in ,

“ყავლაშვილის პროექტის” გასაოცარი რეკონსტრუქცია – განახლებული ბინა თბილისში

Banner M2
Banner M2

ნათია წოწონავამ ახალ ბინაში რემონტი 2019 წელს განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მას ბევრი ჩანაფიქრის განხორციელებაში შეუშალა ხელი, მეპატრონემ მაინც შეძლო ფართის აბსოლუტური რეკონსტრუქცია და საერთო ჯამში, პროექტი ძალიან საინტერესო გამოვიდა. დღეს ნათია ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

– ნათია, გვიამბეთ როგორი იყო სივრცის პირვანდელი გეგმარება? შეცვალეთ თუ არა ამ მხრივ რამე და რატომ?

– ჩემი ბინა ე.წ. “ყავლაშვილის პროექტია”. შიდა გეგმარება არასტანდარტული იყო და ჩემი აზრით, თავდაპირველ ვარიანტში ფართი ოპტიმალურად არ იყო გამოყენებული, რაც გულისხმობდა საკმაოდ დიდ შემოსასვლელ სივრცეს და მთელი ბინის გასწვრივ განლაგებულ დიდ ღია აივანს. მე ფართი მთლიანად შავი კარკასის დონემდე დავიყვანე და ხელახლა დავაკონსტრუირე.

ძველი პროექტის გეგმარება

– რა იყო მთავარი სირთულე ინტერიერზე მუშაობის პროცესში პროფესიონალი დიზაინერის დახმარების გარეშე?

– მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი პროფესია, ინტერიერის დიზაინი არის ზუსტად ის სფერო, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ბავშვობიდან მეხერხებოდა ხატვა, ხაზვა და ვქმნიდი ინტერიერისა და ექსტერიერის ესკიზებს. აქედან გამომდინარე, საკუთარი სახლის ინტერიერზე მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო პროცესი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ  ეს ჩემი პირველი პრაქტიკული გამოცდილებაა, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ასევე სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი და არც შვებულების აღების ფუფუნება მქონდა. შესაბამისად, ყველაზე დიდ სირთულეს ჩემთვის დროის დეფიციტი წარმოადგენდა. მიწევდა გარკვეული საქმეების შაბათ-კვირამდე გადაწევა, რაც ბუნებრივია, პროცესს აჭიანურებდა. ვცდილობდი, ქალაქის მასშტაბით შაბათ-კვირის მანძილზე შემეგროვებინა ინფორმაცია ამა თუ იმ სარემონტო მასალაზე, შემეჯერებინა ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდგომ მიმეღო გადაწყვეტილება. უკვე შერჩეული მასალის შესაძენად კი სამუშაო დღეებში ვსარგებლობდი ონლაინ შეძენის მომსახურებით.

მისაღები ზონა რენოვაციამდე
მისაღები ზონა რენოვაციის შემდგეგ
შემოსასვლელი ზონა რენოვაციამდე
შემსასვლელი ზონა რენოვაციის შემდეგ
სამზარეულო-მისაღების ზონა რენოვაციამდე
სამზარეულო-მისაღების ზონა რენოვაციის შემდეგ

– გაგვიზიარეთ თქვენი პრაქტიკული რჩევები გეგმარების შემუშავებასა და რემონტთან დაკავშირებით. ხომ არ გქონდათ რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ან ტაქტიკა ამ პროცესში?

– პირველ რიგში, მე გავეცანი მეზობლების ანალოგიურ პროექტებს. ასევე, რა თქმა უნდა, ვღებულობდი ახლობლების რჩევებს. თუმცა, საბოლოო პროექტამდე მისასვლელად ბევრი ფიქრი დამჭირდა. ამისთვის ბინის მთლიანი ფართის ნახაზი შევასრულე, სადაც დატანილი მქონდა ის მზიდი კედლები, რასაც ვერ შევეხებოდი, დანარჩენი კი უკვე ჩემი ფანტაზიის შედეგი იყო. ნახაზებს განსათავსებელი ავეჯის გათვალისწინებით ვასრულებდი.

განახლებული პროექტის გეგმარება

მეპატრონის მიერ შესრულებული ესკიზები

მიმაჩნია, რომ დღესდღეობით, იდეების დეფიციტი პრობლემა არ არის. ამ მხრივ საკმაოდ კარგი გამოსავალია ინტერნეტ სივრცე. მე პირადად განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდი “Pinterest”-ს.

როდესაც შენ თვითონ ქმნი პროექტს, ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი პრიორიტეტების გათვალისწინება. მაგალითად ჩემ შემთხვევაში უმთავრესი იყო, რომ ბინა ნათელი გამოსულიყო, რასაც თავისთავად  უზრუნველყოფდა ფანჯრების რაოდენობა და ფართის განლაგება. ამას გარდა, პატარა სივრცის გათვალისწინებით, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ინტერიერი  ნათელ ფერებში ყოფილიყო გადაწყვეტილი, რამაც ნამდვილად გაამართლა. ასევე მე მყავს შვილები და შესაბამისად, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო უსაფრთხო ინტერიერის ე.წ. “kid-friendly” გარემოს უზრუნველყოფა, რაც გულისხმობდა ავეჯზე მაქსიმალურად ნაკლებ კუთხეებს და მეტ რბილ ზედაპირს, სტანდარტულზე მაღალ ფანჯრის რაფებს და ა.შ.

საბავშვო ოთახი რენოვაციამდე
საბავშო ოთახი რენოვაციის შემდეგ

აქვე რჩევის სახით დავამატებდი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ სივრცის დაზოგვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებით, რომ ბინაში იყოს ნაკლები უსარგებლო ავეჯი თუ ნივთი და მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა ნიშა სათავსოს უზრუნველსაყოფად. ასევე, მომწონს იატაკზე, ფილებსა და ლამინატს შორის გადამყვანად გამოყენებული გალაქული კორპის ლენტის იდეა.

– როგორც ვხედავთ, თქვენთან სამზარეულო და მისაღები ზონები გაერთიანებულია. რამდენად კომფორტულია ასეთი წყობა და რა არის მისი მთავარი დადებითი და უარყოფითი მხარეები თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე?

– მინდა გითხრათ, რომ როდესაც გაერთიანებულ სივრცეს ვგეგმავდი, კარგად ვაცნობიერებდი მის უარყოფით მხარეებსაც. თუმცა, ვიზუალური ეფექტის გარდა, რაც ნამდვილად მივიღე ასეთი გაშლილი სივრცით, ამ წყობის დიდი უპირატესობაა ბავშვებთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა და მათთვის თვალყურის დევნება სამზარეულოში საქმიანობის დროსაც კი.

– გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ ავეჯისა და სახლის დეკორის შეძენასთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილებები მიიღეთ ამ მხრივ?

– როგორც ზემოთ ავღნიშნე, ბინაში ყველა შესაძლო ნიშა გამოვიყენე სათავსოებისთვის. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო სპეციფიური ზომების გათვალისწინება  და შესაბამისად, ძირითადად მომიწია ავეჯის შეკვეთით დამზადება.

ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო აივნის კარადა, რომელიც ეფექტურია არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფუნქციურადაც, რადგან გათბობის ქვაბისთვის უზრუნველყოფს აუცილებელ პირობებს.

ასევე სპეციფიური ზომების გათვალისწინებით, შეკვეთით დავამზადებინე ასევე რბილი ავეჯი.

რაც შეეხება სახლის დეკორს, პანდემიამ ხელი შემიშალა სივრცე დამატებითი ნივთებით შემევსო, ვინაიდან ნივთების ონლაინ შერჩევა არც ისე მარტივია ამ მხრივ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ინტერიერი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. თუმცა, დეკორის ელემენტებად ჩემი ნახატები და ნაქარგები გამოვიყენე, რაც საკმაოდ ინდივიდუალურ სტილს სძენს ინტერიერს. ასევე, ჩემს სახლში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემ მიერ  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ სუვენირებს, რომლებსაც წლების მანძილზე ვაგროვებდი და რომლებიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოგონებებეს ინახავენ.

– რომელი ადგილია თქვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი თქვენს ბინაში? რატომ?

– ძალიან მიყვარს ჩემი აივანი. ეს არის ადგილი, სადაც ერთდროულად შემიძლია ინგლისური ჩაითა და ხედით ტკბობა.

 

– მოდით ვისაუბროთ შეცდომებზე. არის თუ არა ისეთი დეტალები თქვენს ბინაში, რასაც შეცვლიდით დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ?

– რა თქმა უნდა, არის ნიუანსები, რაზეც დიდი ყურადღების გამახვილება არ ღირს. თუმცა, ყველაზე დიდი “გაკვეთილი” ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა ის, რომ რემონტის დასრულების შემდეგ ბინა არ დავაზღვიე. სამწუხაროდ, ამის შედეგი უკვე ვიწვნიე მეზობლების მიზეზით, რაც არცთუ ისე იშვიათია ქართულ რეალობაში.

– და ბოლოს, რა არის თქვენთვის სახლი?

ასე მგონია, ყველაზე მეტად ადამიანს ბავშვობის სახლი უყვარს, რადგან იქ ატარებს ცხოვრების ყველაზე ბედნიერ ხანას. ამიტომ ეს სახლი, პირველ რიგში, არის ჩემი შვილების ბავშვობის სახლი, სადაც მათ ბევრი კარგი და თბილი მოგონება უნდა მოაგროვონ.

TON-ის შოურუმში ახალი კოლექციაა

მრავალფუნქციური შენობა მარშალ გელოვანის გამზირზე – სტუდია “მედუზას” პროექტი