in ,

ბინა ვორონცოვზე – 37 კვ/მ სივრცის გასაოცარი გარდასახვა

Banner M2
Banner M2

მზიკო კალანდაძე დეკორატორი და ფლორისტია. მან რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ბინის რენოვაცია განახორციელა, რის შედეგადაც სივრცის გეგმარება სრულად შეიცვალა და დამატებითი ფართიც კი გამოჩნდა. დღეს მზიკო სწორედ ამ გამოცდილებაზე გვიამბობს:

სახლი თბილისურ ეზოში მდებარეობს. ეს დეტალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზოგადად, ის ავთენტურობა, რაც თბილისურ ეზოებს გააჩნია – თსვისი თოკზე გაფენილი  სარეცხით, მზეზე მიფიცხებული ფისოებით, აივნებით, ბავშვების ველოსიპედებითა და ხანდახან სრულიად წარმოუდგენელი სიმღერებით – სწორედაც არის ჩემთვის თბილისი.

როდესაც ეს სახლი შევიძინე, მისი ფართობი 37 კვადრატული მეტრი იყო, თუმცა ვიცოდი, რომ მას სხვენი ჰქონდა. მე იქ საძინებელი მოვაწყვე, ქვედა სივრცეში კი მზიდი კედლის გარდა ყველაფერი შევცვალე და ახლა, სხვენის ხარჯზე, ბინის ფართი 60 კვადრატულამდეა.

რატომ კონკრეტულად ეს სახლი? ჩემთვის მთავარი იყო, მეგრძნო, რომ სახლს ჰქონდა მშვიდი აურა. მიუხედავად იმისა რომ ყველა წარმოუდგენლად მიიჩნევდა, რომ იმ ერთი პატარა ოთახიდან რამე გამოვიდოდა, მე ძალიან ნათლად ვხედავდი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი საცხოვრებელი. ჩემთვის სახლები მეპატრონეებს ჰგვანან, ჩემი სახლიც ალბათ ესეთია… ხოლო ის რაც თავისი ჰქონდა და აქვს, არის სიმყუდროვე და სიმშვიდე (და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ სახლის ორივე მხარეს მეზობლები ცხოვრობენ). მიმაჩნია, რომ იმ გადატვირთულ და ქაოტურ რეჟიმში, რაც ქალაქის მაცხოვრებლებს გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლში იყო „სახლში“.

ზოგადად, სახლი ჩემთვის არის დეტალები… არც მარმარილოა მთავარი და არც რაიმე კოსმიური ღირებულების პროექტი მაძლევს ემოციას თუ დეტალები არაა გათვალისწინებული, ვინაიდან სწორედ ისინი ქმნიან ამბავს. ჩემთვის მთელი ოთახი შეილება სარკეში არეკლილი მცენარის ფოთოლი, ხალჩა ან სულაც სავარძელი იყოს. მთავარია ამბავი და არა ღირებულება.

რაც შეეხება რემონტს, გულახდილად გეტყვით, რომ ეს პროცესი სიამოვნება ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, რემონტი ერთგვარი მარათონია, რომელიც უნდა  გაიარო ან გაირბინო ყველაფრის ფასად, ოღონდ მიხვიდე “ფინიშამდე”. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ხშირად ჩვენი წარმოდგენა და არსებული რეალობა აცდენილია ერთმანეთს. მაგალითად, ზოგჯერ ასჯერ გიწევს ხელოსნებისთვის იმის ახსნა, თუ რა როგორ გინდა გაკეთდეს. მოკლედ, ადვილი არ არის. ჩემ შემთხვევაში მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ პატარა ფართში მუშაობას არც ისე ბევრი ხელოსანი თანხმდება. თუმცა, ბუნებრივია, არიან ადამიანები, რომლებსაც ისევე სჯერათ, რომ გამოვა კონკრეტული ჩანაფიქრი, როგორც შენ და მერე მართლაც ყველაფერი შესაძლებელი ხდება.

თუმცა, პატარ-პატარა შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. პირადად მე, მგონია, რომ ვერ გავითვალისწინე ჩამრთველების სწორი რაოდენობა ელექტროობის დაგეგმარების დროს. ზედა სართულზე ზედაპირული ვინტაჟური გაყვანილობები მაქვს, ქვემოთ კი ჩვეულებრივი და მიუხედავად იმისა, რომ ჩამრთველები ცოტა არაა, მაინც ვთვლი, რომ უფრო ზუსტად უნდა დამეთვალა საჭირო რაოდენობა. ამას გარდა, ახლა რომ შემეძლოს შეცვლა, ალბათ ფანჯრებს კიდევ უფრო დიდს გავაკეთებდი. მზის შუქი არის ის, რაც ჩემი აზრით, ინტერიერს ყველაზე მეტად უხდება. თანაც ჩემს სახლში უამრავი მცენარეა და მგონია, რომ კიდე უფრო დიდი ფანჯრები უფრო ეფექტური იქნებოდა.

სამზარეულოს დაპროექტებისას დაშვებული 8 ძირითადი შეცდომა

სახლი ქვემო წყნეთში – Spectrum-ის პროექტი