წყნეთი, თავისი ბუნებრივი გარემოთი და თბილისთან სიახლოვით, ბოლო წლებში იქცა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად თანამედროვე საცხოვრებელი არქიტექტურისთვის. სწორედ აქ, კერძო დასახლებების ტერიტორიაზე, არქიტექტურულმა სტუდია MUA Architecture & Placemaking-მა დაასრულა ახალი სახლის რეალიზაცია — პროექტი, რომელიც ერთდროულად ავლენს მოდერნისტული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და თანამედროვეობისადმი კრიტიკულ რეფლექსიას.

შენობის არქიტექტურა მკაფიოდ ეფუძნება კონსტრუქტივიზმისადმი დამახასიათებელ მკაცრ გეომეტრიას და კონსტრუქციული ელემენტების ესთეტიკურ მნიშვნელობას. აქ ყოველი დეტალი — მეტალის დიაფრაგმა, ბეტონის კუთხე თუ ხის ფაქტურით დაფარული პანელი — ფუნქციურობის გარდა, ემსახურება ფორმისა და ატმოსფეროს შექმნის იდეას. შენობა თითქოს დიალოგში შედის იმ ეპოქასთან, რომელშიც არქიტექტურა იყო არა მხოლოდ სივრცის შექმნის ხელოვნება, არამედ აზროვნების სისტემა.
გეგმარების პრინციპი ეფუძნება გახსნილობასა და გარემოსთან მაქსიმალურ კავშირს. პირველ სართულზე განლაგებული საერთო ზონა — მისაღები, სასადილო და სამზარეულო — გადის გამჭოლი ვიზუალური ღერძებით ეზოსა და ლანდშაფტის მიმართულებით, რაც ინტერიერსა და ექსტერიერს შორის საზღვარს თითქმის უხილავს ხდის.
სივრცეებს შორის მოძრაობა მიმდინარეობს ორ დიაფრაგმას შორის გაჭრილი კიბის უჯრედის გავლით — ეს არის ელემენტი, რომელიც პროექტის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ჟესტად იქცევა. კიბის ზემოდან ჩამოსული ბუნებრივი შუქი ინტერიერს აძლევს დრამატულობას და ქმნის განსაკუთრებულ განცდას, თითქოს მოძრაობა ფიზიკური გამოცდილების ნაცვლად, ემოციურ პროცესად იქცევა.
MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი წყნეთში ერთგვარი თანამედროვე მანიფესტია იმის შესახებ, რომ არქიტექტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ უბრალოდ თავშესაფარი, არამედ იდეების მატარებელი სივრცე — ადგილი, სადაც ფორმა, შუქი და მასალა ერთად ქმნის განცდას, დროის მიღმა ყოფნისა.
MUA Architecture & Placemaking-ი მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე არქიტექტურული ოფისია. მისი სამუშაო პრაქტიკა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებს, როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. სტუდიის სამუშო პროცესი, გარემოსთან მუდმივი დიალოგის, მრავალმხრივი ძიების, შემოქმედებითი დამოკიდებულებისა და ღრმა ტექნიკური ცოდნის სინთეზია. გუნდის წევრებს სჯერათ ლატერალური აზროვნების, რაც სიღრმეებში წვდომას, უხილავის გამოვლენას და ახლის აღმოჩენას პროვოცირებს. MUA-ს საქმიანობის სფერო და მიზნები საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტების ინიცირება და განხორციელებაა. კომპანიის საქმიანობა სცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს საერთაშორისო პროექტებს სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ალბანეთსა და გერმანიაში.
კონსულტანტები:
სტრუქტურული ინჟინერია: პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: MBG I ინჟინერია: გიორგი მარშანიშვილი, ერეკლე მესტვერიშვილი
გუნდი: გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი, მარია ფელანგია, ნატალია ნებიერიძე, ლევან ძეგველაშვილი, ანა გრიგოლია, შირინ შაჰრუდი, უჩა ზღუდაძე, სალომე კაცაძე, სალომე მამრიკიშვილი, მერაბ მებუკე, დიტო გოგუაძე, ბექა მელაძე
ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი





















