in ,

მრავალფუნქციური შენობა მარშალ გელოვანის გამზირზე – სტუდია “მედუზას” პროექტი

Alliance Group
Alliance Group

პროექტი, რომლის შესახებაც დღეს უნდა გიამბოთ, გელოვანის გამზირზე მდებარეობს და ის არქიტექტურულ სტუდია Medusa-ს ეკუთვნის. ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიის დამფუძნებელს, მედეა მაზანს, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო მისი და მარიამ ჯმუხაძის თანაავტორობით შესრულებული პროექტის შესახებ:

“ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა მოცემული პროექტის დამკვეთთან. მანამდე მას ინდივიდუალური საცხოვრებელის – 25კვ/მ ბინის ინტერიერი გავუკეთეთ. მოვახერხეთ, რომ ყველა ფუნქციური ზონა გაგვეთვალისწინებინა და ჩაგვეტია ამ მცირე ფართში. როგორც ჩანს, ამით დამკვეთმა დაინახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა 25 კვადრატს აგეგმარებ თუ 1000+, თუ სწორია შენი ხედვა, მაშინ ის ბოლომდე გამოგყვება.

ჩვენი დავალება ამ პროექტის შემთხვევაში იყო მრავალფუნქციური შენობის დაგეგმარება იმ ურბანულ განაშენიანებაში, სადაც ეს შენობა ჩავსვით. მოგეხსენებათ, აქ არის დიდი მაგისტრალი, ინტენსიური მოძრაობა და იმისთვის, რომ მრავალფუნქციურ შენობას სრულყოფილად ემუშავა, საჭირო იყო, ისეთი დეტალების გათვალისწინება, რომლებიც შემდგომში ამ სივრცეში მომუშავე ადამიანებისთვის იქნებოდა სწორად გათვლილი.საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა ორმაგი ფასადი. წითელი ბადე, რომელიც გარედან აკრავს შენობას, გამოყენებულია, როგორც გარე ფასადი.

როგორც ცნობილია, დღესდღეობით თბილისში ქაოტური განაშენიანებაა. საკმაოდ მძიმე სურათია ამ მხრივ და, ვფიქრობ, რომ არქიტექტორები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, გაითვალისწინონ მიმდებარე განაშენიანება და კონკრეტულ კონტექსტში შენობის სწორად ჩადგმა. ნაგებობა ვიზუალურად უნდა ესადაგებოდეს და მიყვებოდეს იმ ფორმატს/ხაზს, როგორი განაშენიანებაცაა მიმდებარედ.

კონკრეტულად, ჩვენს პროექტს რაც შეეხება ამ მხრივ, იმ გარემოში, რომელშიც ეს შენობა დგას, ასე თუ ისე, თავისუფალი იყო სივრცე და არ იყო ძველი განაშენიანება, რომლისთვისაც, ასე ვთქვათ, „პატივი უნდა გვეცა“. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი პირდაპირ იყო, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც არქიტექტურულად გამართული და საინტერესო იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შენობა არ არის ბოლომდე დასრულებული და შესაბამისად, ის არ არის წარმოდგენილი იმ სახით, როგორც ეს სამომავლოდ იქნება. პროექტს მიემატება გამწვანება და ვფიქრობთ, წითელი და მწვანე საინტერესო კონტრასტს მოგვცემს. მიმაჩნია, რომ ამ განაშენიანებაში და ამ კონკრეტულ სივრცეში ამგვარი ელემენტის (მეტალის წითელი ბადის) შემოტანა ძალიან მკვეთრი, ძლიერი და დომინანტი დეტალია. შესაბამისად,  ვფიქრობ, რომ მსგავსი მრავალფუნქციური შენობა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და გაამართლებს”.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

“ყავლაშვილის პროექტის” გასაოცარი რეკონსტრუქცია – განახლებული ბინა თბილისში

წლევანდელი პრიცკერის პრიზი ენ ლაკატონსა და ჟან-ფილიპ ვასალს ერგოთ