in ,

მწვანე სახლი კიკეთში

Alliance Group
Alliance Group

გამოწვევას, რომელსაც სახლის მშენებლობა ჰქვია, გიორგი გოგოლაძე პირველად 2018 წელს შეეჭიდა, როდესაც ოჯახისთვის პირველი სახლი ააშენა. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მას პროფესიული განათლება არც სამშენებლო და არც დიზაინის მიმართულებით არ აქვს მიღებული, თუმცა მშენებლობის პროცესმა ის ისე გაიტაცა, რომ თითოეულ დეტალს სრულფასოვნად ჩაუღრმავდა და საბოლოოდ, უდიდესი გამოცდილება მიიღო. პირველმა სახლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც გიორგი გოგოლაძისა და მისი პარტნიორებისთვის სტიმული აღმოჩნდა, დარჩენილიყვნენ სამშენებლო სფეროში. სწორედ ამ საქმიანობის შედეგია კერძო სახლი კიკეთში, რომელზეც მისი მშენებელი დღეს თავად გვიამბობს:

“აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ჩვენ მიერ აშენებული მესამე სახლი განთავსდა, 2020 წლის ნოემბერში შევიძინეთ. ადგილმდებარეობის შერჩევისას არჩევანი გარემოს მიხედვით გავაკეთეთ. რატომ კიკეთი? აქ საოცრად იგრძნობა უშუალო კავშირი ბუნებასთან. თითქოს, ზღვარი ჩვენსა და არსებულ ლანდშაფტს შორის არ არსებობს, ის რასაც ირგვლივ ხედავ მხოლოდ მთები და ჰორიზონტებია.

რაც შეეხება სამშენებლო პროცესს, ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობაა, თუმცა ემოციები, რომლებიც სახლის აშენებას ახლავს თან, უდიდეს ენერგიას გაძლევს, რათა სასურველ შედეგს მიაღწიო. ამ სახლის შიდა სარემონტო სამუშაოები, ინტერიერის და ექსტერიერის მოწყობა სულ რაღაც ექვს თვეში დავასრულეთ.”

ვისაუბროთ არქიტექტურაზე. რა იყო თქვენი მთავარი სურვილები ამ მხრივ?

ჩვენი არქიტექტორი ბატონი მერაბ გუჯეჯიანია, რომელიც ჩვენს სურვილებს და ოცნებებს ფრთებს ასხამს და მათ რეალობად ქცევაში გვეხმარება. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გვსურდა სახლი გარემოსთან და ლანდშაფტთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ყოფილიყო. ჩვენი მთავარი პრინციპი სადა, მინიმალისტური, თანამედროვე და კომფორტული სახლის აშენება იყო, რომლითაც როგორც მეპატრონე, ასევე მისი სტუმრები მაქსიმალური სიამოვნების მიღებას შეძლებდნენ.

მიწის ნაკვეთის ფორმამ და ფართობმა საშუალება მოგვცა ერთ ნაკვეთზე ორი მოსასვენებელი სივრცე გაგვეკეთებინა. სახლი ოთხი მთავარი საძინებლის, კაბინეტის, სავარჯიშო ოთახის, სამრეცხაოს, ტექნიკური ოთახის,  გაერთიანებული სამზარეულოს, სასადილო და მისაღები ზონებისგან შედგება. თითოეული ოთახიდან პანორამული ხედი იშლება, რომელიც მთებს და წინ განთავსებულ აუზს უყურებს.

მეორე სივრცე საუნის, ფრანგული მარნის და მათ წინ მდებარე მოსასვენებელი ზონებისგან შედგება.

სახლში ოთხფეხა მეგობრის კომფორტზეც ვიზრუნეთ. ეზოში განთავსებული სმარტ დანადგარი 10 დღის განმავლობაში დამოუკიდებლად კვებავს შინაურ ცხოველს. ჩვენ ტექნიკურად ჭკვიანი სახლი ავაშენეთ, რომლის მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის  შესაძლებელი.

აღსანიშნავია, მწვანე გადახურვა სახურავზე, რომელიც ტერასის ფუნქციას ითავსებს. სიმწვანე ჩვენთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, მწვანე ღობეების გასაკეთებლად 600 მარადმწვანე ნერგი შევიძინეთ, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა ეზო.

ვისაუბროთ ინტერიერის შექმნის პროცესზე. რა იყო თქვენი თავდაპირველი გეგმა ამ მხრივ და თვლით თუ არა, რომ ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეთ?

ინტერიერზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოც. ჩვენ თავიდანვე ზუსტად ვიცოდით, რისი გაკეთება გვსურდა და ინტერიერის მოწყობისას ამ ძირითადი მონახაზით ვხელმძღვანელობდით. თუმცა, პატარა ცვლილებებიც შევიტანეთ. როდესაც სახლის დასრულებულ იერსახეს ხედავ, ბევრ დეტალს სახლი თავად გკარნახობს, რა სად როგორ გააკეთო, დაამატო ან შეცვალო.

ეს ჩვენ მიერ აშენებული მესამე სახლია, შესაბამისად, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც აქამდე დავაგროვეთ, მთლიანად გამოვიყენეთ ამ სახლის მოწყობის დროს.

“საპროექტო მიზანი კომფორტული, ნათელი, მყუდრო და ლანდშაფტთან ჰარმონიული შიდა და გარე სივრცეების შექმნა იყო. ბუნებრივი სინათლისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ცის განათებები. დერეფნის მთლიან მონაკვეთს ასევე ცის განათებები აკრავს, რომლის საშუალებით შევძელით მზის ანარეკლი და ნათება სახლში დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვენარჩუნებინა. ექსტერიერსა და ინტერიერში ეკოლოგიურად სუფთა მოსაპირკეთებელი მასალები გამოვიყენეთ. ამას გარდა, სახლის აშენების დროს დიდი ყურადღება დავუთმეთ სამშენებლო მასალების ხარისხს,” – ხათუნა ხვადაგიანი

როგორ შეაფასებთ თქვენი სახლის ინტერიერს? როგორია ის?

პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა, რომელიც ინტერიერის ნაწილია და მის განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს. კიკეთში თავს ბუნების შუაგულში გრძნობ, თუმცა, ამავდროულად, ქალაქთან ძალიან ახლოს ხარ. მშვიდი, ნათელი, პრაქტიკული, მყუდრო, კომფორტული და სასიამოვნო – ჩვენ მიერ შექმნილი ინტერიერი და მისი ელემენტები სწორედ ამ შეგრძნებებს და ემოციებს აღმიძრავს. ეს ნამდვილად არის ოცნების სახლი მათთვის, ვისაც კომფორტი, სიმშვიდე და ბუნებაში ყოფნა უყვარს.

რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი/გამორჩეული კუთხე?

რთულია, გამოვყო ერთი კონკრეტული კუთხე, რადგან ჩემთვის ყველა ადგილი განსაკუთრებულია და თავისი დატვირთვა აქვს. თუმცა, ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე უკვე ვიცოდით, რომ განსაკუთრებულად საყვარელი კუთხე მისაღები ზონა და მარნის წინა სივრცე იქნებოდა, რომლის წინ გარე ცეცხლიცაა განთავსებული.

 

მიწის ფართობი: 1750 კვ/მ

სახლის ფართობი: 430 კვ/მ

არქიტექტურა: მერაბ გუჯეჯიანი

ინტერიერის დიზაინი: ნიკა გოგოლაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სახლი ტორონტოში, სადაც ისტორიული და თანამედროვე შტრიხები ერთიანდებიან

მარიო ბელინი – ბევრი სფეროს ერთი დიზაინერი