in

სწორად შერჩეული დიზაინის როლი ადამიანის ემოციური კომფორტისთვის – ინტერვიუ ნინო ჩხარტიშვილთან

ყველა ნატრობს უნიკალურ და ინდივიდუალურ სახლს, თუმცა მისი შექმნა, ბევრისთვის, დიდი გამოწვევაა. საკუთარი სივრცის მიმართ ხშირად მრავალ მოთხოვნას ვაყენებთის უნდა მოერგოს ჩვენი ცხოვრების სტილს; აუცილებლად პრაქტიკულად უნდა დაიგეგმოს; სივრცე მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, მაგრამ არც ძალიან გადავტვირთოთ; სახლი კომფორტულიც უნდა იყოს და ლამაზიც; მოკლედ, თავი საკუთარ სახლში უნდა ვიგრძნოთთუმცა არ ვიცით, როგორ დავაკმაყოფილოთ ჩვენივე მოთხოვნები.

ნებისმიერი დიზაინი არის არა მხოლოდ ვიზუალური შემოქმედება, არამედ მისი ფუნქციურად გამართვის ხელოვნება. ინტერიერის დიზაინერები ხშირად სხვადასხვა საინჟინრო, კონსტრუქციული თუ გეგმარებითი გამოწვევების წინაშე დგებიან. ინტერიერის შექმნა ტექნიკურად კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებასა და პრობლემების კრეატიულად გადაჭრის უნარს, ვინაიდან ყოველი დეტალი განაპირობებს ადამიანის ყოველდღიურობასა და კომფორტს.

ამავდროულად, დიზაინის ვიზუალს დეკორატიული დატვირთვის გარდა, ადამიანის ემოციებისა და განწყობის შექმნის ძალაც აქვს.  ზოგადად, შემოქმედება და დიზაინი არის ადამიანების თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება. იმისათვის, რომ სივრცემ ზუსტად აირეკლოს ჩვენი პიროვნება, ტენდენციები ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ და მთავარ ფოკუსში საკუთარი ინტერესები მოვაქციოთ.

როგორც ინტერიერის დიზაინერი, ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს, ფუნქციურობა არის სივრცის ჩონჩხი, ხოლო ესთეტიკამისი სული, ხოლო მათი ერთობლივი მუშაობა ქმნის სრულფასოვან სივრცეს. დღევანდელ ინტერვიუში იგი გვიამბობს, როგორ იქცა მისი ბავშვობის გატაცება შემოქმედებით, ჯერ პროფესიულ ინტერესად, შემდეგ კი ჩამოყალიბდა იმ პრინციპებად, რომელთა ხელმძღვანელობით დღეს ის ქმნის გასაოცარ სივრცეებს. ნინოს დიალოგი ნებისმიერ სივრცესთან იწყება სახლის მეხსიერებით და უპირველესად, მისი არქიტექტურული შრეების კვლევას მოიცავს. საკუთარი უნივერსალური მიდგომით, დიზაინერი ნებისმიერ ინტერიერს გარდაქმნის ატმოსფეროდ, რომელიც უნიკალურ ამბავს მოგვითხრობს.

როგორ დაიწყეთ თქვენი გზა ინტერიერის დიზაინში და რა იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ ეს პროფესია თქვენთვისაა?

ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნებადიდ დროს ვუთმობდი ხატვას და ჩემს ნამუშევრებში ვქმნიდი საკუთარ, წარმოსახვით სამყაროს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ადამიანს შეუძლია ხელოვნების მეშვეობით შექმნას სივრცე, სადაც ყველაფერი მას ეკუთვნისემოცია, ფერი, განწყობა.

მოზრდილ ასაკში მივხვდი, რომ ხელოვნება მხოლოდ პირად თავშესაფარად არ უნდა დარჩესშეგიძლია შენი შემოქმედებით სხვებსაც გაუჩინო სიმშვიდის, სიხარულისა და ესთეტიკური სიამოვნების განცდა. სწორედ ამ იდეამ მაგრძნობინა, რომ დიზაინი შეიძლება იქცეს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებად.

გარდამტეხი მომენტი იყო იმის გაცნობიერება, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკის სფერო კი არა, იგი საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც დიდ ყურადღებასა და მონდომებას მოითხოვს. სივრცეს შეუძლია ადამიანი დაამშვიდოს, შთააგონოს, დაბალანსოს. სწორედ ამ ენერგიამ დამარწმუნა, რომ ინტერიერის დიზაინი ჩემი გზა იყო.

როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილსრა განასხვავებს ნინო ჩხარტიშვილის ხელწერას?

ჩემი მთავარი მიმართულება არის ძველი სახლების რესტავრაცია. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია არქიტექტურული შრეების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ელემენტებთან ჰარმონიულ დიალოგში შეყვანა. ასე იბადება სივრცე, რომელიც ერთდროულად ატარებს კულტურულ მეხსიერებას და ქმნის ახალ, თანამედროვე ესთეტიკურ ისტორიას.

ჩემს სტილს ახასიათებს სიმარტივისა და ბუნებრივი მასალების ჰარმონიული სინთეზიმიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად ბოჰემურ ესთეტიკას უახლოვდება. ვცდილობ, შევქმნა მშვიდი, ორგანული გარემო, სადაც ფორმები, ტექსტურები და ფერები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. ამ სიმშვიდეში ყოველთვის ჩნდება ერთი გამოკვეთილი აქცენტიიქნება ეს არტობიექტი, არატრადიციული განათება თუ მასალის ძლიერი ტექსტურარომელიც ინტერიერს უნიკალურ ხასიათს და ინდივიდუალობას ანიჭებს.

რაც შეეხება ჩემს ხელწერას, ვფიქრობ, ის იმით გამოირჩევა, რომ თითოეულ სივრცეს საკუთარი, განსხვავებული ხასიათი აქვს. პროექტის შინაარსობრივი საფუძველი ჩემთვის ყოველთვის მთავარი ბაზისიასწორედ ამ შინაარსის გარშემო ვითარდება მთელი დიზაინპროცესი. წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგი, რომელიც ამ პროცესში ჩნდება, ჰარმონიულ სინთეზს ქმნის და სწორედ ეს უწყვეტი ნარატივი ყველაზე ზუსტად განსაზღვრავს ჩემს ხედვას.

რომელ პრინციპებს ეფუძნება თქვენი სამუშაო პროცესიგვიამბეთ, რა არის თანმიმდევრულად მნიშვნელოვანი თითოეულ პროექტში?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ის, რომ თითოეული პროექტი ინდივიდუალურად მორგებული იყოს დამკვეთის ცხოვრების სტილზე, საჭიროებებსა და ემოციურ კომფორტზე. ამიტომ პროცესი ყოველთვის იწყება გეგმარების სწორად  გადაწყვეტითეს ქმნის იმ სტრუქტურულ ჩარჩოს, რომელზეც შემდეგ უკვე ბუნებრივად ეწყობა მთელი დიზაინი.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ დეტალური ტექნიკური ნახაზების შექმნას. რეალობაში სწორედ ამ ნაწილს უყურებენ ხშირად ზედაპირულად, თუმცა ჩემთვის ეს არის მშენებლობის პროცესის გამარტივების, შეცდომების თავიდან აცილებისა და საბოლოო ხარისხის უმთავრესი გარანტია. ამიტომ დიზაინერისთვის აუცილებელია ტექნიკურ დეტალიზაციაში სიღრმისეული ჩახედულობა.

სივრცის შექმნის პროცესში ჩემთვის მთავარი პრინციპები ასეთია: ბუნებრივი სინათლის მაქსიმალური შენარჩუნება; მასალების ვიზუალი და ხარისხი; სივრცის ფუნქციური გამართვა და ყოველდღიურობაში მისი კომფორტული გამოყენება; ემოციური ატმოსფეროროგორ იმოქმედებს გარემო ადამიანზე და როგორ ემოციას გამოიწვევს მასში.

საბოლოოდ, ნებისმიერი ინტერიერი, ჩემთვის, უნდა იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული, არამედ ფუნქციურად გამართული, ადამიანზე მორგებული და ემოციურად შესაბამისი.

საიდან იღებთ შთაგონების წყაროს დიზაინის შექმნის პროცესში?

მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში ყოველთვის მეხმარება მასალების, ფერებისა და ფორმების ახალი კომბინაციების აღმოჩენაში. განსვავებული პალიტრები და არქიტექტურული დეტალები მუდმივად მაძლევს ახალ ხედვას და ახალ კითხვებს, რომელზეც დიზაინით ვპასუხობ.

თუმცა, შთაგონების ყველაზე ძლიერი წყარო მაინც თვითონ საპროექტო სივრცეა. თითოეულ ობიექტს აქვს საკუთარი ისტორია, ენერგია, შეცდომები და პოტენციალი. სწორედ ეს შინაგანი “ამბავი” მკარნახობს ყველაზე სწორ და ზუსტ გადაწყვეტებს.

ასე რომ, ჩემი შთაგონება ყოველთვის პროცესში იბადებაურთიერთობაში სივრცესთან, გარემოსთან, ადამიანებთან და იმ რეალურ ისტორიებთან, რაც თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად გააჩნია.

შესაძლებელია თუ არა ბალანსის მიღწევა ფუნქციურობასა და ესთეტიკას შორის? თქვენ როგორ იცავთ ამ ზღვარს საკუთარ პროექტებში?

არა მხოლოდ შესაძლებელიაეს აუცილებელი პირობაა. ფუნქციურობა არის სივრცის ჩონჩხი, ხოლო ესთეტიკა – მისი სული. ერთი მეორის გარეშე არასრულფასოვანია. როცა ეს ორი ელემენტი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, იქმნება ინტერიერი, სადაც ადამიანს შეუძლია ბუნებრივად, კომფორტულად და თავისუფლად იცხოვროს.

ჩემს პროექტებში ყოველთვის ვცდილობ, ფუნქცია და ესთეტიკა თანაბარ პოზიციაზე დავაყენო: არ მსურს, სივრცე მხოლოდ ლამაზი იყოს ან მხოლოდ პრაქტიკულიმიზანი არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ვიზუალურად შთამბეჭდავიცაა და ყოველდღიურ ცხოვრებასაც რეალურად ამარტივებს.

როგორ შეაფასებთ ქართულ დიზაინ სივრცესრა ტენდენციები და გამოწვევები არსებობს ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოში დიზაინის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდებადღეს ბევრად უფრო მეტ ინტერესს ვხედავ როგორც ხარისხიან არქიტექტურაზე, ასევე არასტანდარტულ და ინდივიდუალურ ინტერიერზე. ქვეყანაში ნამდვილად არსებობს დიდი პოტენციალი, თუმცა გამოწვევებიც არანაკლებია.

ერთერთი მთავარი პრობლემა არის პროფესიული განათლების არასაკმარისი სიღრმე. ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არისეს არის ტექნიკურად კომპლექსური სფერო, რომელშიც გეგმარება, კონსტრუქციები, საინჟინრო სისტემები, მასალათმცოდნეობა და სამუშაო პროცესის მართვა იმაზე გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ამ კომპონენტების დაუფლება განსაზღვრავს პროექტის ხარისხს, და ამ მხრივ ჯერ კიდევ გვაქვს გასაუმჯობესებელი გარემო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის მასალების მწირი არჩევანი და ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტი, რაც დიზაინერს ხშირად აიძულებს კომპრომისზე წასვლას. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი დამკვეთი ინტერიერს ჯერ კიდევ არ აღიქვამს როგორც გრძელვადიან ინვესტიციას, რის გამოც პროფესიონალების შრომის ღირებულება ყოველთვის სათანადოდ არ ფასდება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად იზრდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს, ინდივიდუალურობასა და პროფესიონალურ მიდგომას. ეს ტენდენცია ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მთელი სფეროს განვითარებას.

როგორ ფიქრობთ, დღესროდესაც ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ შენობებშიროგორ შეუძლია ინტერიერს აანაზღაუროს ბუნებასთან კავშირის დანაკლისი?

თანამედროვე ადამიანს ხშირად აქვს ბუნებასთან კავშირის დანაკლისი, ამიტომ ინტერიერმა უნდა შექმნას სინათლის, მასალისა და სიმშვიდის ის განცდა, რაც ბუნებრივ სივრცეს აგონებს. ამის მიღწევა შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი ელემენტის საშუალებით: ბუნებრივი ტექსტურები; თბილი განათება; მცენარეები; თავისუფალი ვიზუალური კავშირები გარე სივრცესთან და დამამშვიდებელი ფერთა პალიტრა.

ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ დეკორაციის დონეზეეს არის ემოციური კომფორტის შექმნა, სივრცის გარდაქმნა ისეთ ატმოსფეროდ, სადაც ადამიანი შინაგანი ჰარმონიის შეგრძნებას უბრუნდება.

როგორ შევქმნათ ინტერიერი, რომელიც გამოხატავს ჩვენს შინაგან სამყაროს? როგორია თქვენი რჩევა ამ მხრივ?

უპირველესად, ადამიანმა უნდა მოუსმინოს საკუთარ თავსრა აბალანსებს, რა ამშვიდებს, რა შთააგონებს. სივრცე ინტუიციურად უნდა მოერგოს ცხოვრების წესს.

ჩემი რჩევაა, აირჩიეთ ის, რაც ნამდვილად თქვენთანაა დაკავშირებული და არა ის, რაც უბრალოდ პოპულარულია. ინტერიერი, რომელიც ადამიანთან ჰარმონიულ ბალანსშია. არასოდეს კარგავს ღირებულებას.

როგორ ხედავთ ინტერიერის დიზაინის მომავალს საქართველოში?

მომავალი აშკარად მიმართულია მინიმალიზმის, ბუნებრივი მასალებისა და გააზრებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებისკენ. ვფიქრობ, საქართველოში მეტად გაძლიერდება პროფესიონალიზმი და კოლაბორაციებიდიზაინერები, არქიტექტორები, ხელოსნები ერთად შექმნიან უფრო მაღალ სტანდარტს. ასევე იზრდება მოთხოვნა ხელნაკეთი, ადგილობრივი წარმოების ავეჯზე, რაც ძალიან მახარებს.

და ბოლოს, რა არის მთავარი, რაც ახალგაზრდა დიზაინერებმა უნდა გაითვალისწინონ?

უპირველესადინდივიდუალობის შენარჩუნება. დიზაინი მუდმივი სწავლაა და საჭიროა ძლიერი საფუძველი: ტექნიკური ცოდნა, მასალებისადმი პატივისცემა და საკუთარ საქმეში მუდმივად განვითარებაზე ორიენტირება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარი თავის რწმენაა. ხელწერა დროთა განმავლობაში ყალიბდებაგამოცდილებით, დაკვირვებით, შეცდომებითა და აღმოჩენებით. მაგრამ თვითრწმენა ის ენერგიაა, რომელიც დიზაინერს გზაზე აყენებს და წინ მიჰყავს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალგაზრდებმა გააცნობიერონ: ერთი თითქოს ჩვეულებრივი სივრცე, ცოტა კრეატიულობისა და სწორი ხედვის შედეგად, შესაძლოა, სრულიად ახალ ისტორიად გადაიქცეს. ეს შესაძლებლობა გახდა ჩემი საკუთარი საქმის მთავარი მამოძრავებელი ძალაძალა, რომელიც დღემდე მავსებს და ემოციურად მკვებავს.

ეს უნდა გახდეს საბოლოო მიზანიც: შექმნა ღირებული შედეგი, რომელიც არა მხოლოდ ინტერიერად, არამედ ცხოვრების ნაწილად გარდაიქმნება.

ფოტოგრაფი: ფოტოგრაფები: ლუიზა ჩალათაშვილი, ბექა გულვა.

“ჰაერში გამოკიდებული” სივრცე – ელენე სხვიტარიძის ნამუშევარი კიკეთის ტყეში