დიდ დიღომში ახალგაზრდა ოჯახისთვის აშენდა ერთ-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის არქიტექტურა და ინტერიერი სრულად Wii Design Studio-ს მიერ არის შექმნილი. პროექტის ფართობი 350 მ²-ია, საიდანაც 66 მ² საზაფხულო ფართს უჭირავს. დამკვეთების მთავარი სურვილი იყო, საცხოვრებელი სივრცე ყოფილიყო ერთსართულიანი, აგურის ფასადითა და კეთილმოწყობილი ეზოთი, რომელშიც იქნებოდა მაქსიმალურად დაცული კომფორტისა და სიმყუდროვის განცდა.
სახლის ტერიტორია ვიზუალურად საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ვიწრო და გრძელი ფორმის გამო, არქიტექტორებს სასურველი მოცულობის მიღწევა შეზღუდულ სამშენებლო არეალში მოუხდათ. გეგმარების წამყვანი ელემენტი გახდა შიდა ბაღი — სიმეტრიული, მწვანე სივრცე, რომელიც არა მხოლოდ სახლის გეომეტრიულ ცენტრს წარმოადგენს, არამედ მოძრაობის ლოგიკას განსაზღვრავს და ინტერიერში სინათლისა და ბუნების მუდმივ არსებობას უზრუნველყოფს.
სწორედ შიდა ბაღის გარშემო ოთხ ძირითად ზონად დაიყო საცხოვრებელი სახლი: ქვედა ნაწილში განთავსებულია შესასვლელი და ჩაშენებული გარდერობი, მარცხენა მხარეს — კაბინეტი და სტუმრების სველი წერტილი, ზედა ნაწილში — ღია ტიპის სამზარეულო და მისაღები სივრცე, ხოლო მარჯვენა ფრთაში — საძინებლები და სველი წერტილები. ინტერიერის გეგმარება მოიცავს მთავარ საძინებელს ინდივიდუალური სველი წერტილით, ბავშვისა და სტუმრის საძინებლებს, საერთო სველ წერტილს, სამრეცხაოს და ფუნქციურად გამართულ საკუჭნაო ზონას, რომელიც სრულადაა დამალული სამზარეულოს ხის ფასადის უკან.
პროექტში რამდენიმე დეტალია, რომლებიც ავტორებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ერთ-ერთი მათგანია სწორედ ზემოხსენებული დამალული საკუჭნაოა, რომელიც ინოვაციური სივრცობრივი გადაწყვეტის მაგალითია.
მისაღებში ყურადღებას იქცევს ჭერის რბილად დატალღული ელემენტები, რომლებიც სივრცის ზონირებასა და ვიზუალურ დინამიკას ემსახურება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მთავარი საძინებლის სველი წერტილი — მომრგვალებული საშხაპე ჭერიდან დაშვებული წყლის სისტემით.
საინტერესოა სტუმრების სველი წერტილი, რომელიც პროექტის ავტორებმა საგანგებოდ განსხვავებულ ესთეტიკაში გადაწყვიტეს. აქ მეტად თამამი ტონალობა და რადიკალურად უცხო განწყობა გვხვდება. დიზაინერების მიზანი ე.წ. “selfie spot” ზონის შექმნა იყო, რაც ნამდვილად წარმატებით არის განხორციელებული.
მასალათა არჩევანი ინტერიერში მრავალფეროვანია, თუმცა დამახასიათებელი რჩება ბუნებრივი ფაქტურებისადმი სწრაფვა — სხვადასხვა ტონალობის შპონი, ქვის დეტალები და ნეიტრალური ტექსტილები ქმნის თბილ, მყუდრო და ბუნებრივ გარემოს. ფერები ძირითადად მშვიდია, რაც ხაზს უსვამს ინტერიერის მთავარ განწყობას — ჰარმონიულ ოჯახურ ცხოვრებას.
არქიტექტურულ ნაწილში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფასადის მასალის — აგურის გამოყენება იქცა. ეს იყო დამკვეთების მკაფიო მოთხოვნა, რასაც სტუდია სიფრთხილით მოეკიდა. საბოლოოდ, შეირჩა ძველი ქართული აგური, რომელიც ბუნებრივად ერწყმის ლოკალურ კონტექსტს და სახლის იდენტობას განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს. სახლის განაშენიანების ლიმიტებს შორის სწორი კომპოზიციური ბალანსის პოვნა შესაძლებელი გახდა სწორედ იმ სიზუსტითა და ინტუიციით, რაც არქიტექტორებმა ამ პროექტში ჩადეს.
Wii Design Studio-ს მიერ განხორციელებული ეს პროექტი, როგორც ავტორები აღნიშნავენ, მათთვის სიმშვიდეს, სიმყუდროვესა და ოჯახურ სითბოს უკავშირდება. ინტერიერისა და ექსტერიერის გაერთიანებით შექმნილი სივრცე არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ემოციურად დატვირთული და მაღალი ღირებულების მატარებელია.