in

სამზარეულო, როგორც ცხოვრების სტილი: იტალიური დახვეწილობის ორი სახე — LUBE და SMEG

თანამედროვე სამზარეულო დღეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ კულინარიული სივრცე — ის ცხოვრების სტილის, კომფორტისა და ესთეტიკის გამოხატულებაა. კარგად დაგეგმილი სამზარეულო არამხოლოდ ამარტივებს ყოველდღიურობას, არამედ აქცევს სივრცეს ისეთი ემოციური გამოცდილების ნაწილად, რომელიც ოჯახის და მეგობრების ერთად ყოფნას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მისი მოწყობა განსაკუთრებულ მიდგომასა და გამორჩეულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

იტალია ათწლეულებია, რაც მთელი მსოფლიოსთვის დიზაინის, არქიტექტურისა და ხელოვნების სინონიმად იქცა. ეს ქვეყანა გამოირჩევა უნარით, გადააქციოს პრაქტიკული ფუნქცია ესთეტიკურ ფორმად და ამ უნარის ორ გამორჩეულ წარმომადგენლად სამზარეულოს სამყაროში დამაჯერებლად გვევლინებიან ბრენდები LUBE და SMEG. ამ ორმა იტალიურმა კომპანიამ სამზარეულოს დიზაინსა და ფუნქციონალურობაზე შეხედულება სამუდამოდ შეცვალა — მათ შეძლეს, შეექმნათ სივრცე, სადაც ტექნოლოგია და სილამაზე თანაბარი მნიშვნელობითაა წარმოდგენილი.

Gruppo Lube, რომელიც 1967 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდია სამზარეულოს ავეჯის წარმოებაში. მისი ფილოსოფია აერთიანებს ფუნქციურობას, ესთეტიკას და ტექნოლოგიურ ინოვაციას. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასალების მდგრადობას, ხარისხიან მექანიზმებსა და მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს. ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებული მასალები, ფასადების მრავალფეროვნება და მუდმივი ინოვაცია LUBE-ს სამზარეულოს ავეჯის ცნების მიღმა მიჰყავს — აქ ის ხდება სივრცე, სადაც ადამიანი თავს სრულად კომფორტულად გრძნობს.

მეორე მხრივ, SMEG-ი, რომელიც 1948 წლიდან აწარმოებს საოჯახო ტექნიკას, მსოფლიოში ცნობილია თავისი დაუვიწყარი ვიზუალური ხელწერითა და უახლესი ტექნოლოგიით. ბრენდის რეტრო კოლექციები, ძლიერი იდენტობა და ისეთი საკულტო სახლებთან თანამშრომლობები, როგორიცაა Dolce&Gabbana, Disney და Fiat 500, ამ ტექნიკას აქცევს სამზარეულოს შინაარსობრივ ნაწილად. SMEG-ის გამორჩეული ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ის აერთიანებს დიზაინს და ფუნქციონალს ისე, რომ მომხმარებელი იღებს ტექნიკას, რომელიც ისეთივე თვალშისაცემია, როგორც ნებისმიერი ავეჯის ელემენტი.

საქართველოში ამ ორი ბრენდის შეხვედრის წერტილად იქცა ავეჯის სახლი “ვერონა“, სადაც LUBE-სა და SMEG-ის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სივრცე, რომელიც ამ ორ ბრენდს აერთიანებს, ქმნის სრულყოფილ ხედვას თანამედროვე სამზარეულოს შესახებ. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ამ ბრენდების ისტორია საქართველოში, მომხმარებლის ტენდენციები და ის, თუ როგორ ერწყმის იტალიური სამზარეულოს იდეალი ადგილობრივ ინტერიერს, ჩვენ კომპანია “ვერონას” წარმომადგენელს, ლიკა ფარცხალაძეს გავესაუბრეთ:

ლიკა ფარცხალაძე

გვიამბეთ, რა გამოარჩევს LUBE-სა და SMEG-ის ბრენდებს ბაზარზე?

Lube-ს სამზარეულო მხოლოდ ავეჯი არ არის – ეს არის სივრცე, რომელიც კომფორტს, ესთეტიკასა და პრაქტიკულობას აერთიანებს. გამოვყოფდი ბრენდის რამდენიმე მთავარ უპირატესობას:

  • ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებული მასალები
  • ხარისხი, მდგრადობა, მექანიზმები, შიდა აქსესუარების დიდი არჩევანი
  • ფასადების მრავალფეროვნება (როგორც შეღებილი, ასევე მასიური ხე)
  • ავეჯის თანამედროვე, მინიმალისტური თუ კლასიკური სტილი
  • მუდმივი ინოვაცია და მაღალი დიზაინ სტანდარტები

რაც შეეხება Smeg-ს, ის საოჯახო ტექნიკის იტალიური ბრენდია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩეული სტილით: რეტრო დიზაინით, ფერადი კოლექციებითა და უახლესი ტექნოლოგიით. Smeg-ი აერთიანებს ინოვაციურ ფუნქციონალსა და დახვეწილ იერსახეს – იქნება ეს გაბარიტული თუ მცირე ზომის ტექნიკა.

Smeg-ის უპირატესობები:

  • ძლიერი იდენტობა და დიზაინის მრავალფეროვნება
  • კოლაბორაციები ცნობილ ბრენდებთან
  • ყველა მომხმრებლის გემოვნებასა და მოთხოვნილებებზე მორგებული მოდელები
  • ტექნოლოგიურად დახვეწილი და ენერგოეფექტური მოწყობილობები
SMEG-ის პროდუქცია “ვერონას” შოურუმში

ვფიქრობთ, რომ ეს ორი ბრენდი იდეალურად ავსებს ერთმანეთს: Lube ქმნის პრაქტიკულ და ესთეტიკურ სივრცეს, ხოლო Smeg-ის ტექნიკა ამ სივრცეს ავსებს ტექნოლოგიითა და დიზაინით.

თქვენი გამოცდილებით, როგორია ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება სამზარეულოს დიზაინისა და ტექნიკის მიმართ ბოლო წლებში? რამდენად შეიცვალა მოთხოვნები და რა ტიპის პროდუქციაზეა მოთხოვნა?

ქართველ მომხმარებლებში სამზარეულოს დიზაინისა და ტექნიკის მიმართ ტენდენციები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე სამზარეულო იყო მხოლოდ ფუნქციური ზონა ანუ “საჭმლის მოსამზადებელი ოთახი“, დღეს ის გადაიქცა საყოფაცხოვრებო და სოციალური ცენტრის ნაწილად. ეს ტრანფორმაცია აისახა როგორც ავეჯის დიზაინზე, ისე ტექნიკის არჩევის კრიტერიუმებზე. შესაბამისად, გამოვყოფდი შემდეგ თანამედროვე ტენდენციებს:

  • სამზარეულო როგორც ინტერიერის ნაწილი

მომხმარებლები დღეს ხშირად ირჩევენ ღია სამზარეულოს (გაერთიანებულს მისაღებ ზონასთან), აქედან გამომდინარე, ვიზუალური ჰარმონია და დიზაინის შესაბამისობა გახდა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ავეჯისა და ტექნიკის შერჩევისას.

მოთხოვნადია მინამალისტური სტილი, სკანდინავიური ელემენტები, ღია ფერები, კრემისფერ-თეთრი ტონალობა ხის ფაქტურის ჩანართებით. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ კლასიკურ სტილსაც საპატიო ადგილი უჭირავს.

  • დიზაინი და ტექნიკა ერთიანი კონცეფციით

დღეს მომხმარებელი ტექნიკას არჩევს არა მხოლოდ მახასიათებლებით, არამედ დიზაინის მიხედვითაც. ეს განსაკუთრებით შესამჩვენია ინტეგრირებად ტექნიკაზე – ღუმელი, ქურა, ყავის აპარატი, მაცივარი, ღვინის მაცივარი – ეს ყველაფერი უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და ავეჯის ხაზს. მოგეხსენებათ, Smeg -ის გაბარიტული ტექნიკა ამ მხრივ უკონკურენტოა, ის გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ნებისმიერი სტილის სამზარეულოსთვის შევარჩიოთ შესაბამისი ტექნიკა და დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მომხმარებლის სურვილი.

  • მრავალფუქნციურობა და SMART გადაწყვეტილება

ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ ტექნიკას, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ფუნქციას: მაგალითად, ღუმელი ორთქლის ფუნქციით, ინდუქციური ქურა ინტეგრირებული გამწოვით, ჭურჭლის სარეცხი მანქანა სწრაფი რეცხვის ფუნქციით, ტევადი ჩასაშენებელი მაცივარი და ა.შ .

  • ეკოლოგიური და გამძლე მასალები

სამზარეულოს ავეჯის შერჩევისას მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან მასალების სერტიფიკატით. ბრენდი LUBE კი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი მომხარებელი სამზარეულოს აფასებს უფრო და უფრო, როგორც ცხოვრების სტილის ნაწილს. მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა, ხარისხი და რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარე. ბრენდები, როგორიცაა LUBE და SMEG-ი, ამ კრიტერიუმებს აერთიანებს და ნამდვილად სარგებლობენ მზარდი ინტერესითა და ნდობით.

ვისაუბროთ ბრენდების სპეციფიკაციაზე. რა ტიპის პროდუქციას სთავაზობენ LUBE და SMEG მომხმარებელს და რა მოდელებია ხელმისაწვდომი თქვენს შოურუმში?

LUBE-ს  კოლექციების, ფასადების მოდულების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, მოვერგოთ სხვადსხვა გემოვნების მქონე მომხმარებელსა და განსხვავებული სირთულის სივრცეს. კომპანიაში ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულებები:

თანამედროვე სტილი –  გლუვი ზედაპირები, მინიმალიზმი, მეტალი, შუშის ვიტრინა მეტალის ჩარჩოებით, დაფარული სახელურები.

კლასიკური სტილი – ხის ფაქტურები, ჩარჩოები, გამოყვანილი დეტალები.

ინდუსტრიული / სკანდინავიური ხაზები – ბუნებრივი მასალები, ღია ტონალობები, ფუნქციური დიზაინი.

“ვერონას” შოურუმში წარმოდგენილია ყველა სტილის სამზარეულო, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს, თავად ნახოს, შეეხოს, შეაფასოს პროდუქტი და გაუადვილდეს გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება Smeg-ს, სამწუხაროდ, ბევრისთვის ის ასოცირდება მხოლოდ მცირე ზომის ტექნიკასთან, თუმცა Smeg-ი გვთავაზობს გაბარიტული ტექნიკის სრულ ასორტიმენტსაც როგორც საოჯახო გამოყენებისთვის, ასევე პროფესიონალური დანიშნულებისთვის: ჩასაშენებელი და ცალკე მდომი ღუმელი, გაზის/ინდუქციური ქურები, გამწოვი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა/საშრობი, ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი მაცივრები, ღვინის მაცივარი ასევე სამზარეულოს შემრევი და ნიჟარები.

როგორ ხდება სამზარეულოს შერჩევის, შეკვეთისა და მოწოდების პროცესი? რა ტექნიკურ დეტალებთანაა დაკავშირებული ეს ციკლი თქვენს კომპანიაში?

დამეთანხმებით, რომ სამზარეულო სახლის უმნიშვნელოვანესი სივრცეა და კარგი სამზარეულო ყველა დიასახლისის ოცნებაა… შესაბამისად, ჩვენთვის სამზარეულოს შეკვეთის აღება არ არის უბრალოდ “შეკვეთა”, არამედ ამ შემთხვევაში ჩვენ მომხმარებელს “ვატანთ” ემოციას. ის გვანდობს საკუთარი ოცნების სამზარეულოს მოწყობას და ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

სამზარეულოსა და ტექნიკის არჩევა  არ არის უბრალოდ  შეძენა, ეს არის მომსახურების სრული ციკლი, რომელიც ჩვენს კომპანიაში მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. ეს ციკლი მოიცავს დიზაინის შერჩევას, გეგმარებას, ტექნიკურ ანალიზს, ტრანსპორტირებასა და მონტაჟს.

პირველ ეტაპზე ხდება კონსულტაცია და სივრცის ანალიზი. ამ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა სურს მომხმარებელს და დეტალურად ვეცნობით მის მოთხოვნებს.

შემდგომ მივდივართ მისამართზე და თავად ვიღებთ ზომებს. ამ ეტაპზე ასევე ხდება ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიცაა კომუნიკაციების მდებარეობა (წყალი, გაზი, ელ. ენერგია), ბუნებრივი განათება, ფანჯრების განლაგება და ა.შ.

მომხმარებელთან ასევე ხდება კარადების წყობის, განლაგების, შიდა მექანიზმებისა და აქსესუარების შეთანხმება. ბოლოს კი დამკვეთი არჩევს ტექნიკას.

ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით ჩვენ ვაკეთებთ 3D მოდელირებასა და ტექნიკურ ნახაზს, სადაც დეტალურადაა მითითებული პარამეტრები, რაც ეხმარება მომხმარებელს, უკეთ აღიქვას საბოლოო შედეგი. იმ შემთხვევაში თუ მოდელირებისას რაიმე დეტალია შესაცვლელი, ვცვლით მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე.

LUBE-ს სამზარეულო ავეჯი და SMEG-ის ტექნიკა იწარემოება იტალიაში ინდივიდუალურად დამტკიცებული პროექტის მიხედვით. შეკვეთის მიღების საშუალო ვადა 8 კვირას შეადგენს და ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს აწყობის, ტექნიკის მონტაჟისა და დაერთების სამუშაოებს.

[R]

Baxter – როდესაც ხელოვნება თქვენს სახლში ცოცხლდება

Dressup Home – ახალი ნივთები, რომლებიც შენი სახლის შინაარსს ქმნის