in

როგორია გარდერობის ოპტიმალური ზომები? – რჩევები პროფესიონალისგან

გარდერობი საცხოვრებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის საშუალებით კომპაქტური და მოსახერხებელი სათავსოს შექმნაა შესაძლებელი. ორგანიზებული გარდერობი გვეხმარება მარტივად ვიპოვოთ ყველა საჭირო ნივთი, შესაფერისი ადგილი მივუჩინოთ მათ და გადატვირთული რეჟიმის შემთხვევაში, სწრაფად და იოლად მივაგნოთ სასურველ ტანისამოსსა თუ აქსესუარს. ამას გარდა, ფუნქციურად სწორად გადანაწილებული და მოწესრიგებული გარდერობი ჩვენს ნერვულ სისტემაზეც დადებითად აისახება, რადგან ორგანიზებული და სუფთა სივრცე პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის გონებაზე და სიმშვიდის მომგვრელ ატმოსფეროს ქმნის.

ხშირად რთულია შესაფერისი მზა ავეჯის შერჩევა, რომელიც ზუსტად ესადაგება ჩვენს მოთხოვნებსა და ოთახის ზომებს. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება შეკვეთით დამზადებული გარდერობია. თუმცა, მისი დაპროექტებისა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ შემთხვევაში არაერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, რათა სათავსოების სისტემა გამოვიდეს როგორც ფუნქციური, ასევე ერგონომიული და მფლობელის საჭიროებებზე სრულად მორგებული. დღეს სწორედ ამ თემაზე გიამბობთ.

პირვე რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით მზა გარდერობისა, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ავეჯს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

ერგება სივრცეს – შეკვეთით დამზადებული გარდერობი შეგიძლიათ ისე დააპროექტოთ, რომ ის თქვენთვის სასურველ სივრცეს მოარგოთ და მაქსიმალურად აითვისოთ ფართობი. განსაკუთრებით მცირე ადგილის შემთხვევაში, რთულია შესაფერისი ზომის პროდუქტის შერჩევა, რომელიც ზუსტად ესადაგება არსებულ მასშტაბებს, ამიტომ შეკვეთით დამზადება და თქვენი სურვილისამებრ დაპროექტება ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

შესაძლებელია სწორი ფუნქციური გადანაწილება – თქვენი დიზაინით დამზადებული გარდერობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავად გადაანაწილოთ სათავსოები და კონკრეტულ ფუნქციურ ზონას მეტი სივრცე დაუთმოთ. მაგალითად, უპირატესობა მიანიჭოთ შარვლებისთვის განკუთვნილ ადგილს ან კაბების შესანახ დანაყოფს და მათთვის შედარებით დიდი ნაწილი გამოყოთ ან შესაძლოა, თქვენ ეს კონკრეტული ზონები სრულებით არ გჭირდებათ და მათ ნაცვლად ფეხსაცმლის სათავსო დაამონტაჟოთ. შესაბამისად, ამ დროს თქვენ ადგენთ “თამაშის წესებს”.

ეხამება ინტერიერს – როდესაც შეკვეთით ამზადებთ გარდერობს, დიზაინს, მასალასა და ფერს თავად ირჩევთ. შესაბამისად, გარდერობის სტილი ერგება ინტერიერს, ესადაგება მომხმარებლის გემოვნებას, სურვილებს და მიიღება ბევრად უფრო ხარისხიანი, მდგრადი და გარეგნულად მიმზიდველი პროდუქტი.

რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ გარდერობის დაპროექტებისას?

გარდერობის ტიპი – არსებობს ორი ტიპის გარდერობი: მოძრავი/მობილური და ჩაშენებული. ორივე შემთხვევაში, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებისას, თავად შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი ზომები და ფუნქციური დანაყოფები, რაც ზუსტად მოერგება თქვენს საჭიროებებს. გარდერობის ტიპი კი არსებული ფართის და მომხმარებლის სურვილის, გემოვნების მიხედვით განისაზღვრება.

გარდერობის ზომა –  გარდერობის ზომების განსაზღვრა, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ადამიანისათვის იქნება განკუთვნილი ეს ავეჯი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ჭერის სიმაღლე და გარდერობისთვის განკუთვნილი ადგილის ფართობი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი დიზაინის ავეჯი უნდა დაპროექტდეს.

გარდერობის დიზაინი – გარდერობის დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც აუცილებელია ოთახის ინტერიერს უნდა შეესაბამებოდეს, რათა არ დაამახინჯოს სივრცე. ასევე, სასურველი მასალისა და ფერის შერჩევასთან ერთად, გასათვალისწინებელია თუ როგორი სტილის გარდერობი გსურთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გამოსაღები ან მოძრავი კარის მქონე სათავსო. გამოსაღები კარის შემთხვევაში, დამატებითი სივრცის განსაზღვრა დაგჭირდებათ, რათა თავისუფლად გააღოთ კარი და თქვენც მარტივად იმოძრაოთ. მოძრავი კარი კი განსაკუთრებით პრაქტიკულია მცირე ზომის ოთახების შემთხვევაში, ვინაიდან ის ზედმეტ სივრცეს არ იკავებს.

გარდერობის ოპტიმალური ზომები და მასალა:

გარდერობის დაპროექტებისას მისი გარეგნული მახასიათებლებისა და სტილის განსაზღვრასთან ერთად, მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომებისა და მასალის გათვალისწინება. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ყურადღება მის კონსტრუქციულ ნაწილს ექცევა, რომელიც დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სწორი და გამართული უნდა იყოს. ამის შემდეგ კი უშუალოდ შიდა განლაგების დაპროექტება ხდება.

მაინც როგორია გარდერობის ოპტიმალური ზომები? ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ჩვენ ერთ-ერთ ქართულ ავეჯის საწარმოს, „წუნდას“ მივმართეთ. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კარადის ზომა უშუალოდ ობიექტისა და გარდერობისთვის განკუთვნილი ადგილის ფართობზეა დამოკიდებული. სწორედ არსებული სივრცის მიხედვით ნაწილდება შესაბამისი სიმაღლე, სიგანე და სიღრმე.

წუნდას” პროფესიონალების რეკომენდაციით, პირველი (ანუ ძირითადი) ყუთი, რომელიც იატაკიდან (“ფეხის” ჩათვლით) იზომება, 2 მეტრამდე სიმაღლის უნდა იყოს, რადგან ეს არის ყველაზე კომფორტული და ადამიანისთვის ხელსაყრელი ზომა, შემდეგ კი ანტრესოლის ყუთი მოცემული ზომის დარჩენილი ადგილის მიხედვით ნაწილდება.

რაც შეეხება ფასადის (კარის) სიმაღლეს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი არ არის შეზღუდული, მაგალითად, თუ ძირითადი ყუთი 2 მეტრის სიმაღლისაა, დამატებითი სათავსო (ანტრესოლი) კი 50 სანტიმეტრის, ერთიანი კარი შეიძლება განთავსდეს, რომლის სიმაღლე 250 სანტიმეტრი იქნება. ამ დროს გასათვალისწინებელია ფასადის სიგანე, რომელიც, უმჯობესია, არ აღემატებოდეს 60 სანტიმეტრს, რათა მოხმარების დროს შემთხვევით არ დაზიანდეს ან არ გაიღუნოს.

შიდა განლაგებისას და ფუნქციური გადანაწილებისას, აუცილებელია, რომ გარდერობში იყოს საკიდი – რომლის სიმაღლეც მნიშვნელოვანია და ის 1,50 მეტრამდე უნდა განისაზღვროს, რათა მასში ნებისმიერი სიგრძის ტანსაცმლის დაკიდება მოხერხდეს.

ამას გარდა, გარდერობში აუცილებლად უნდა გამოიყოს უჯრებისა და თაროების სივრცეც, რომლის სიმაღლე ცვალებადია და უმჯობესია იყოს დიდი, რათა ტევადი სათავსო მივიღოთ, მისი ოპტიმალური სიმაღლე კი 35 სანტიმეტრიდან იწყება, სიგანე კი უჯრის მექანიზმით განისაზღვრება. თითოეულ მექანიზმს განსაზღვრული სტანდარტის სიგანე აქვს, მაგალითად, ავსტრიული მექანიზმი საშუალებას იძლევა 1 მეტრიანი სიგანის უჯრა გაკეთდეს, თურქულით კი 60 – 70 სანტიმეტრიანი სიგანის მქონე უჯრის დამზადებაა შესაძლებელი. საშუალოდ, სტანდარტულ ზომად 60-90 სანტიმეტრის სიგანე ივარაუდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ თარო ზოგჯერ მოძრავია, არ არის ფიქსირებული, ამიტომ სასურველია, რომ სიგანე არ აღემატებოდეს სიმაღლის ზომას.

გარდერობის დაპროექტებისას იატაკსა და სათავსოს შორის ადგილს ითვალისწინებენ, რათა ის იატაკზე არსებულ პლინტუსის სიმაღლეს ერგებოდეს და ვიზუალურად მისი მსგავსი იყოს. ამ დროს იყენებენ სპეციალურ სარეგულირებელ ფეხს, რომელიც არასწორი იატაკის შემთხვევაში ისე რეგულირდება, რომ ზუსტად მოთავსდეს ზედაპირზე. სარეგულირებელი ფეხები არსებობს 10, 12 და 15 სანტიმეტრიანი, დამკვეთი კი ავეჯის დაპროექტებისას მისთვის შესაფერის ზომას ირჩევს.

რა მასალისგანაა შესაძლებელი გარდერობის დამზადება?

როგორც “წუნდაში” აცხადებენ, საქართველოს ბაზარზე გარდერობის მასალად ძირითადად ლამინირებული დსპ, ლამინირებული მდფ და შეღებილი მდფ გამოიყენება, რაც საღებავით იფარება. არსებობს რამდენიმე ვარიანტი: მთლიანად ლამინირებული დსპ-ს შერჩევა ან შიდა კონსტრუქციისთვის ლამინატის გამოყენება, ხოლო ფასადისთვის – მდფ-ის ან ლამინირებული ნატურალური ხის ანათალით (დაშპონილი). ამას გარდა, ფასადის დაპროექტება შუშითაც შესაძლებელია.

რომ შევაჯამოთ, შეკვეთით დამზადებული გარდერობი საკმაოდ ბევრი უპირატესობით ხასიათდება და ის სრულად დამკვეთის საჭიროებებზეა მორგებული. თუმცა, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდივიდუალური პროექტით შექმნილი სათავსო აუცილებლად უნდა იყოს დაპროექტებული პროფესიონალის მიერ, რათა სათავსოების, უჯრებისა თუ სხვადასხვა დანაყოფების ზომები შეეფერებოდეს სტანდარტებს და იყოს კომფორტული ყოველდღიურ მოხმარებაში.

აგარაკი ოქსფორდშირში, რომლის განახლებაზეც „საოცნებო გუნდმა“ იმუშავა

ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი სტრასბურგის შემოგარენში