in ,

კერძო სახლი დიდ დიღომში – ეკა გოგალაძის კოლაბორაცია სტუდია “მედუზასთან”

Banner M2
Banner M2

ეკა გოგალაძე პროფესიით ბიზნეს ადმინისტრირებისა და PR-ის სპეციალისტი, ამჟამად კი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია. შესაბამისად, ეკას ინტერიერის დიზაინთან პროფესიული კავშირი ან გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა, სხვადასხვა ინტერიერ პროექტებზე დაკვირვება ყოველთვის მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

ეკამ და მისმა მეუღლემ სასურველი მიწის ნაკვეთი დიდი ხნის მანძილზე ეძებეს. ეს უნდა ყოფილიყო ისეთი ადგილი, სადაც ყველა მათი ჩანაფიქრის რეალიზება იქნებოდა შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, წყვილმა არჩევანი დიდი დიღმის კერძო დასახლებაზე შეაჩერა.

როგორც ეკა გვიამბობს, პროექტირების ეტაპზე მთავარ გამოწვევას მიწის ნაკვეთის მცირე ზომა წარმოადგენდა. თუმცა, არქიტექტურული სტუდია “მედუზას” დახმარებით, მეპატრონეებმა სწორედ ის შედეგი მიიღეს, რაც მათ ყველა არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, დამკვეთს მოარგო საცხოვრებელი სივრცე. ამ შემთხვევაში ვიზუალი არ განსაზღვრავს კომფორტს ან პრაქტიკულობას. “მედუზას” პროექტით ჩვენ მივიღეთ ზუსტად ის გარემო, რაც ჩვენი ერგონომიკისთვის იდეალურად იქნა შერჩეული.”

მშენებლობისა და რემონტის ყველა ეტაპი მეპატრონეების მიერ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, სწორად გაწერილმა პროცესმა საკმაოდ გაამარტივა და ორგანიზებული გახადა ყველა შემდგომი ეტაპი.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ამ მიმართულებით ეკამ თავად იმუშავა და მომავალ საცხოვრებელში საკუთარი იდეები განახორციელა.

“იმდენად ზუსტად ვიცოდით, რა გვინდოდა, რომ ყველანაირი რენდერის გარეშე დავიწყეთ ჩვენი გეგმის განხორციელება. თუმცა, პროცესის დროს, ხშირად გვჭირდებოდა კონსულტაცია სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე, რადგან რთულია წარმოდგენით განსაზღვრო დახვეწილი ინტერიერისთვის საჭირო ბევრი დეტალი. ამ ყველაფერში კი ისევ „მედუზა“ გვეხმარებოდა,” – გვიამბობს ეკა

საბოლოო ჯამში, მეპატრონეებმა მიიღეს 240 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც გააჩნია მყუდრო, ნათელი და სადა ინტერიერი გამორჩეული შტრიხებითა და დეტალებით.

“სახლის მოწყობის დროს ყურადღება არ გაგვიმახვილებია ძვირადღირებულ ნივთებზე და ავეჯზე. ვფიქრობ, არსებობს ავეჯი, რომელზეც თანხა არ უნდა დაზოგო, რადგან მას ხშირად ვერ გამოცვლი (მაგალითად, სამზარეულო). თუმცა, პირიქითაც ხდება. ამიტომ ჩვენს სახლში გვაქვს ისეთი ავეჯიც, რომელიც ჩვენ თვითონ დავამზადეთ ან ავაწყვეთ. ასევე გამოვყოფდი განათებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ინტერიერში. საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც დავასრულეთ ჩვენი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, რემონტისა და მოწყობის პროცესი, არ ყოფილა არც ერთი დეტალი, რაც არ მოგვწონს ან რის შეცვლასაც ვისურვებდით”, – ეკა გოგალაძე

 

არქიტექტურული სტუდია: “მედუზა

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ერთოთახიანი მაგიური სახლი ლოს-ანჯელესში – ByBen & Skeens-ის ნამუშევარი

ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი „კომფორტერი“ 3 წლისაა – კომპანიის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები