვეთისას — 5 მთავარი ფაქტორი