in

“ჩვენი სურვილია, შევქმნათ არქიტექტურა, რომელიც ქალაქს დიდხანს დარჩება” – ინტერვიუ მედეა მაზანთან

„არქიტექტურა უნდა იყოს შინაარსის მატარებელი. თუ ის შინაარსს არ ატარებს, მაშინ ხანგრძლივი არ იქნება.“

ეს არქიტექტორის და ინტერიერის დიზაინერის, მედეა მაზანის სიტყვებია, რომლებიც მან ინტერვიუს განმავლობაში გვითხრა. ამ სტატიაში სწორედ მასზე და მის სტუდიაზე Medusa-ზე უნდა გიამბოთ, რომელიც მომხმარებლებს არქიტექტურულ დაგეგმარებასთან ერთად, ინტერიერის დიზაინსაც სთავაზობს. თუ საიდან და რა პირობებში დაიწყო მედეა მაზანის კარიერა და როგორ შეიქმნა Medusa, ამაზე მას დეტალურად გავესაუბრეთ:

ფოტო: ოთო გორდელაძე

-მედეა, თქვენ ხართ არქიტექტორ-დიზაინერი. როდის შედგით ფეხი ამ სფეროში და როგორ მოხვედით იქ, სადაც დღეს ხართ?

-ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა და, შეიძლება ითქვას, ეს კარგად გამომდიოდა კიდეც. ამასთან, იმ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მამა ინჟინერია, დედა – ფიზიკა-მათემატიკოსი და მუდმივად განახლებად ტექნოლოგიებთან ძალიან ახლო კონტაქტი მქონდა ყოველთვის. ხელოვნების მიმართ იმხელა იყო ჩემი ინტერესი, რომ როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა ჯერი, გადავწყვიტე, სამხატვრო აკადემიაში ფერწერაზე ჩამებარებინა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს ის სფერო არ იყო, რომელშიც მუდმივად დარჩენა მსურდა და შემდეგ სწავლა არქიტექტურაზე გავაგრძელე. მაგისტრატურა იტალიაში Social Housing-ის მიმართულებით გავაგრძელე და შემდეგ უკვე აღმოვჩნდი დანიაში – კოპენჰაგენში, როიალ აკადემიის რექტორის სტუდიაში. იქ მიღებული გამოცდილებით მივხვდი, რომ რაღაც ისეთის კეთება მინდოდა, რაც საკუთარი თავის განვითარებაში დამეხმარებოდა და, გარდა ამისა, ჩემი საყვარელი საქმე იქნებოდა.

-როდის და რა პირობებში შეიქმნა Medusa?

-ჩემი საქმიანობა ამ სფეროში თავიდანვე Medusa-თი დაიწყო. დავიწყეთ პატარ-პატარა პროექტებით/შეკვეთებით, რომლებსაც გულით და დიდი სიყვარულით ვუდგებოდით ხოლმე. მედუზას საწყისი პერიოდი ერთ კონკურსს უკავშირდება – ამ კონკურსზე უნდა წარგვედგინა ერთ-ერთი პროექტის კონცეფცია. მოხდა ისე, რომ ჩვენი კონცეფცია საინტერესო და დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა დამკვეთისთვის და დღეს უკვე ეს შენობა დგას თბილისში.

ყველაფერი ეს 6 წლის წინ იყო და თითქოს ამ და სხვა პატარ-პატარა პროექტებით ძალები მოვიკრიბეთ, რომ სხვა, უფრო სერიოზულ პროექტებზე მუშაობა დაგვეწყო.

-ინტერიერის დიზაინსაც ამ პერიოდიდან ახორციელებთ?

-დიახ. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ინდივიდუალურ საცხოვრებელს ეხება, თუ საზოგადოებრივ სივრცეს, მე ვფიქრობ, რომ არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ძალიან მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, მგონია, რომ ინტერიერის დაპროექტება უნდა გააგრძელოს იმავე გუნდმა, რომელმაც ექსტერიერზე იმუშავა. ჩვენ პირადად, არ გვქონია შემთხვევა, როცა არქიტექტურული პროექტი შეგვიქმნია და მისი ინტერიერი სხვა დიზაინერს გაუგრძელებია.

-საიდან იღებთ შთაგონებას? და ზოგადად, როგორია თქვენი მუშაობის პროცესი?

-შთაგონება შეიძლება იყოს მზის სხივიც და მცენარეც. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი მცენარის გარშემო აგვიგია მთელი არქიტექტურა. ასევე, დაპროექტების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა არქიტექტორების ზეგავლენაც.

რაც შეეხება სამუშაო პროცესს, პირველი, საიდანაც ვიწყებთ, არის კომუნიკაცია. მსგავს პროექტებში ორმხრივ კომუნიკაციას დიდი როლი უკავია, რადგანაც, დამკვეთი და არქიტექტორი ერთმანეთს უნდა „ემთხვეოდნენ“. თუ ისინი ვერ თანხმდებიან, გამოდის, რომ პროექტი არ შედგება. შთაგონების წყაროც შემდეგ უკვე ამ ურთიერთობებიდან გამომდინარეობს ხოლმე. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შთაგონება, როგორც წესი, იქაური მაცხოვრებლები, ინდივიდები ხდებიან. თუმცა, ხშირად ყოფილა შემთხვევაც, როცა თვითონ შენობის პროფილი და საქმიანობის სფერო გვაძლევს ინსპირაციას.

დამკვეთთან კომუნიკაციის შემდეგ უკვე კონცეფციაზე მუშაობა იწყება. კონცეპტუალური დამუშავების შემდგომ მიდის ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა: რამდენად გამართული უნდა იყოს შენობა? რამდენად უნდა ამართლებდეს ფუნქცია ფორმას? ყველაფერ ამის სინთეზი კი უკვე გვაძლევს პროექტის საბოლოო სახეს.

-როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა სახელწერო სტილი და როგორია ის?

-ვფიქრობ, რომ არქიტექტორის ხელწერის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ეს ფიზიკურად ვერ მოხდება ერთ და ორ წელში. არქიტექტურა არის ძალიან ბევრი დარგის მომცველი, მუდმივად განვითარებადი სფერო და ამიტომაც, ხელწერაზე მუშაობა ძალიან ხანგრძლივ პროცესად მესახება.

რაც შეეხება ჩვენს სტუდიას, მაინც ვთვლი, რომ 6 წელი არ არის ის პერიოდი, რომელიც თამამად მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ თქვა: „მე ამგვარი ხელწერა მაქვს“. როგორც ღვინოს სჭირდება დაღვინება, ისე არქიტექტორს სჭირდება პერიოდი, რომ ჩამოაყალიბოს საკუთარი სტილი.

-გვესაუბრეთ ინფივიდუალური საცხოვრებლისა და საზოგადოებრივი სივრცის დაპროექტების პროცესებზე. რა სპეციფიკა არსებობს ამ მხრივ? რა უნდა გაითვალისწინოს არქიტექტორმა თითოეულ შემთხვევაში? 

-ინდივიდუალური საცხოვრებელი ინდივიდებზეა მორგებული და არქიტექტორს მასზე მუშაობის პროცესში ევალება, მასში მცხოვრები ინდივიდების ინტერესები და ცხოვრების სტილი გაითვალისწინოს. ადამიანები ხომ სწორედ იმიტომ მოდიან არქიტექტორებთან, რომ მიიღონ მათთვის სასურველი და კომფორტული სივრცე, რომელშიც იცხოვრებენ.
საზოგადოებრივი სივრცე უფრო ადამიანების იმ ჯგუფებზე უნდა იყოს მორგებული, რომლისთვისაც ეს შენობა იმუშავებს. შესაბამისად, ამ ორ შემთხვევას სხვადასხვა მიდგომა განასხვავებს.

-თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ ქართველ დამკვეთს? რა არის საჭირო მასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად? 

-არქიტექტორს და მთლიან სტუდიას დამკვეთთან უწევს მინიმუმ ერთი ან ორ წლიანი ურთიერთობა. ეს არის ძალიან მჭიდრო კონტაქტი მანამ, სანამ პროექტი შედგება და რეალიზდება. სწორედ ამ პერიოდში ვიგებთ მისი ცხოვრების იმ დეტალებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პროექტზე მუშაობისას.

ქართველ დამკვეთებს სჭირდებათ თავდაჯერებული არქიტექტორი, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში ის აუცილებლად გამოგყვება. თუ არქიტექტორი თავისი პროექტის სისწორეში დარწმუნებული არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას – მაშინ დამკვეთისთვისაც არასწორი იქნება. შესაბამისად, ვფიქრობ, ნებისმიერ, ქართველ და არაქართველ დამკვეთთანაც საჭიროა, რომ არქიტექტორმა გადაკვეთის წერტილები იპოვოს და მათი ხედვა ერთმანეთს დაემთხვეს.

-როგორ შეაჯამებდით Medusa-ს საქმიანობას ამ 6 წლის განმავლობაში?

-ჩვენ 6 წელია უკვე ვმუშაობთ და დაახლოებით 1 წელია, რაც შოურუმის ნაწილი დავიმატეთ, სადაც ჩვენს დამკვეთებს შეუძლიათ, ნახონ თუ რისი რეალიზება შეგვიძლია ინტერიერისგან.

6 წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს დაახლოებით, 50-ზე მეტი პროექტი, რაც კვადრატულად – 15 000-ზე მეტია. ვფიქრობ, რომ ეს ის შეუფასებელი გამოცდილებაა, რაც ჩვენმა სტუდიამ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიიღო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს რაზეც ვდგავართ სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების ღირებულებები.

-როგორი სამომავლო გეგმები აქვს Medusa-ს?

-პირველ რიგში, ჩვენი სურვილია, ვაკეთოთ ისეთი პროექტები, რომლებიც იქნება ხანგრძლივი. შევქმნათ არქიტექტურა, რომელიც ქალაქს დიდხანს დარჩება.

პერსპექტივაში ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი სტუდიის გაზრდას. არქიტექტურა კომპლექსურია, ბევრ დარგს მოიცავს და ამიტომაც, რაც მეტ დარგთან გაქვს შეხება, მით უფრო ხვდები, რომ კიდევ ბევრის გაკეთება შეგიძლია.

 

გარეკანის ფოტო: ოთო გორდელაძე

პატარა ბინა დიდი ტერასით – teamtwo-ს შესრულებული პროექტი ვერაზე

როგორ მოვამზადოთ აივანი საგაზაფხულოდ