in

პერმაკულტურის კონცეფცია და ცირკულარულობა არქიტექტურაში

კლიმატის ცვლილების გავლენისა და გარემოსდაცვით და ეკონომიკურ განვითარებას შორის ბალანსის მნიშვნელობაზე მსოფლიო უკვე ყოველდღე საუბრობს. თუმცა მხოლოდ საუბარი არ კმარა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო განსაკუთრებით იმ სექტორების მხრიდან, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვთ კლიმატის ცვლილებაზე სათბურის აირების გაფრქვევის, ბიომრავალფეროვნების დეგრადაციისა და თუ ურბანიზაციის კუთხით. ერთ-ერთ ასეთ სექტორს სამშენებლო სექტორი წარმოადგენს. სამშენებლო სექტორის მდგრადი და ცირკულარული განვითარებისთვის არაერთი სტრატეგია არსებობს, რაც წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამ სტატიაში კი გვინდა პერმაკულტურის კონცეფციაზე მოგიყვეთ, რომელსაც არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ფუნქციური და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეების შესაქმნელად იყენებენ.

რა არის პერმაკულტურა, სად შეგვიძლია, ვნახოთ მისი მაგალითები და რა გავლენას ახდენს ის გარემოზე? – ეს ის კითხვებია, რომლებსაც ქვემოთ ვუპასუხებთ.

პერმაკულტურის კონცეფცია

ეს არის დიზაინის სისტემა, რომელიც გულისხმობს მდგრადი და ადამიანზე მორგებული გარემოს შექმნას, ეყრდნობა გარემოსდაცვითი და მდგრადობის დიზაინის პრინციპებს, იკვლევს მცენარეებთან, ცხოველებთან, შენობებთან და ინფრასტრუქტურასთან კონტაქტს, ამ ელემენტებს შორის შესაძლო ურთიერთობებს ლანდშაფტში მათი მდებარეობის საფუძველზე.

კონცეფცია აგებულია დიზაინის 12 პრინციპზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ პროექტებში. შედეგი კი ისაა, რომ ამ პრინციპების გამოყენებით შესაძლებელია სახლებში ენერგიის მოხმარების შემცირების ახალი გზების გავრცელება, წყლის დაზოგვა, საკვების წარმოებაში მონაწილეობა, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა და სხვა.

პერმაკულტურის კონცეფცია გამოიყენება სახლებში, ბაღებსა და სოფლებში. მისი მიზანია გარემოზე მინიმალური ზემოქმედება, თუმცა ამასთანავე ითვალისწინებს სოციალურ და ეკონომიკურ განზომილებებსაც.

პერმაკულტურის 12 პრინციპი არქიტექტურაში 

  • დაკვირვება და ურთიერთქმედება სწორი დიზაინგადაწყვეტის მისაღებად
  • ენერგიის შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის
  • სარგებლის მიღება შენივე დიზაინგადაწყვეტისგან (ეკონომიკურად და ეკოლოგიურად სასარგებლო შენობები და სივრცეები)
  • თვითრეგულაცია და უკუკავშირი, ანუ ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენება და მომხმარებლის მოსმენა
  • განახლებადი რესურსების გამოყენება
  • არ დატოვო ნარჩენები – მშენებლობის პროცესში რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და გადამუშავება
  • ბუნებრივ მოდელებზე დაყრდნობილი დიზაინი, რომელიც გაძლევს შთაგონებას დიზაინგადაწყვეტის მისაღებად
  • ინტეგრაცია სეგრეგაციის ნაცვლად, ანუ ფუნქციების გაერთიანება, მაგალითად, მინი ბაღი აივანზე
  • ფოკუსირება პატარა გადაწყვეტებზე
  • მრავალფეროვანი გადაწყვეტების მიღება
  • გარდამავალი სივრცეების ღირებულების ამოცნობა და მათი ეფექტურად გამოყენება
  • რეაგირება ცვლილებაზე და კრეატიული გამოყენება – დიზაინი უნდა იყოს ადაპტირებადი და მოსახერხებელი, რათა საჭიროებისამებრ შეიცვალოს დროის განმავლობაში

პერმაკულტურის მაგალითები არქიტექტურაში

BedZED ნულოვანი ენერგიის საცხოვრებელი უბანი ლონდონში, რომელიც იყენებს მზის პანელებს, ბუნებრივ ვენტილაციას, გადამუშავებულ მასალებს და მაღალ თერმულ იზოლაციას.

Eco-Dome (SuperAdobe) მდებარეობს აშშ-ში, აშენებულია მიწისა და თიხის ნაზავისგან, აქვს მიწის ტომრების კონსტრუქცია, რომელიც შეიმუშავა ირანელმა არქიტექტორმა ნადერ ხალილიმ. ეს ნაგებობა ბუნებრივი მშენებლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

„ურბანული პერმაკულტურის“ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 60 Richmond Housing Cooperative კანადაში. მისი რესტორანი მარაგდება შენობის სახურავზე მოყვანილი ბოსტნეულით, ხილითა და მწვანილით, ხოლო ბაღი ირწყვება სახურავიდან წვიმის წყლით. სამზარეულოში ორგანული ნარჩენები ისევ ამ ბაღის სასუქად გამოიყენება.

რა უნდა იცოდეთ, სანამ პერმაკულტურის პრინციპებს შეიტანთ პროექტში

იმისთვის, რომ პერმაკულტურის პრინციპები ინტეგრირდეს არქიტექტურულ პროექტში, აუცილებელია ადგილის ბუნებრივი მახასიათებლების, კლიმატისა და რესურსების შეფასება დიზაინგადაწყვეტილების მისაღებად.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად აირჩიეთ ადგილობრივი წარმოშობის, განახლებადი და დაბალი ზემოქმედების მქონე მასალები. უფრო ჯანსაღი შიდა გარემოს შესაქმნელად და ბუნებასთან კავშირის გასაძლიერებლად კი დააინტეგრირეთ ბუნებრივი ელემენტები, როგორიცაა მცენარეები, წყლის ობიექტები და ბუნებრივი განათება.

ჯანსაღი შიდა ატმოსფეროს შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ჰაერის ფილტრაცია და პრიორიტეტი მიანიჭეთ არატოქსიკურ მასალებს.

ხელახალი გამოყენება: ნარჩენების შესამცირებლად და რესურსების დაზოგვის მიზნით, განიხილეთ არსებული შენობების ან მასალების ხელახალი გამოყენების ყველა შესაძლო ვარიანტი.

პერმაკულტურის პრინციპები არა მარტო თქვენს შენობასა თუ სივრცეს მოუტანს სარგებელს, არამედ გარემოსაც. ის ქმნის მდგრად პროექტებს, რომლებიც დროს უძლებს. ის ცირკულარული ეკონომიკის ნაწილია, რომელთან ერთადაც ქმნის ბუნებისა და ადამიანისთვის სასარგებლო მოდელებს. ნარჩენების შემცირებით, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, ხელახლა გამოყენებაზე ფოკუსირებით, პერმაკულტურა და ცირკულარულობა ჩვენი პლანეტის სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ლოკალურად, ჩვენს საცხოვრებელ სივრცეებში ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.

[R]

შთამბეჭდავი ლოფტის ინტერიერი ძველი თავლის შენობაში — არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია თანამედროვე ესთეტიკაში

ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერი ორთაჭალაში – სანდრო კვირიკაძის ნამუშევარი