in

Brandpitt – გრაფიკული დიზაინისა და სუბლიმაციური ბეჭდვის კომპანია

ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები თავიანთი საქმიანობის წამოწყებას სწორედ მაშინ ახერხებენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები არ აკმაყოფილებთ. ლილი წულაძისა და მარინა (ტუტუ) ბალავაძის შემთხვევაშიც ასე მოხდა.. ისინი ორივე გრაფიკული დიზაინერები არიან და პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად უწევდათ პრინტ კომპანიებთან მუშაობა, თუმცა კი, ხარისხის კუთხით ყოველთვის რაღაც უფრო მეტი სურდათ.. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, შეექმნათ Brandpitt – გრაფიკული დიზაინისა და სუბლიმაციური ბეჭდვის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს პრინტის უსაზღვრო შესაძლებლობებს შესთავაზებდა.

იდეის განხორციელებაზე ზრუნვა პარტნიორებმა 2019 წლის დეკემბერში დაიწყეს. მათ ამ დროისთვის უკვე შეძენილი ჰქონდათ აპარატურა, როცა უეცრად თავს პანდემია დაატყდათ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ამბავს მათთვის ხელი დიდად არ შეუშლია, რადგან, ფაქტია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ისინი წარმატებით ოპერირებენ ქართულ ბაზარზე და სამიზნე აუდიტორიასა თუ უბრალოდ ინდივიდუალურ დამკვეთებს კარგი ხარისხის პრინტს სთავაზობენ. სულ მალე, 28 ნოემბერს კი ბრენდპიტი საზოგადოების წინაშე ფართოდ წარდგება – ის სტამბაში გამოფენა-გაყიდვას გეგმავს.

Brandpitt-ის წარმომავლობაზე, მის ამჟამინდელ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და ხვალინდელ გამოფენაზე, გადავწყვიტეთ კომპანიის დამფუძნებლებს ლილი წულაძესა და მარინა (ტუტუ) ბალავაძეს გავსაუბრებოდით.

– საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ Brandpitt?

ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ხშირად ვყოფილვართ როგორც შემსრულებლის, ისე დამკვეთის პოზიციაზეც და ხშირადვე მომხდარა ისე, რომ სერვისით კმაყოფილები ვერ დავრჩენილვართ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, სერვისის მიმწოდებლის მხარეს დავმდგარიყავით. და ალბათ იმიტომ, რომ ორივე მხარეს ვართ ნამყოფები, ვიცით დიზაინერებისა და ზოგადად, კლიენტების მოთხოვნები.

– კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობს Brandpitt მომხმარებლებს?

პირველ რიგში, ბრენდპიტი მომხმარებლებს მათზე მორგებულ დიზაინებს სთავაზობს. თუ მათ სურთ რომელიმე კონკრეტული ნახატი/ფოტო ბალიშზე, შირმასა თუ ფარდაზე, ამას ისინი მაღაზიაში, რასაკვირველია, ვერ შეიძენენ. ბრენდპიტი სწორედ ამ პრობლემას ჭრის – ის პრინტავს ტექსტილზე (ჩანთა, შარფი, მაისური, წინდა, გადასაფარებელი, ბალიშის პირი, ავეჯის გადასაკრავი და ბევრი სხვა) და მყარ ზედაპირზე (ჭიქა, ჭიქის სადგამი, თერმოსი, ფაზლი, მეტლახის ფილა, მაგნიტი, ბრელოკი, კედლის საათი, მეტალის აბრა და ა.შ.)

– ვინ არიან Brandpitt-ის მომხმარებლები?

ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ინტერიერის დიზაინერები, ისე მხატვრები და ფოტოგრაფები, რომელთაც თავიანთი ნამუშევრების ტექსტილზე გადატანა სურთ. ორწლიანი არსებობის განმავლობაში ჩვენ ასევე გვითანამშრომლია სხვადასხვა კომპანიასა თუ ივენთ მენეჯერებთან, როგორებიც არიან: Adjara Group, USA2Georgia, Tricolor Studio, Barnavelli და ა.შ აქვე დავამატებთ, რომ ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ შეკვეთებზეც.

– რა ტექნოლოგიას იყენებს Brandpitt დასაპრინტად?

ჩვენი სურვილია, დამკვეთს ჰქონდეს პლათფორმა, რომლის ფარგლებშიც ის კარგ და ხარისხიან პრინტს მიიღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ იაპონურ ქაღალდსა და იაპონურ საღებავებს, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და არატოქსიკური. ჩვენი იაპონური ტექნოლოგია მკვეთრად განსხვავდება ბაზარზე არსებული ჩინური ტექნოლოგიისგან. ბრენდპიტის პრინტი კარგად უძლებს რეცხვას და, რაც მთავარია, მისი ფერები ძალიან ფერადი და კაშკაშაა.

– როგორც ვიცით, 28 ნოემბერს სტამბაში იხსნება Brandpitt-ის გამოფენა-გაყიდვა. გვიამბეთ მის შესახებ..

პირველ რიგში, ჩვენი გამოფენა არის ერთდღიანი და კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, გახსნის ოფიციალური დრო არ ექნება.. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი ბალიშები და მუთაქები ინსტალაციის სახით – ჩვენ გამოვფენთ 100-ზე მეტ ბალიშს და ისინი ჭერში დაიკიდება. ასევე, იქვე პროექტორზე გავა ჩვენს შესახებ პრეზენტაცია – თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და ვთავაზობთ მომხმარებლებს. ჩვენს პრეზენტაციაზე ასევე შეძლებთ, “Gnome Beeswax“– ის ხელნაკეთი, ნატურალური ფუტკრის ცვილის სანთლების შეძენას.

– და ბოლოს, როგორია Brandpitt-ის სამომავლო გეგმები?

ჩვენი სურვილი, რასაკვირველია, გაფართოებაა.. გვინდა, რომ უფრო ინდუსტრიული გავხადოთ წარმოება და გაიზარდოს ჩვენი ბეჭდვის ფორმატი. ამასობაში, გვგონია, რომ ჩვენი მომხმარებელიც გაიზრდება – არსებობენ ადამიანები, რომლებიც აქამდეც პრინტავდნენ და არიან ისეთებიც, ვინც ჩვენთან ერთად აღმოაჩინეს ეს შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, მაინც, რასაკვირველია, გვსურს, რომ იმდენად გაფართოვდეს ბრენდპიტი, რომ მომავალში საქართველოს ფარგლებსაც გაცდეს.

ამბები ქალაქიდან, სადაც მუდამ ბინას იცვლიან – ბროკერი ერნესტ გასპარიანი ნიუ-იორკიდან

ჟაკ ადნე – დიზაინერი არტ დეკოსა და მოდერნიზმს შორის