in

რა უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელი სივრცის გეგმარებისას? – სტუდია SAMI_ის რჩევები

საცხოვრებელი სივრცის გეგმარებასა და დიზაინზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, რომელიც არაერთი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. იმ შემთხვევაში თუ არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის ჩარევის გარეშე იქმნება პროექტი, ეს ორმაგად საპასუხისმგებლო საქმე ხდება. ამ შემთხვევაში ზედმეტი ხარჯისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად პრაქტიკული რჩევების გათვალისწინება საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანია SAMI_ის მივმართეთ და ქვემოთ მათ მიერ მოწოდებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს გთავაზობთ საცხოვრებელი ფართის გეგმარებასთან დაკავშირებით:

„საკუთარი სახლის გეგმარებასა და ინტერიერის დიზაინზე მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უმჯობესია იცოდეთ, რათა პროცესში გაითვალისწინოთ და საკუთარი დრო და ბიუჯეტი დაზოგოთ. რა თქმა უნდა, საუკეთესო გადაწყვეტილებაა პროექტის მიმდინარეობისას არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა, თუმცა დიდი მონდომებითა და სურვილით, დარგის სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით, გარკვეულწილად შესაძლებელია დასახული მიზნის მიღწევა.

გამართული გეგმარება ნებისმიერი ფუნქციის მქონე ადგილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახლში სივრცის შეგრძნება მხოლოდ მის სიდიდეზე არაა დამოკიდებული, არამედ დიდ როლს გეგმარებითი გადაწყვეტაც ასრულებს. სწორედ ეს განსაზღვრავს თუ რამდენად ესთეტიკური, პრაქტიკული და ფუნქციურად გამართული იქნება სივრცე. ამ დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

1. ამ საკითხზე მუშაობისას, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ოჯახის თითოეული წევრის სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება – უმჯობესია სამზარეულო გამოეყოს თუ საერთო ოთახთან გაერთიანდეს, საჭიროა თუ არა ცალკე სამუშაო და საბავშვო ოთახების მოწყობა და ასე შემდეგ – რათა სახლის თითოეულ მობინადრეს მისი პირადი სივრცე გააჩნდეს.

2. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია მზისა და დღის განათების გათვალისწინება – სასურველია საძინებელი ოთახების აღმოსავლეთით განლაგება, რათა ბუნებრივი სინათლე უხვად შემოვიდეს სივრცეში და ის ბევრად უფრო ნათელი და სასიამოვნო გახადოს. აუცილებელია ყველა ზონას, (გარდა აბაზანისა) ბუნებრივი განიავების საშუალება მიეცეს, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი და კომფორტული გარემო შეიქმნას, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მობინადრეების ჯანმრთელობასა და მათ განწყობასთან.

3. მესამე მნიშვნელოვანი პროცესია ავეჯის განაწილება სივრცეებში. გავრცელებული შეცდომაა ამ საკითხის უგულებელყოფა და ოთახის შეფასება მხოლოდ მისი ფართობის მიხედვით. გეგმარების ფორმირებისას აუცილებელია განისაზღვროს ავეჯის განლაგება ლოგიკური სავალი სივრცის გათვალისწინებით. დადგინდეს ავეჯის ის ელემენტები, რომელთა ზღვრულ გარე მოხაზულობას, მოცულობას ვერ შეცვლი და ადგილსაც ვერ გადაანაცვლებ (მაგალითად, სამზარეულოს ავეჯი, სარეცხი მანქანა, სტანდარტული ზომის მქონე ორადგილიანი საწოლი და სხვა). ავეჯის განლაგებისა და მისი ზომების გათვალისწინება დაგეხმარებათ შემდგომში წარმოქმნილი პრობლემების თავიდან აცილებასა და სივრცის პრაქტიკულად ათვისებაში.

ასევე, ხაზგასასმელია დამხმარე სათავსოებისთვის გონივრული ადგილმდებარეობის მინიჭება და მათი დიდი რაოდენობით დამონტაჟება, იქნება ეს უბრალოდ მცირე ზომის ნიშა თუ ჩასაშენებელი კარადა. აუცილებელია სახლისთვის მსგავსი ზონა გამოყოთ და გეგმარებისას სათავსო ადგილები გაითვალისწინოთ.

4. მნიშვნელოვანია გამოიყოს ოჯახის წევრების შეკრების ადგილი – ეს იქნება სასადილო მაგიდა თუ ტელევიზორის ზონა, რომელიც გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ ოჯახის წევრების რაოდენობაზე, რათა არსებობდეს სივრცე განტვირთვისა და რელაქსაციისთვის, ოჯახური შეკრებებისა და დროის ერთად გასატარებლად.

5. კარგი იქნება თუ ოთახებს შორის კავშირები მაქსიმალურად გამარტივდება, რათა თავი აარიდოთ გრძელ დერეფნებს. ეს მოგცემთ საშუალებას, დაზოგოთ ფართი, უფრო ეფექტურად და პრაქტიკულად გამოიყენოთ ის და სხვადასხვა ზონას შორის წვდომაც უფრო გააადვილოთ.

6. აუცილებელია არ დაივიწყოთ საზაფხულო ფართობი – აივანი (თუ რა თქმა უნდა, ასეთი სივრცე არსებობს თქვენს ბინასა თუ სახლში). მნიშვნელოვანია მას ისე მიუდგეთ, როგორც საცხოვრებელ ადგილს და თქვენი აპარტამენტისთვის დამატებით სივრცედ აქციოთ, რომელიც ერთი მხრივ, ბუნებასთან სიახლოვის, ჯანსაღ და სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას მოგცემთ, მეორე მხრივ კი, სახლის გამორჩეულ და დასასვენებელ სივრცეს წარმოქმნის.

7. დარწმუნდით, რომ არსებული გეგმები თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება. აუცილებელია თავიდანვე კარგად მოხდეს თითოეული ნაბიჯის დაანგარიშება და შესაბამისი ფინანსური მდგომარეობისა და შესაძლებლობების გათვალისწინება, რათა შემდგომ არ მოგიწიოთ პროექტის ცვლილება და თქვენს სურვილებზე უარის თქმა.

გახსოვდეთ, სწორად დაპროექტებულ სივრცეს ნაკლები ადგილი სჭირდება, ხოლო არასწორად დაგეგმარებულს – მეტი. საბოლოოდ, პროექტის წარმატების გასაღები – სამუშაოების საწყის ეტაპზე კარგად ნაფიქრი გეგმაა”, –  ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე, არქიტექტრის და ინტერიერის დიზაინის კომპანია SAMI_

Apple Tree House — სახლი, რომელიც ოჯახს ბუნებასთან მყარი კავშირით უზრუნველყოფს

ალბერტო კამპო ბაესა — არქიტექტორი საინტერესო მიდგომებითა და ცხოვრების წესით