რეალურ ცხოვრებაში არქიტექტურა მისი ფუნქციის კონტექსტში აღიქმება – მაგალითად, როგორც სამუშაო ან საცხოვრებელი გარემო – და იშვიათად გვეძლევა საშუალება, შევჩერდეთ არქიტექტურაზე, როგორც ხელოვნების ობიექტზე დასაკვირვებლად. ფოტოგრაფია კი იჭერს წამს და გვაჩვენებს არქიტექტურას, როგორც იდეასა და კონცეფციას. არქიტექტურის ფოტოგრაფია სივრცის დანახვისა და გადმოცემის განსაკუთრებული ფორმაა – ის ასახავს სივრცეში დინამიურ, ცოცხალ გარემოს ისეთი დეტალების ჩათვლით, როგორიცაა სინათლის ურთიერთობა შენობის გეომეტრიასთან, მასალებისა და ფორმების დამოკიდებულება და სხვა.
არქიტექტურის ფოტოგრაფია გეომეტრიული სიზუსტისა და ემოციის სინთეზია. „ლამაზ“ და „სწორ“ კადრთან ერთად მნიშვნელოვანია სამგანზომილებიანი მოცულობის გადმოცემა ისე, რომ გონებით სივრცეში მოგზაურობა შევძლოთ და გამოვცადოთ იგი შენობაში აღმოჩენის გარეშე. ვინაიდან შენობა ადგილზეა “მიჯაჭვული”, ხოლო ფოტო ელვის სისწრაფით გადაადგილდება თანამედროვე ციფრულ სამყაროში, იქმნება ნებისმიერი არქიტექტურის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობაც. გარდა ამისა, ფოტოგრაფია, როგორც დროის ამსახველი დოკუმენტი, ინახავს ქალაქებისა და მისი შენობების ცვალებადობას, ეპოქას და მის ხასიათს. ამგვარად, არქიტექტურული ფოტოგრაფია არა მხოლოდ ესთეტიკური პრაქტიკაა, არამედ კულტურული მეხსიერების ნაწილიც.
ხშირად სწორედ ფოტოგრაფიის საშუალებით ხვდება არქიტექტურული ნამუშევრები პუბლიკაციებში, არქივებსა და ციფრულ პლატფორმებზე, სადაც კადრში მასშტაბის, პროპორციის, სინათლისა და მასალის ურთიერთმიმართების ხაზგასმით, მნახველისთვის შესაძლებელი ხდება არქიტექტურისგან რეალური განცდის მიღება. ამ ინტერვიუში გიორგი მამასახლისი – ფოტოგრაფი, რომლის ობიექტივშიც ხშირად ხვდება არქიტექტურა – გვიამბობს საკუთარი დამოკიდებულებისა და არქიტექტურული ფოტოგრაფიის სპეციფიკის შესახებ. გიორგის შემოქმედება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან მისი ფოტოაპარატის ლინზიდან სივრცეს ზუსტად ისეთს ვხედავთ, როგორიც არქიტექტორმა ჩაიფიქრა – ფოტოგრაფი იქცევა მთხრობელად და ფიზიკურ კონსტრუქციას მხატვრულ კონტექსტში გვითარგმნის.

გიორგი, გვიამბეთ, როდის დაიწყო თქვენი, როგორც ფოტოგრაფის, კარიერა და როგორ მოექცა თქვენი ობიექტივის ფოკუსში არქიტექტურა?
ფოტოგრაფია არასდროს მაინტერესებდა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მამაჩემს შედარებით გვიან გავუჩნდი (51 წლის იყო) და ძალიან ბევრ ფოტოს მიღებდა. იმდენად ბევრს, რომ გაქრა ჩემი ფოტოგრაფიისადმი მიზიდულობა.
მაგრამ სკოლის ბოლო კლასებში მივხვდი, რომ კინო მანთებდა და ვაფრენდი ტარანტინოს ფილმებზე. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ მისი ფილმების ოპერატორი ვარ და რვეულის ბოლო ფურცელზე ვხატავდი „ოთხი ოთახის“ და „მაკულატურას“ კადრებს.
ამის მერე იყო თეატრალური უნივერსიტეტი და საოპერატორო ფაკულტეტი, რამდენიმე არხის დამდგმელ ოპერატორობა, ბევრი რეკლამა და მუსიკალური ვიდეო. შემდეგ კი, მარის (მეუღლე) გაცნობამ და მის მიერ ნაჩუქარმა წიგნმა – „Building a new millennium“- შეცვალა ჩემი ვექტორი. გეომეტრია, ფორმა და შუქი გახდა ჩემი ცხოვრების გზა.

როგორ ხედავთ თქვენს როლს აუდიტორიისთვის პროექტის იდეისა და კონცეფციის მიწოდების პროცესში?
სივრცეს ყოველთვის აქვს ისტორია, მაგრამ ეს ისტორია მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები, როდესაც სწორად არის მოთხრობილი. არქიტექტურული ფოტოგრაფია არა მხოლოდ ფორმებისა და მასალების ფიქსირებაა, არამედ — ისტორიის შექმნის პროცესი, რომელიც აუდიტორიას პროექტის შინაგან ლოგიკას აჩვენებს.
ვცდილობ, ფოტოებში გამოჩნდეს ის ენერგია, რაც არქიტექტორმა ჩადო – ჰაერი, რიტმი, მოძრაობა, ფერი, სინათლე და კომპოზიცია. სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფის როლი უმნიშვნელოვანესია: ის ქმნის იმას, რაც საბოლოოდ პროექტის „ოფიციალური სახე“ ხდება.
რა არის არქიტექტურული ნამუშევრის გადაღების სპეციფიკაცია – რით განსხვავდება ეს პროცესი სხვა ტიპის ფოტოგრაფიისგან?
ძალიან ტექნიკური დარგია და შესაბამისად, რთულია მასში არტისტულობის და სუბიექტური ხედვის ჩადება. ზედმეტს მოინდომებ და არქიტექტორის ხედვას „გადაახტები“, ხოლო თუ მცდელობას დააკლებ – ფოტოგრაფია დაემსგავსება მათემატიკას.
როგორია თქვენს ობიექტივში დანახული არქიტექტურა – რა იქცევს თქვენს ყურადღებას ექსტერიერსა თუ ინტერიერში?
ალბათ ინდივიდუალიზმი და ის ფეთქვა, რაც გაბედულ არქიტექტორს ახასიათებს, როდესაც ექსპერიმენტი არ აშინებს და არც იმის კეთება, რაც იქამდე არ გაუკეთებია.
არქიტექტურა ხელოვნების ყველაზე მოცულობითი დარგია, ფოტოგრაფიისთვის კი განათება გადამწყვეტია – როგორ მართავთ განათებას მისი მასშტაბის ფარგლებში?
ყველაზე დიდ დროს გადაღებამდე მომზადებაში ვხარჯავ. ვაკვირდები შენობას ან ინტერიერს და იმ შუქს, რომელიც ფორმებს „ქმნის“.
ბევრს ველაპარაკები არქიტექტორს. ვცდილობ ვიგრძნო ის, რასაც ამ სივრცის შემქმნელი გრძნობდა და დავამატო ჩემიც.
მაგრამ ამ „პოეზიის“ მიღმა სერიოზული შრომაა, მით უმეტეს, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდ ან ცნობილ შენობას იღებ.
რა გავლენას ახდენს შენობებისა და მისი სივრცეების გადაღების გამოცდილება თქვენს შემოქმედებით პროცესზე არქიტექტურის მიღმა, და პირიქით – როგორ გეხმარებათ არქიტექტურის მიღმა ჩამოყალიბებული ხედვა მასშტაბური მოცულობების აღბეჭდვისას?
ხშირად მთხოვენ ისეთი არქიტექტურის გადაღებას, რომელსაც საქართველოში სხვა ვერავინ იღებს ან უკვე გადაიღო და არ მოსწონთ. შესაბამისად, დავალება ყოველთვის რთულია და სირთულის დაძლევა ერთგვარი სიამოვნებაც გახდა ჩემთვის.
ეს გამოცდილება მე მაძლიერებს და მაჩვენებს, რომ საქართველოში გვყავს ძალიან საინტერესო არქიტექტორები და დიზაინერები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა ქვეყნებს. პირიქით, სუპერსტრესულ გარემოში უწევთ მოღვაწეობა და მაინც ახერხებენ დასამახსოვრებელი სივრცეების შექმნას!
არქიტექტურულ ნაგებობას ყოველთვის, თავისთავად, აქვს თავისი სათქმელი – როგორ ახერხებთ არქიტექტორის წინადადების ფარგლებში საკუთარი ინდივიდუალური ხედვის შენარჩუნებას?
მთავარია, დამკვეთი მენდოს. ნდობიდან იწყება ყველაფერი. უფრო სწორად, სიყვარულიდან, საკუთარი საქმის სიყვარულიდან. როდესაც ვხედავ, რომ ავტორს უყვარს ის, რასაც აკეთებს, ამის შემდეგ იწყება ძიება და ექსპერიმენტი. არც მე ვიცი ხოლმე წინასწარ რა გამომივა, ვცდილობ, ყველაფერი არ დავგეგმო. არადა ყველაფერს ვგეგმავ, შემდეგ კი – ვარღვევ.
ერთი ნებისმიერი არქიტექტურული ნაწარმოების გადაღება რომ შეგეძლოთ – არსებულის ან უკვე განადგურებულის – რომელი იქნებოდა ის და რატომ?
რესპუბლიკის მოედნის თაღებს გადავიღებდი. ისე გადავიღებდი, რომ ე.წ. ადამიანებისთვის „ანდროპოვის ყურებიდან“ „თაღედ-სამრეკლოდ“ ტრანსფორმირდეს, როგორც მას თავად ავტორი, ოთარ კალანდარიშვილი უწოდებდა. ის ხომ სინამდვილეში, იმ მიზნისთვის შეიქმნა, რასაც რესპუბლიკის მოედანი ემსახურება. ამ მოედანს კი მრავალი ფუნქცია აქვს: არის დიდი სატრანსპორტო კვანძი, რუსთაველის პროსპექტის ქვედა დუბლიორი, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილი და ასე შემდეგ.
რას ურჩევთ დამწყებ კოლეგებს, რომლებიც არქიტექტურული ფოტოგრაფიით არიან დაინტერესებულნი?
ვურჩევ, რომ არ იჩქარონ და გადაღება დაიწყონ არქიტექტორთან კომუნიკაციით. შემდეგ კი გადასაღები ობიექტი ნახონ სხვადასხვა ამინდში. დააკვირდნენ, თუ როგორ ცვლის განათება ფორმას. დაიწყონ სივრცის „მოყოლა“ არა ერთი კადრით, არამედ სერიებად. არ დაუმიზნონ „ინსტაგრამულ“ კადრს, არამედ – ფოტოს და ნამდვილ ფოტოგრაფიას, სადაც ვიზუალი იწყება პერსპექტივით და მასშტაბით, საინტერესო კომპოზიციით და არქიტექტორის იდეის პატივისცემით — რომ ფოტომ არა უბრალოდ შენობა, არამედ მისი აზრი აჩვენოს. და აუცილებლად, რომ ფოტო არა რენდერს, არამედ სინამდვილეს ჰგავდეს!



















