in

ტელეგრაფის ახალი სიცოცხლე: Silk Development-ისა და Neri&Hu-ს თანამშრომლობით გაცოცხლებული მემკვიდრეობა

როდესაც Silk Development-მა თბილისის ყოფილი ტელეგრაფის შენობის ტრანსფორმაციისთვის Neri&Hu პირველად მიიწვია, ეს უბრალო შეკვეთა არ ყოფილა. დაიწყო  დიალოგი ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებას, არქიტექტურასა და მეხსიერებას, ქალაქის წარსულსა და მის განვითარებად მომავალს შორის. შანხაიში დაფუძნებული სტუდია, რომელიც მემკვიდრეობის კონტექსტებთან მუშაობისას განსაკუთრებულად მგრძნობიარე მიდგომით გამოირჩევა, ამ პროექტში არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობის აღდგენის, არამედ ახალი თაობისთვის მისი მნიშვნელობის ხელახალი გააზრების შესაძლებლობასაც ხედავდა.

სასტუმრო „ტელეგრაფის” პროექტმა, რომელიც ოდესღაც კომუნიკაციისა და კავშირის სინონიმად ქცეულ შენობაში განთავსდა, უნიკალური არქიტექტურული თხრობის კონცეფცია შექმნა. Neri&Hu-ს დიზაინის ფილოსოფია ადგილის, მატერიალური მეხსიერებისა და კულტურული უწყვეტობის ღრმა პატივისცემაზეა დაფუძნებული. ის ბუნებრივად ერწყმის Silk Development-ის ხედვას, რომელიც მდგრადი ინოვაციისა და თბილისის ურბანული ხასიათის პატივისცემას ემყარება. ორივე მხარე თავიდანვე იზიარებდა იმ რწმენას, რომ ასეთი შენობები შუშის მიღმა შესანახი და დროში გაყინული რელიქვიები კი არა, ცოცხალი ორგანიზმებია, რომელთაც ადაპტაციის უნარი აქვთ და საჯარო სივრცეში საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ღიაობის ხელშეწყობა კვლავ შეუძლიათ. სწორედ ამას ეფუძნებოდა მათი თავდაპირველი დანიშნულებაც.

ამ თანამშრომლობის შედეგად კი ისეთი პროექტი შეიქმნა, რომელიც სტუმართმოყვარეობის ჩვეულ ფარგლებს სცდება. ეს არის ხელახალი გააზრება იმისა, თუ როგორ აყალიბებს სივრცეები ქალაქებს; როგორ აძლევს ბიძგს ისტორია ინოვაციის მიმართულებას და რა გზით შეიძლება შეიძინოს მაღალი დონის დიზაინმა სრულიად ახალი, დამაკავშირებელი როლი და იქცეს ხიდად წარსულ მნიშვნელობას, აწმყოს საჭიროებებსა და მომავლის იმედებს შორის. დღევანდელ ინტერვიუში ლინდონ ნერი და როზანა ჰუ სასტუმრო „ტელეგრაფზე” მუშაობის შემოქმედებითი პროცესის შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ და თბილისის ისტორიულ ცენტრში მუშაობის გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებზე მოგვითხრობენ. Neri&Hu თავის ზოგად ფილოსოფიასაც გვაცნობს, რომელიც არქიტექტურას ურბანული, კულტურული და გარემოსდაცვითი ტრანსფორმაციის ერთგვარ ინსტრუმენტად მოიაზრებს.

ლინდონ ნერი და როზანა ჰუ. ფოტო: Andrew Rowat

Silk Development-მა სასტუმრო „ტელეგრაფის” პროექტისთვის სწორედ ისტორიულ შენობებთან თქვენი გამოცდილების გამო მოგმართათ. რა იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება, როდესაც ეს ადგილი ნახეთ და როგორ შეაფასეთ მისი მდებარეობა თბილისის ურბანულ გარემოში?

როდესაც Silk Development-მა სასტუმრო „ტელეგრაფის” პროექტისთვის მოგვმართა, ამ შესაძლებლობამ მაშინვე დაგვაინტერესა. ჩვენ თავიდანვე შევნიშნეთ ადგილის ისტორიული დატვირთვა და მისი ფარული პოტენციალი. ტელეგრაფის შენობას თბილისის სოციალურ მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია – არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ ღირსშესანიშნაობას, არამედ როგორც კომუნიკაციის, კავშირისა და მიმოცვლის სივრცეს.

ათწლეულების განმავლობაში ის ქალაქის სასიცოცხლო ცენტრი გახლდათ, სადაც გადაიცემოდა შეტყობინებები, იწყებოდა ისტორიები და ადამიანები სამყაროსთან კავშირს ამყარებდნენ. გავოცდით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ეს შენობა ამ ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და იქ თითქოს უძრაობა მეფობდა. თუმცა ასევე იგრძნობოდა “მთვლემარე ძალაც”, რომელიც ხელახალ გამოღვიძებას ელოდა. მისი გაცოცხლების პასუხისმგებლობა დიდ პატივად მივიჩნიეთ. გამოცოცხლება კი ხდება არა წარსულის წაშლით, არამედ მემკვიდრეობის გაგრძელებით. ჩვენი მიზანი შენობის იდენტობის პატივისცემა და თანამედროვე ფუნქციისთვის მისი ხელახალი გააზრება იყო. გვსურდა ამ ამბის მომდევნო თავი დაგვეწერა, რომელიც მის თავდაპირველ სულისკვეთებასთან – ღიაობასა და მიმოცვლასთან კავშირს შეინარჩუნებდა.

ფოტო არქივიდან

როგორ განსაზღვრა შენობის ისტორიულმა იდენტობამ თქვენი დიზაინის თხრობითი კონცეფცია? როგორ გაუმკლავდით ისტორიული შენობის თანამედროვე, მდგრად სასტუმროდ გარდაქმნის გამოწვევას, მისი ორიგინალური სულისკვეთების შენარჩუნებით?

ჩვენი სხვა მრავალი პროექტის მსგავსად, თხრობითი კონცეფციის შექმნა თავად შენობიდან დავიწყეთ – ამ შემთხვევაში, ტელეგრაფის  ყოფილი ოფისიდან, რომელიც ოდესღაც თბილისის ურბანულ და სოციალურ სისტემაში კავშირის სასიცოცხლო კვანძს წარმოადგენდა. მისი ისტორიული იდენტობის შენარჩუნება გვსურდა არა ნოსტალგიური გადმოსახედიდან, არამედ  თანამედროვე კონტექსტში მისი როლის ხელახალი ინტერპრეტაციის გზით. ვგრძნობდით, რომ შენობის არსი – ყოფილიყო კომუნიკაციის, შეკრების, საზოგადოებრივი ურთიერთობების სივრცე – ღრმად აქტუალური რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქცია ტელეგრაფიდან სტუმართმოყვარეობამდე შეიცვალა, გახსნილობისა და გაცვლის ეთოსი კვლავ გრძელდება. ამ კუთხით სასტუმროს აღვიქვამდით არა როგორც მის საწინააღმდეგო ცნებას, არამედ როგორც საზოგადოებრივი სივრცის ახალ ფორმას, რომელსაც თავისი წარსული სულისკვეთების სხვადასხვაგვარად გაგრძელება შეეძლო. მემკვიდრეობითი დატვირთვის მქონე არქიტექტურასთან ჩვენი მუშაობა ყოველთვის მრავალშრიანია – ისტორიის კვალი ერწყმის ახალ, აწმყო დროისათვის დამახასიათებელ ჩანართებს. ჩვენ შევინარჩუნეთ ძირითადი არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც შენობის მეხსიერებას იტევს, მაგრამ ამავდროულად ისეთი ახალი ელემენტებიც შემოვიტანეთ, რომლებიც მოხმარების, კომფორტისა და მდგრადობის თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. სწორედ პატივისცემასა და განახლებას შორის ბალანსი წარმოადგენს ჩვენი ძალისხმევის არსს – გარდავქმნათ ძველი და შევძინოთ მას ახალი საზრისი.

თქვენს დიზაინებს ხშირად ახასიათებენ, როგორც ღრმად კონტექსტუალურსა და გარემოსადმი მგრძნობიარეს. როგორ განმარტავდით „კონტექსტს” ამ ჭრილში და რა თვალსაზრისით გამოიკვეთა ის ამ პროექტში – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Silk Development მდგრადობასა და მემკვიდრეობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული?

ჩვენთვის კონტექსტი ფიზიკურ გარემოზე მეტია – ის ქალაქში შენობის სოციალურ, ისტორიულ და გარემოსდაცვით როლს ასრულებს. სასტუმრო „ტელეგრაფის” პროექტში ეს ისეთი სივრცის შექმნას ნიშნავდა, რომელიც საჯაროსა და კერძოს შორის ზღვარს წაშლიდა და ქალაქს მის კედლებში შეიპატიჟებდა. მაგალითად, პირველი სართული ურბანული ხასიათის გაგრძელებაა – სტუმართმოყვარე, აქტიური სივრცე, რომელიც თბილისის ქუჩების ცოცხალ კულტურას ირეკლავს.

მდგრადობა არანაკლებ არსებითია. მასალის შერჩევიდან დაწყებული, ენერგოეფექტური სისტემებით დამთავრებული, ყველა გადაწყვეტილება „LEED ოქროს სერტიფიკატის” მიზნებთან შესაბამისობაშია. Silk Development-ის ერთგულება მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პროგრესული დიზაინის მიმართ ჩვენს ხედვასთან სრულ თანხვედრაშია. ამან საშუალება მოგვცა, ისეთი პროექტი შეგვექმნა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოს და ამავდროულად, ორგანულადაა დაკავშირებული მისი ადგილმდებარეობის ხასიათთან.

ამ პრინციპების ინტეგრირებით, სასტუმრო „ტელეგრაფი” არა მხოლოდ ისტორიულ ადგილს იკავებს – არამედ მას ახლებურად გამოხატავს და მომავალი თაობებისთვის მის აქტუალობას უზრუნველყოფს.

როგორ ურთიერთკავშირშია განახლებული სასტუმრო „ტელეგრაფი” მიმდებარე ურბანულ გარემოსთან – როგორც ვიზუალურად, ასევე სოციალურად? რა გზებით უწყობს ის ხელს უფრო ეკოლოგიურად სუფთა და ცოცხალი ქალაქის ლანდშაფტის ჩამოყალიბებას?

განახლებული სასტუმრო „ტელეგრაფი” მიმდებარე ურბანულ სისტემასთან აქტიური ურთიერთქმედებისთვის დაპროექტდა – როგორც ვიზუალური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. პირველი სართული იზოლირებული ელემენტების უბრალო ერთობლიობა არ გახლავთ. ის ქალაქის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს და თითქოს ურბანულ კონტექსტში განლაგებული ცალკეული შენობებიცაა. შიდა დერეფნები პატარა ქუჩებივით ფუნქციონირებს, ქალაქთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია და ტერიტორიაზე გადაადგილების წახალისების ფუნქციას ითავსებს. მთავარი აქცენტი გამჭვირვალე ფასადია, რომელიც შიდა და გარე სივრცეებს შორის საზღვრის წაშლას უწყობს ხელს. ეს „ვიზუალური გამტარობა“ გამვლელებს შესვლისკენ უბიძგებს და საჯარო და კერძო სივრცეებს შორის უწყვეტობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. პროექტის გულში მოქცეული დიდი ცენტრალური ეზო ქალაქის ახალ, ცოცხალ მოედნად გარდაიქმნება – შეკრების სივრცედ, სადაც გამწვანება და მცენარეული ელემენტები უხვადაა. ის უბანს არა მხოლოდ სოციალურ ენერგიას მატებს, არამედ უფრო მდგრად და ადამიანზე ორიენტირებულ ურბანულ ლანდშაფტსაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

თუ შეიძლება, გვიამბეთ Silk Development-თან თანამშრომლობის პროცესის შესახებ. როგორ განსაზღვრა შედეგი ისეთმა საერთო ღირებულებებმა, როგორებიცაა – მდგრადობა, ინოვაცია და ისტორიის პატივისცემა?

Silk Development-თან ჩვენი თანამშრომლობა თავიდანვე კონსტრუქციული და ჰარმონიული იყო. ხედვისა და ღირებულებების თანხვედრა გვაერთიანებდა – განსაკუთრებით მდგრადობის, ინოვაციისა და ადგილის ისტორიული მნიშვნელობის პატივისცემის კუთხით – რამაც პროექტს მყარი საფუძველი შეუქმნა. ამ თანხვედრიდან გამომდინარე, დიზაინის პროცესი ერთდროულად მოქნილიც იყო და  – მიზანმიმართულიც. შენობის ხასიათის შენარჩუნების მნიშვნელობისა და ახალ ფუნქციასთან მისი ადაპტაციის შესახებ ყოველთვის ცხადი ურთიერთგაგება გვქონდა. ამავდროულად, დამკვეთის მტკიცე ერთგულებამ გარემოსდაცვითი ეფექტურობის მიმართ ჩვენს მცდელობებს კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი, რომ დიზაინის ყველა ეტაპზე მდგრადი სტრატეგია გამოგვეყენებინა. ეს გახლდათ ნამდვილი პარტნიორობა, სადაც შემოქმედებითი იდეების ღიად და თავისუფლად განხილვის საშუალება გვეძლეოდა და ამავდროულად, მყარად მივიწევდით მთავარი მიზნისკენ, რაც ყოველთვის საერთო ღირებულებებსა და დანიშნულების ერთიან შეგრძნებას ეფუძნებოდა.

როგორ გეგმავთ შინაარსითა და პასუხისმგებლობით სავსე გამოცდილების შექმნას Silk Hospitality-თან ერთად სასტუმრო „ტელეგრაფის“ სტუმრებისთვის? როგორ ერწყმის თქვენს ხედვაში დიზაინი, კომფორტი და მდგრადობა ერთმანეთს?

Silk Hospitality-თან ერთად უბრალოდ სასტუმროზე მეტის შექმნა გვსურდა – ჩვენი ხედვა იყო პასუხისმგებლობით სავსე და სიღრმისეული გამოცდილება, რომელიც გააზრებულ დიზაინს, ნამდვილ კომფორტსა და მდგრად პრაქტიკებს აერთიანებს.

ჩვენ ვქმნიდით მოგზაურებისთვის და არა უბრალოდ ტურისტებისთვის. ანუ მათთვის, ვინც ეძებს კავშირს და არა მხოლოდ განთავსებას. სასტუმრო „ტელეგრაფი” „სახლია სახლიდან შორს”, სადაც ყველა დეტალი თბილისის სულისკვეთებას გამოხატავს. ადგილობრივი ოსტატობა, მასალები და ხელოვნება საკუთარ ამბავს ჰყვება, სივრცეების სითბო კი სტუმრებს ხანგრძლივი დროით დარჩენისა და ჩართულობისკენ უბიძგებს.

კომფორტი ახლებურად განისაზღვრება დახვეწილი დაგეგმარებით, ბუნებრივი განათებითა და აკუსტიკით, რაც სახლის სიმყუდროვის განცდას ქმნის. მდგრადობა უწყვეტადაა ინტეგრირებული სტუმრის გამოცდილებაში — ენერგოეფექტური სისტემებიდან ნულოვანი ნარჩენების მქონე ჰიგიენურ საშუალებებამდე — რაც უზრუნველყოფს, რომ ფუფუნება არ იყოს პლანეტის ხარჯზე. საბოლოოდ, სასტუმრო მხოლოდ სტუმრების განთავსებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ მათ ქალაქის ცოცხალი ისტორიის ნაწილად ქცევას სთავაზობს.

თქვენი აზრით, როგორ შეუწყობს ხელს სასტუმრო „ტელეგრაფი” ქალაქ თბილისის ცხოვრების განვითარებას, სტუმართმოყვარეობის სტანდარტებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერებას ამაღლებას?

სასტუმრო „ტელეგრაფი” თბილისის ურბანული, კულტურული და გარემოსდაცვითი ევოლუციის „პროგრესის კატალიზატორად” გარდაქმნისთვის მზადაა.

ისტორიული შენობის საჯარო სივრცეებით ხელახალი გააქტიურება კიდევ უფრო აძლიერებს ქალაქის ურთიერთკავშირებს და ადგილობრივებსა თუ ვიზიტორებს კავშირისთვის ცოცხალ ცენტრს სთავაზობს. სტუმარმასპინძლობის კუთხით, სასტუმრო ამაღლებს სტანდარტებს, რადგან კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სავსებით შესაძლებელია ავთენტურობა და მდგრადობა თანაარსებობდეს მაღალ დიზაინთან, რითიც ახალი თაობის პროექტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. როგორც „LEED ოქროს სერტიფიკატისთვის” განკუთვნილი პროექტი, ის გვაჩვენებს, რომ მემკვიდრეობის შენარჩუნება და ულტრათანამედროვე ეკო-ცნობიერება არა მხოლოდ თავსებადია, არამედ ერთმანეთს ავსებს კიდეც. საბოლოოდ კი ეს არ არის უბრალოდ სასტუმრო; ეს არის განაცხადი იმის შესახებ, რომ თბილისის მომავალი ითვალისწინებს და პატივს სცემს მის წარსულს, რაც ინოვაციების დანერგვისადმი ღიაობითაა შესაძლებელი.

A New Life for the Telegraph: Heritage Revived through the Collaboration of Silk Development and Neri&Hu

Baxter – როდესაც ხელოვნება თქვენს სახლში ცოცხლდება