in ,

სახლი კრწანისში – ნინო ჟღენტის მიერ შექმნილი ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ქალაქურ ცხოვრებას, მის დაძაბულ და მშფოთვარე რიტმს ადამიანების ენერგიისგან გამოფიტვა და სტრესის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, სახლი ყველასთვის უმნიშვნელოვანესი სივრცეა – ესაა ადგილი, სადაც ვისვენებთ, აღვიდგენთ ენერგიას, დროს ვატარებთ ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. დღევანდელ ცხოვრებაში ფუფუნებაა, გქონდეს კერძო სახლი დიდი ეზოთი, სადაც ოჯახის წევრებს აქვთ რელაქსაციის საშუალება. ეს კარგად იცის ნინო ჟღენტმა, რომელმაც სახლი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით შეარჩია და მის ინტერიერის დიზაინზე თავად იზრუნა.

მისი უმშვენიერესი, დახვეწილი ექსტერიერ-ინტერიერის მქონე სახლი მდებარეობს კრწანისში. როგორც ნინო იხსენებს, სახლის შერჩევისას თბილისში უამრავი ადგილი მოინახულა და ბევრი ვარიანტი განიხილა, თუმცა როცა ეს ლოკაცია, გარემო და მისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო იხილა, ძიების პროცესი შეწყვიტა. მისთვის სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა ყოველი პრიორიტეტის დამაკმაყოფილებელი. ნინოს თქმით, აქ ყველაფერია, რაც მათთვის მნიშვნელოვანია – სუფთა ჰაერი, დიდი ეზო, დაცული ტერიტორია.

ნინო პროფესიით ინტერიერის დიზაინერია და საკუთარი სახლის დიზაინზეც თავად იმუშავა. მან ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა და სჭირდებოდა მის ოჯახს, ამიტომ სამომავლო ბუდის შექმნა მისთვის სასიამოვნო პროცესი იყო. მას სურდა, ინტერიერი ყოფილიყო ნათელი და კომფორტული, სადაც ყოველი კუთხე ათვისებული იქნებოდა. შედეგიც სწორედ ასეთია – ეს მზით განებივრებული, თავისუფალი დაგეგმარებით შექმნილი სახლი იმდენად მყუდროა, რომ ოჯახის წევრებს ახალ გარემოსთან შეგუება საერთოდ არ გასჭირვებიათ.

სახლის მისაღებ ოთახში გვხვდება ღია ფერის კედლები და ფარდები, რომლებიც ერთმანეთთან სრულ კორელაციაშია. აქვე ყურადღებას იქცევს ხელოვნების ნიმუშები, რომლების სახლის მეპატრონეებმა არა მხოლოდ ამ სივრცისთვის, არამედ მთელი სახლისთვის შეარჩიეს და ყოველი ოთახის ფუნქციისა და უნიკალური გარემოს მიხედვით შეარჩიეს. სასტუმრო ოთახი აღჭურვილია კომფორტული დივნით, სკამებითა და მცენარეებით. ამასთან ერთად, ვიტრაჟული კარის გამოღებით სახლიდან ეზოში შეგვიძლია გასვლა და ინტერიერის ექსტერიერთან ინტეგრირება, რაც, დაგვეთანხმებით, უდიდესი ფუფუნებაა.

მისაღებ ოთახში არსებული კედელი, რომელიც გეომეტრიული ფორმებითაა გაფორმებული, ოთახს სასადილო ზონისგან აცალკევებს, სადაც ყურადღებას იქცევს მასიური სასადილო მაგიდა და გემოვნებით შერჩეული სანათები. მცენარეების სიუხვე აქაც იგრძნობა – ამ დეტალს სახლში შეაქვს დაცულობის, ჰაეროვნების შეგრძნება და ჰარმონიულად ეხამება მოცისფრო კედლებს, ლურჯ სავარძელს და ყავისფერ ავეჯს.

სასადილო ოთახიდან სამზარეულოში გავდივართ, ოთახში, რომელიც ნინოს ფავორიტი სივრცეა მთელს სახლში. ამ ოთახში არსებული ვიტრაჟული კარის გამოღებით, მისაღები ოთახის მსგავსად, სივრცე სრულად ერთიანდება ეზოსთან. სამზარეულოს კუნძულის ზედაპირი მარმარილოთია მოპირკეთებული და აქვეა ჩაშენებული გაზქურა. სამზარეულოს ავეჯი შავი ფერისაა – ამ გადაწყვეტილების წყალობით ოთახი დახვეწილი და ელეგანტური ხდება.

რაც შეეხება ეზოს, ის ჭეშმარიტად ზღაპრულია. აქ მოხვედრისას თავი ქალაქგარეთ შეიძლება გვეგონოს, ვინაიდან ეზო საკმაოდ დიდია. აქ ბავშვებს თამაში და სუფთა ჰაერზე გართობა შეუძლიათ მანამ, სანამ უფროსები აქვე მდგარ კომფორტულ ავეჯზე ისვენებენ.

ეზოში გვხვდება მთავარი სახლისგან გამოყოფილი სასადილო ზონა, სადაც მარანიცაა განთავსებული. ქართულ ტრადიციულ მოტივებზე აგებული ეს შენობა ზედგამოჭრილია სტუმრების მისაღებად და წლის ნებისმიერ სეზონზე მყუდრო სივრცეა ოჯახური თუ სამეგობრო შეხვედრებისთვის.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ინდივიდუალურ ოთახებს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მთავარ საძინებელ ოთახზე. ამ ოთახში განთავსებული ფანჯრები ჟალუზებითაა გაფორმებული. კედლები ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც საძინებელს მშვიდ, მყუდრო სივრცედ აქცევს. თუმცა, ოთახის მთავარი ღირსებაა მისი მასიური, ფართო გარდერობის ოთახი, რომელიც ჰოლივუდურ ფილმებს გვახსენებს.

სახლში სამი სააბაზანოა განთავსებული, რომელთაგან თითოეული უნიკალურია და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ესთეტიკითაა მოწყობილი. ერთი მათგანი ვარდისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი, მეორე შედარებით მუქ ფერებში, მესამე კი ტროპიკული შპალერითა და შავ-თეთრი ფილების წყალობით ინტერიერის დიზაინის მოყვარულებს ნამდვილად გააოცებს.

ინტერიერის დიზაინი: ნინო ჟღენტი 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ფუმფულა ავეჯი როგორც 2021 წლის ტენდენცია – რამდენიმე პოპულარული მოდელი

Todoroki House – Atelier Tsuyoshi Tane Architects-ის პროექტი ტოკიოში