in ,

კერძო სახლები საქართველოდან – Homeis.ge-ს რჩეული 8 პროექტი

Banner M2
Banner M2

მიუხედავად იმისა, რომ კორპუსის ბინაში ცხოვრებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, კერძო სახლში ცხოვრება სულ სხვა გამოცდილების მომცემია. გაშლილი სივრცე, გადაადგილების თავისუფლება, სუფთა ჰაერი და მეტი პრივატულობა – ეს იმ მიზეზთა მხოლოდ პატარა ნაწილია, რის გამოც ადამიანები საკუთარ სახლში ცხოვრებას ამჯობინებენ. პანდემიის პერიოდმა კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა ისეთ საცხოვრებლებზე, რომლებსაც საკუთარი ეზო გააჩნიათ. ამ მხრივ თბილისში და მის შემოგარენში ბევრი საინტერესო პროექტი გვხვდება, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში თავი მოვუყარეთ და სიამოვნებით გიზიარებთ.

სახლი კრწანისში 

ეს გახლავთ დიზაინერ ნინო ჟღენტის საცხოვრებელი სივრცე, რომელსაც ნამდვილად ეტყობა პროფესიონალის ხელი. ნინო სურდა, რომ ინტერიერი ყოფილიყო ნათელი და კომფორტული, სადაც ყოველი კუთხე ათვისებული იქნებოდა. შედეგიც სწორედ ასეთია – ეს მზით განებივრებული, თავისუფალი დაგეგმარებით შექმნილი სახლი იმდენად მყუდროა, რომ ოჯახის წევრებს ახალ გარემოსთან შეგუება საერთოდ არ გასჭირვებიათ.

ნახეთ პროექტი სრულად

სახლი თხინვალაში

ეს უმშვენიერესი საცხოვრებელი ქართველ ფოტოგრაფს, მარიამ სიჭინავას ეკუთვნის. მან სახლის ინტერიერზე მეუღლესთან ერთად იმუშავა და ამ სივრცეში საკუთარი გემოვნება, ოცნებები და ცხოვრებისეული ფილოსოფია გააერთიანა.

ნახეთ პროექტი სრულად

სახლი დიღომში

სახლი, რომელიც დიდი დიღმის კერძო დასახლებაში მდებარეობს, ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის. პროექტზე სტუდია “მედუზამ” იმუშავა. ეს არის 240 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელი სივრცე, რომელსაც გააჩნია მყუდრო, ნათელი და სადა ინტერიერი გამორჩეული შტრიხებითა და დეტალებით.

ნახეთ პროექტი დეტალურად

სახლი ტაბახმელაში

სახლი, რომელიც ტაბახმელაში, ტყის პირას მდებარეობს, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაშია. ეს არის უმშვენიერესი პროექტი მაღალი ჭერითა და მასშტაბური ვიტრაჟებით, რაც ექსტერიერისა და ინტერიერის მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს.

ნახეთ პროექტი სრულად

სახლი წყნეთში

ვილა, რომელიც წყნეთში მდებარეობს თანამედროვე ქართული არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. პროექტის არქიტექტურული ნაწილი შესრულებულია სტუდია MUA Architecture and Placemaking-ის მიერ, ხოლო ინტერიერის დიზაინი ნინო ნოზაძეს ეკუთვნის.

ნახეთ პროექტი სრულად

სახლი კიკეთში

ეს ულამაზესი თანამედროვე სტილის ვილა კიკეთში მდებარეობს. სახლი ოთხი მთავარი საძინებლის, კაბინეტის, სავარჯიშო ოთახის, სამრეცხაოს, ტექნიკური ოთახის,  გაერთიანებული სამზარეულოს, სასადილო და მისაღები ზონებისგან შედგება. თითოეული ოთახიდან პანორამული ხედი იშლება, რაც მთებითა და წინ განთავსებული აუზით ტკბობის საშუალებას იძლევა.

ნახეთ პროექტი სრულად

სახლი ბეთანიაში

თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე მდებარე ეს სახლი სოფელ ბეთანიაშია განთავსებული. ეს არის ადგილი, რომელიც ჩაფლულია ტყეში და გარშემორტყმულია ველური ბუნებით. სახლის ინტერიერი მოწყობილია ადგილობრივად დამზადებული ავეჯით, რომელშიც გამოყენებულია ბუნებრივი და ნაპოვნი მასალები. პროექტი შესრულებულია სტუდია Floraformafirma-ს მიერ.

ნახეთ პროექტი სრულად

სახლი თბილისში

ეს ულამაზესი სახლი Dalood-ის კრეატიულ ხელმძღვანელს, მაკა კვიციანს ეკუთვნის. შენობის ექსტერიერი ძალიან ეფექტური და თვალშისაცემია, თუმცა არანაკლებ მშვენიერია ინტერიერი, რომელიც მაკამ საკუთარი მეგობრის, დიზაინერ ქეთი ასათიანის დახმარებით მოაწყო.

ნახეთ პროექტი სრულად

ინტერიერი თამამი ფერებით – პატარა ბინა ლონდონში

საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსები – ქართველი სტუდენტების გამოცდილება