in ,

#სადვიცხოვრო: სახლი ტყის პირას ტაბახმელაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღეს უნდა გიამბოთ ტაბახმელაში, ტყის პირას მდებარეობს. შენობა იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ირგვლივ მდებარე გარემოს, რომ ის თითქმის შეუმჩნეველია, რაც აქ არსებული საუცხოო ბუნებით ტკბობის საშუალებას იძლევა. ამ უმშვენიერესი პროექტის შესახებ დღეს მისი მეპატრონე, სოფო ბოლქვაძე გვიამბობს:

-სოფო, გვიამბეთ თქვენ შესახებ. ინტერიერის დიზაინი და რემონტი თქვენთვის შემთხვევვითობა აღმოჩნდა თუ პროფესიული განათლება გაქვთ ამ კუთხით მიღებული?

-სიმართლე გითხრათ, ასე პირდაპირ ამ საქმესთან შეჭიდება ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. თუმცა, როდესაც სახლის აშენება გადავწყვითეთ, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ მე ბევრი უნდა მემუშავა და ჩემი სახლის ჩემი ინტერიერი თავად უნდა შემექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით მე არ მაქვს მიღებული პროფესიული განათლება, ეს გამოწვევა მაინც მივიღე და ვფიქრობ, გავუმკლავდი კიდეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომაც დავუშვი, ბევრიც გამოვასწორე და რაც ყველაზე მთავარია, უდიდესი გამოცდილება მივიღე.

-როდესაც სახლის აშენება გადაწყვიტეთ, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს კონკრეტული ადგილი? რა იყო თქვენთვის ყველაზე მთავარი ამ მხრივ?

-როდესაც სახლის აშენება გადავწყვიტეთ, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ქალაქის შუაგულში ცხოვრებაზე უარს ვამბობდით და ახალ ცხოვრების ახალ გარემოში დაწყებას ვაპირებდით. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ სად იქნებოდა ჩვენი მომავალი სახლი. ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, რომელიც ერთგვარად იმის კომპენსაციას გაგვიწევდა, თუ რასაც ვთმობდით ქალაქში ცხოვრების სახით. აქედან გამომდინარე, ლოკაციის შერჩევისას უპირატესობა, რა თქმა უნდა, გარემოს ენიჭებოდა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ გვინდოდა მზიანი და ნათელი გარემო, არ გვსურდა გალავნით შემოსაზღვრული ეზო, ხოლო უმთავრესი ბუნებასთან უშაუალო და ბუნებრივი კავშირი იყო იქ, სადაც არ იქნებოდა ზღვარი ჩვენსა და არსებულ ლანდშაფტს შორის.

ასეც მოხდა, ჩვენი სახლი ორი მხრიდან ტყით არის შემოსაზღვრული. სახლი ისეა დაპროექტებული, რომ მისი ძირითადი მხარე არის ვიტრაჟული, რაც ჩვენს ეზოსა და ტყის  მასივს ერთგვარად ჩვენი ინტერიერის ნაწილად აქცევს და ეს ყველაფერი აღიქმება როგორც ერთი საერთო სივრცე.

-როგორი იყო სახლის პროექტზე მუშაობა? თავიდანვე იცოდით თუ რა გსურდათ? რამდენად გაითვალისწინა არქიტექტორმა თქვენი სურვილები?

-ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სახლი უნდა ყოფილიყო ლანდშაფტთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, ისე რომ არ დაგვერღვია ის სილამაზე, რაც ჩვენ  აქ თავიდანვე დაგვხვდა და რატომაც მოგვეწონა ეს კონკრეტული ლოკაცია. ამიტომ, ახლა, როდესაც სახლი უკვე აშენებულია, მისი არსებობა ფაქტიურად შეუმჩნეველია. პროექტი ჩვენს მეგობარს, არქიტექტორ დიმიტრი შაფაქიძეს ეკუთვნის. იმის გათვალისწინებით, რომ იგი კარგად გვიცნობს, იცის ჩვენი ხასიათი და გემოვნება, თავიდანვე თვალდახუჭული მივანდეთ მას ეს საქმე. შესაბამისად, პროექტიც ზუსტად ჩევნზე მორგებული გამოვიდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.

-როგორც ვიცით, თქვენი სახლის ინტერიერზე თავად იმუშავეთ, პროფესიონალი დიზაინერის დახმარების გარეშე. როგორი გამოცდილება იყო ეს პროცესი? 

-ავღნიშნავ, რომ ძალიან რთული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა ეს პროცესი. თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოც. ახლა, როდესაც ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ამ გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ დიახ, ეს ჩემი ოცნების სახლია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ზუსტად ვიცოდი თუ რა მინდოდა. თავდაპირველად მქონდა ბევრი სხვადასხვა ვერსია, თუმცა, საბოლოო ჯამში, სულ სხვა რამ გამოვიდა. ერთია, გქონდეს რაღაც გარკვეული მონახაზი ჯერ კიდევ სახლის აშენებამდე და მეორეა, უკვე აშენებულ შენობაში, სივრცის აღქმის მერე, რა ემოციები გიჩნდება. ამ ემოციებმა კი ჩემი თავდაპირველი სურვილები რადიკალურად შეცვალა, მაგრამ თავდაპირველი პრინციპი, რომ სახლი უნდა ყოფილიყო სადა და მინიმალისტური, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ.

რასაკვირველია, სახლს სრულყოფილი სახე არ აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ინტერიერი ვერასიდეს  იქნება იდეალური და “წერტილ დასმული”. სივრცე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მუდმივ თანაცხოვრებაშია ჩვენთან ერთად, მუდმივად მოითხოვს გადახალისებას, განახლებას, შეცვლას. ასე რომ, ეს შეუქცევადი და ფაქტიურად დაუსრულებელი პროცესია.

-რომელია თქვენი საყვარელი კუთხე სახლში? რატომ?

-მიჭირს გამოვყო ერთი რომელიმე კუთხე, რადგან ჩემთვის სახლის ყველა ადგილი განსაკუთრებულია. ყველა ოთახსა თუ სივრცეს ერთნაირი დატვირთვით მივუდექით. თუმცა, ალბათ, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე განსაკუთრებული ადგილი სამზარეულო გამოვიდა, რადგან ამ სივრცეში ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. თავიდანვე, როდესაც სახლი ჯერ კიდევ დაპროექტების ფაზაში იყო, უკვე ვიცოდით, რომ სამზარეულო უნდა ყოფილიყო დიდი, ნათელი და კომფორტული. მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიყვარს კერძების მომზადება და ყოველდღიურად გვიწევს სამზარეულოში ტრიალი. გარდა ამისა, ძალიან გვიყვარს სტუმრებისა და მეგობრების დაპატიჟება,  ასე რომ, მაშინაც კი, როდესაც ამ სახლს ვაპროექტებდით მთავარი საზრუნავი იყო სამზარეულო. არასტანდარტულად დიდი ზომის მაგიდა კი ჩემი პირევლი “აკვიატება” იყო.

-თქვენი სახლის საერთო ფართობი 500კვ/მ-ია და მასში 7 საძინებელი ოთახია. თუმცა, ამავე დროს მასში საუცხოო სიმყუდროვის განცდა გვეუფლება. როგორ მიაღწიეთ ამ ეფექტს?

-დიახ, სახლი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არის ძალიან მყუდრო, რაც ამ მასშტაბურობის აღქმას გვაკარგინებს.

რაც ყველაზე მეტად ქმნის სიმყუდროვის განცდას, არის მზე და სინათლე, რომელიც ჩვენს სახლში ძალიან დიდი რაოდენიბითაა. ამას გარდა, აღნიშნული ეფექტის მიღწევაში დაგვეხმარა ის მასალები, რითიც ინტერიერი არის შესრულებული. სახლში არის ხის ძალიან ბევრი ელემენტი, რომელიც თავისმხრივ გვაძლევს სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას და ანეიტრალებს ინტერიერში ასევე დიდი დოზით არსებული ბეტონის, ქვისა თუ ლითონის ელემენტებს. და მესამე, რასაც გამოვყოფდი, არის სახლში არსებული ნივთები, რომლებიც ძველის და ახლის საოცარი სინთეზია, რაც ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს სიმყუდროვის  შექმნაში.

-თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს თქვენს სახლს? რა ხდის მას გამორჩეულს? 

-პირველ რიგში, აღვნიშნავ ისევ და ისევ ადგილმდებარეობას – ადგილს, სადაც ყოველი მოსვლის დროს ვრწმუნდები, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. იყო ქალაქთან ასე ახლოს და ამავდროულად ბუნების შუაგულში, ვფიქრიბ თანამედროვე ცხოვრების იშვიათი ფუფუნებაა. ის, რომ ყოველი დაქანცული დღის შემდეგ შეგიძლია სრულ სიმშვიდეში ამოყო თავი და მოწყდე ახლა უკვე რთულ და გადაერული მეგაპოლისის რითმს, ვფიქრობ მართლაც ახდენილი ოცნებაა.

ამას გარდა, სახლის აშენების დროს ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელ მასალებს. ცალსახა იყო ისიც, რომ მასალა ექსტერიერსა თუ ინტერიერში უნდა ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა, რადგან ამ სახლში ბევრი ბავშვი იზრდება. სწორედ ამიტომ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი იყო.

ასევე მნიშვნელოვანი იყო სახლის ენერგოეფექტური მასალებით დათბუნება. ვფიქრობ, ეს ეკოლოგიის ერთ-ერთი უპირობო ნაწილია. ამიტომ არ დავზოგეთ არც სახსრები, არც ენერგია იმისთვის, რომ მთლიანი სახლი სრულად შეგვეფუთა. ამის შემდეგ გასაკვირიც არ არის ის ფაქტი, რომ ზამთრის მზიან ამინდებში მთლიანი სახლი სრულიად მზის სხივებით თბება.

-საკუთარი გამოცდილებით, რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა იწყებს აგარაკის მშენებლობას. რა არის ის კონკრეტული დეტალები მშენებლობისა და რემონტის პროცესში, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ?

-არ აქვს მნიშვნელობა რა სახის საცხოვრებელს იშენებს ადამიანი – აგარაკს თუ ძირითად საცხოვრებელ სივრცეს, ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში შენობა მაქსიმალურად უნდა ერწყმოდეს იმ გარემოს, რომელ გარემოშიც იგი შენდება. მე სისადავის და მინიმალიზმის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტიურად, პრინციპული და შეუპოვარი ვარ, როდესაც საქმე ბუნებას ეხება. ეს გარემო არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ მას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ადგილებში სახლები არ უნდა ავაშენოთ, არა, უბრალოდ ჩემი რჩევა და დიდი სურვილი იქნებოდა, რომ მაქსიმალურად წინ წამოვწიოთ უკვე არსებული ლანდშაფტი, მივიღოთ ის როგორიც არის, მთელი თავისი სილამაზით და მაქსიმალურად ბუნებრივად მოვახდინოთ შენობისა და ბუნების ერთმანეთთან შერწყმა.

რაც შეეხება ინტერიერს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სივრცეების სწორად გადანაწილება. თითოეული ოთახის სწორად დაგეგმარება ერთ-ერთი მთავარი მიდგომა მგონია ინტერიერის შემუშავების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასაჭირო, ზედმეტი და უფუნქციო სივრცეები, რაც შემდეგ უკვე უშუალოდ იქ ცხოვრების დროს ძალიან ხელის შემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ასევე ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ რემონტის დაწყებამდე მოიძიოთ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, როგორც ცალკეული საკითხების ტექნიკურ მხარეზე, ასევე დიზაინზე, და რაც მთავარია, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალებთან.

და ბოლოს, იპოვეთ თქვენს თავში ის ძირითადი პრინციპი, რომელი პრინციპიტაც სამომავლოდ შენების და ინტერიერის მოწყობის დროს იხელმძღვანელებთ.

-სოფო, როგორც ვიცით, ამ ეტაპზე სახლი გასაყიდად არის გამოტანილი. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? რამდენად რთულია საკუთარ შემოქმედებასთან განშორება?

-სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებულმა ვითარებამ არც ჩვენ დაგვტოვა ზარალის გარეშე. ამ ყველაფერმა ჩვენი გეგმები შეცვალა და შესაბამისად, მოგვიწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, რთულია იმასთან განშორება, რაზეც ამდენი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რაც ასე ძალიან მოგვწონს, რასაც ამდენხანს ველოდით, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩემი ეგოისტური მხარე უფროა. თუ ამ ყველაფერს სხვა კუთხით  შევხდეავთ, ვიტყოდი, რომ პირიქით, ძალიან გამიხარდება ამ სახლის გასხვისება, რადგან ამით ერთგვარად დაფასდება ჩვენი შრომა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ ტყუილად არ გვიკეთებია ამდენი რამ. ხოლო ცოტა ოპტიმიზმსაც თუ დავუმატებთ: მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის!

-ბოლოს კი ჩვენი ტრადიციული კითხვა: რა არის თქვენთვის სახლი?

-სახლი ჩემთვის არის ადგილი, სადაც მიხარია ყოველი დღე, მიხარია მარტო თუ მეგობრებთან ერთად, სადაც არ მწყინდება, არ მინდება დიდხანს განშორება, სადაც ყოველთვის ვბრუნდები, ეს არის ჩემი სახლი!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი

აღნიშნული უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია განცხადების ბმულზე.

შეკიდული უნიტაზი – ძლიერი და სუსტი მხარეები

მაღაზია “Mysa”-ში ახალი ბრენდი გამოჩნდა