in

6 სასარგებლო გზა სააბაზანოს ინტერიერის გასაახლებლად

ხშირად აბაზანაში მთავარ როლს ნიჟარა და მის ირგვლივ არსებული სივრცე თამაშობს. კარადები, სარკეები და სხვა ნივთები ამ ადგილას ძალიან დახვეწილ დიზაინს ქმნიან. იმისთვის, რომ რამდენიმე ელემენტი გაერთიანდეს და გამორჩეული ინტერიერი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, რომ ნივთები ერთმანეთთან სასიამოვნო ბალანსში იყოს როგორც დიზაინისა და სხვა მახასიათებლების, ასევე ფუნქციურობის მხრივაც. აბაზანის ნაწილი უნდა მოიცავდეს ტექსტურებს, ფერებს, უნიკალურ კომბინაციებსა და დიდი ყურადღებით შერჩეულ ავეჯს.

დღეს დიზაინერები ამ სივრცის გასახალისებლად იყენებენ ძვირფას და ელეგანტურ მასალას, როგორიცაა, მაგალითად, მარმარილო ან ბუნებრივი ქვა. მომხიბლავი ფორმები და სწორად შერჩეული ფერები კი სივრცეს მაქსიმალურად ზრდის და ქმნის შესანიშნავ ზედაპირებს. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ იმისთვის, რომ თქვენი სააბაზანო ფუნქციურ და მომხიბლავ სივრცედ აქციოთ.

დამალეთ დენის წყაროები

აბაზანის სტრატეგიულ ადგილებში ელექტროგადამცემების დაყენება ამარტივებს ელექტრო მოწყობილობების შეერთებას, როგორიცაა, მაგალითად, თმის საშრობი, ელექტრო საპარსი და ასე შემდეგ, მაგრამ დენის კაბელების არსებობა აუფერულებს მდიდრულ და დახვეწილ ზედაპირებს, გამორჩეული დიზაინის მქონე სარკეებსა და თანამედროვე ავეჯს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დენის წყაროები დამალული იყოს, რათა ოთახში საერთო ესთეტიკა შენარჩუნდეს.

ფოკუსირება მოახდინეთ ნიჟარასა და სხვა ფუნქციურ დეტალებზე

ბალანსის შექმნისთვის მნიშვნელოვანია ფუნქციური მოწყობილობების სწორად დაგეგმარება ისე, რომ ისინი ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ამისთვის შეგიძლიათ შექმნათ შემაღლებული ადგილი, გამოკვეთოთ ნიჟარა ან კარადები, გამოიყენოთ კონტრასტული ფერები კონკრეტული ნივთის გამოსაკვეთად. ამგვარი დიზაინის შექმნისთვის საინტერესო არჩევანია ვარდისფერი მარმარილო, რომელიც ძალიან მსუბუქი, თბილი და მდიდრული მასალაა. შედეგად მიიღებთ ძალიან განსხვავებულ და განსაკუთრებულ ინტერიერს, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან.

შექმენით საკუთარი დიზაინი

სააბაზანოს სივრცე მოიცავს ბევრ აუცილებელ ელემენტს, როგორებიცაა ნიჟარა, საკიდები, სარკე, კარადები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან დამატებით კი მნიშვნელოვანია ისეთი დეტალები, რომლებიც უშუალოდ თქვენი სტილისა და გემოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. ნუ მოერიდებით არქიტექტურულ ექსპერიმენტებს, შეიძინეთ უჩვეულო ფორმისა და დიზაინის ნივთები და გამოიყენეთ ისეთი განლაგება, რომელიც სტუმრებს ერთი ნახვით მოხიბლავს.

ყურადღებით შეარჩიეთ მასალა

მასალის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს სააბაზანოს სტილსა და ხასიათს. როდესაც სივრცე მცირეა, არჩევანი უფრო სადა, ნათელ და ბუნებრივ პროდუქტზე კეთდება, ხოლო მუქი ფერის, ელეგანტური მასალა კარგია კლასიკური დიზაინის შესაქმნელად. მასალის შერჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ავეჯი თუ სხვა დეკორაციები განალაგოთ ისე, რომ მაქსიმალურად მოერგოს სააბაზანოს საერთო იერსახეს. ამგვარი მიდგომა დაგეხმარებათ მოწესრიგებული, მშვიდი, მყუდრო და ფუნქციური სივრცის მოწყობაში.

იყავით გამბედავი ფორმებთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თანამედროვე ავეჯი და სანტექნიკა მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმისაა, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სრულიად განსხვავებული ფორმის მქონე პროდუქტი, რის ხარჯზეც ცოცხალ და განსხვავებულ ინტერიერს შექმნით. მომრგვალებული ფორმები ძალიან უხდება თანამედროვე სააბაზანოს, ამასთან, შეგიძლიათ თაღოვანი ზონების შექმნაც, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან ფუნქციურიცაა. ნუ მოერიდებით მასალით, ფერებითა და ტექსტურით ექსპერიმენტების ჩატარებას და შეარჩიეთ ისეთი კომბინაციები, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებას.

იპოვეთ სიმეტრია

სიმეტრია და გეომეტრიული განაწილება დაგეხმარებათ იმაში, რომ სააბაზანოში საჭირო ბალანსი იპოვოთ, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ ავეჯისა და სხვა ნივთების განაწილებას. მაგალითად, ნიჟარა შეგიძლიათ მოარგოთ კერამიკულ ფილებს. ამ გზით შეძლებთ ზედმეტი ხარჯების გარეშე შექმნათ მოწესრიგებული და სწორად განაწილებული ინტერიერი, რომელიც თვალისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება.

არქიტექტურა, რომელიც მატერიალურ, დროულ და სივრცულ მაჩვენებლებს ცდება – ინტერვიუ ვანო ქსნელაშვილთან

ცალკე მდგომი აბაზანა – რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევის პროცესში?