in

ის, რაც ფაიფურის შესახებ უნდა ვიცოდეთ – ინტერვიუ ხელოვნებათმცოდნე სოლომონ ნადიმაშვილთან

ფაიფური ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მასალაა, რასაც ცხოვრების ბევრ სფეროში ვაწყდებით. თანამედროვე მსოფლიოში ის გამოიყენება მედიცინაში, ელექტრობაში, სტომატოლოგიაში, როზეტების წარმოებასა და საიუველირო საქმიანობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ფაიფური ხშირად ინტერიერის გალამაზების საშუალებაცაა, გადავწყვიტეთ, რომ მისი წარმომავლობისა და ტიპების შესახებ გვესაუბრა. ამაში კი სოლომონ ნადიმაშვილი დაგვეხმარა. იგი ხელოვნებათმცოდნე, დოქტორანტი და ექსპერტია, რომელმაც ბევრი წლის წინ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების სტაჟირება გაიარა პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმსა და მოსკოვის კუსკოვოს მუზეუმში.

– როდის დაინტერესდით ფაიფურით პირველად?

როდესაც სამხატვრო აკადემია დავამთავრე და კუსკოვოს მუზეუმში დავიწყე სტაჟირება, იქ ვნახე ფაიფურის დიდი კოლექცია. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ჩემითაც მომეგროვებინა ფაიფურის ნივთები და, ასე ვთქვათ, კოლექციონერობა დავიწყე. ძალიან ჩამითრია ამ საქმიანობამ და რამდენიმე ნივთი მართლაც მოვაგროვე.

-ვისაუბროთ ამ უძველეს მასალაზე უფრო დაწვრილებით. საიდან და როდის შემოვიდა კერამიკა ადამიანის ცხოვრებაში და რომელი განშტოებებით ხასიათდება იგი?

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანს დასჭირდა საცხოვრებლის აშენება, დასჭირდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. სწორედ ამიტომ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე ათასწლეულში დაიწყო კერამიკული ნიმუშების შექმნა თიხისგან. ოთხი-ხუთი ათასი წელი ხელით ქმნიდა ადამიანი ამ კერამიკულ ნიმუშებს. შემდეგ უკვე გამოიგონეს მორგვი (ე.წ ამოსაყვანი დაფა), რომელიც თავდაპირველად იყო მექანიკური, ახლა უკვე ის ელექტრო სახით გვაქვს.

გამოდის, რომ თავდაპირველად ადამიანმა თიხის კერამიკული ნიმუშების შექმნა დაიწყო. კერამიკა ზოგადად, ბერძნული ტერმინია – კერამიკული ჭურჭელი ათენის დიპილონის კარიბჭესთან, “კერამიკოს” უბანში აღმოაჩინეს – სწორედ აქედან შემოვიდა ეს ტერმინი. ზოგადად კი, კერამიკა მოიცავს როგორც თიხის ჭურჭელს, ისე – ფაიფურს და ქაშანურს, ასევე იტალიურ ფაიანსს (Faenza – ფაენცა) და იტალიურ მაიოლიკას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერამიკა კრებითია და მის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ხარისხიანი მასალა – ფაიფური.

– როგორც ვიცით, ფაიფურის წარმოებაც ძალიან ადრეულ პერიოდში დაიწყო – რომელია ჩვენთვის ცნობილი და უცნობი ფაიფურის პირველი ნიმუშები?

ფაიფურის პირველი ნიმუშები რომში შეიქმნა, თუმცა, არც ერთს ჩვენამდე არ მოუღწევია და მათი ეს ტრადიციაც დაიკარგა. ხოლო ჩვენთვის ცნობილი პირველი ფაიფურის ნიმუშების შემქმნელები ჩინელები არიან, რომლებმაც მერვე საუკუნეში კაოლინის მთაზე აღმოაჩინეს თეთრი მასა და სწორედ ის გამოიყენეს ჭურჭლის წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში ფაიფურის შექმნის რეცეპტი საიდუმლო იყო.

ჩინური ფაიფურის ერთ-ერთი პირველი ნიმუში

ჩინურ ფაიფურს თითოეული დინასტიის მიხედვით ერქმეოდა სახელები. ევროპაში საკმაოდ გვიან დაიწყეს ფაიფურის წარმოება, რადგან ჩინეთიდან ჯერ კორეაში, შემდეგ კი იაპონიაში გადავიდა ეს ტრადიცია. და უკვე მე-16 საუკუნეში იტალიაში შექმნეს ჩინური ფაიფურის მსგავსი ნიმუშები რბილი ფაიფურით, ე.წ მედიჩის ფაიფურით.

– როგორია ფაიფურის რეცეფტი და რა ტიპის ფაიფური არსებობს? 

ფაიფური ორი სახისაა: მტკიცე და რბილი. მათ შორის შემადგენლობასა და ფაქტურაშია განსხვავება. ყველაზე კარგი და ხარისხიანი კი, მტკიცე, ანუ სალი ფაიფურია.

მე-18 საუკუნეში გერმანელმა ქიმიკოსმა, იოჰან ბიოტგერმა აღმოაჩინა ფაიფურის რეცეპტურა. მტკიცე ფაიფური შედგება 4 ძირითადი კომპონენტისგან, ესენია: კაოლინი, გასუფთავებული თეთრი თიხა, კვარცი და მინდვრის შპატი. რაც შეეხება რბილ ფაიფურს, მასში არ შედის მინდვრის შპატი, თუმცა შედის დაფქვილი ძვალი.

– გვიამბეთ ფაიფურზე ქვეყნების მიხედვით – როგორც ვიცით, მრავალი მანუფაქტურა არსებობს მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა ნამუშევრებიც განსხვავდება ერთმანეთისგან..

საქსონიაში დაარსდა მაისენის მანუფაქტურა და ის დღემდე ყველაზე ხარისხიან ნაწარმს ქმნის; ეს კი იმიტომ, რომ თვითონ კაოლინი მოიპოვება გერმანიაში კარგი ხარისხის.

მაისენის მანუფაქტურა

მაისენთან ერთად ასევე არსებობს ფრანგული სამეფო ფირმა “სევრის მანუფაქტურა”, რომელმაც ფაიფურის ტექნოლოგიაში ბევრი ინოვაცია დანერგა თავის დროზე, თუნდაც ისეთი, როგორიცაა კობალტის საღებავით დაფერვა. ასევე, არაჩვეულებრივია ავსტრიის საიმპერატორო მანუფაქტურა “ვენა”, რომელიც, ძირითადად, გადატვირთული მოხატულობის ნამუშევრებს უშვებს. იტალიას ნეაპოლში ჰქონდა ასევე ძალიან კარგი “კაპოდიმონტეს მანუფაქტურა”, რომლისთვისაც სახასიათოა რელიეფური ფაიფური. თუმცა, ეს მანუფაქტურა დღეს აღარ არსებობს და ახლა უკვე წვრილ-წვრილი ქარხნები უშვებენ კაპოდიმონტეს სახელით მოდელებს. აღსანიშნავია ინგლისური მანუფაქტურებიც, რომელთა ფაიფურშიც ჩინური გავლენა იგრძნობა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ რუსეთის საიმპერატორო მანუფაქტურაც, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის ფაიფურს უშვებდა სამეფო კარისთვის. და არის კიდევ ერთი, ჩემი საყვარელი ქარხანა: ესაა დანიის სამეფო მანუფაქტურა – ისინი მეცხრამეტე საუკუნეში ხელოვნების ნიმუშის დონის ფაიფურს ქმნიდნენ.

სევრის მანუფაქტურა

– კერამიკულ ნაწარმში ფაიფური ყველაზე ძვირადღირებულია – რა განაპირობებს ამ ფაქტს?

ტექნიკური თვალსაზრისით, ფაიფურის ძვირადღირებულ ფასს განაპირობებს ის, რომ კაოლინი ძნელად მოსაპოვებელი მასალაა. მასის გარდა, მისი ფასი განისაზღვრება იმით, რომ იგი ყველაზე მყარი კერამიკაა – ელექტრობასაც კი უძლებს, ინარჩუნებს სითბოს და, რაც მთავარია, ის არის გამჭვირვალე, კერამიკა კი – პირიქით, გაუმჭვირვალეა.

კაპოდიმონტეს მანუფაქტურა

– წარმოების თვალსაზრისით, რა განსხვავებაა თიხასა და ფაიფურს შორის?

განსხვავებით თიხისგან, ფაიფურის ნივთებისთვის ჯერ კეთდება თაბაშირის მოდელი და იმ მოდელის მიხედვით კეთდება ნივთი. ფაიფური მაღალ ტემპერატურაზე გამოიწვება (დაახლოებით 1400 გრადუსზე), ხოლო თიხა შეიძლება მზეზეც კი გამოიწვას.

მაისენის მანუფაქტურა

– ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობს განსხვავებები ფაიფურის მოხატვაშიც…

ფაიფურის ორნაირი მოხატულობა არსებობს – ჭიქურქვეშა და ჭიქურს ზევიდან. ასევე, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, უკვე ქარხნული წარმოების პერიოდში, მასობრივი პროდუქცია იქმნება. ამ დროისთვის გამოიგონეს ტრაფარეტის ხელოვნურად დადება ფაიფურზე. მალევე გამოიგონეს დეკალკამია – ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც იხატება გამოსახულებები ფაიფურის ნივთებზე. დღეისათვის ბევრი ფაბრიკა ასევე იყენებს დეკოლის ამ ტექნიკას და არა ხელით მოხატვას. თუმცა, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მუშახელი ყველაზე იაფი იყო, რუსეთის მანუფაქტურა, ძირითადად, ხელით მოხატულ ფაიფურის ნივთებს უშვებდა.

რუსული მანუფაქტურა

– როგორც ვიცით, ფაიფურის ნივთის ცნობა შესაძლებელია დამღითაც…

დიახ, ქარხნები თავად ასვამენ ნივთებს თავიანთ დამღებს, ის ნივთისთვის ერთგვარი “პასპორტია”. თუმცა, იყვნენ ქარხნები, რომლებიც უხარისხო პროდუქციას დამღის გარეშეც უშვებდნენ. იყო ასევე შემთხვევები, როცა უხარისხო ფაიფურის მწარმოებლები ცნობილი ფაბრიკების დამღებს არტყამდნენ და ასე ასაღებდნენ თავიანთ პროდუქტს.

– და მაინც, როგორ განისაზღვრება ფაიფურის ნივთის ღირებულება?

ფაიფურის ნივთის ღირებულებას განსაზღვრავს სამი ძირითადი ელემენტი:

1. დრო – რა პერიოდშია ის დამზადებული

2. რომელ ფაბრიკას ეკუთვნის ნამუშევარი

3. რა რაოდენობითაა მოღწეული ამ ნივთის ეგზემპლარები.

დანიური მანუფაქტურა

რომ შევაჯამოთ, დღესდღეობით ფაიფური კვლავ რჩება ერთ-ერთ უძვირფასეს მასალად და მისგან შექმნილი ნაკეთობებით ტკბობა დაუსრულებლად შეიძლება. სწორედ ამიტომ, მიიჩნევა, რომ ფაიფურის ნივთების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ინვესტიციაა და ამ მხრივ გაღებული თითოეული თეთრი ამად ღირს.

პიერ იოვანოვიჩის შატო სამხრეთ საფრანგეთში

რა უნდა გავითვალისწინოთ აბაზანაში შპალერის გაკვრისას?