in

ურბანული მეხსიერების შენარჩუნება — მე-19 საუკუნის სახლის ახალი სიცოცხლე ძველ ნაძალადევში

არქიტექტორ გია ჯაჯანაშვილის ნამუშევარი

ძველი ნაძალადევის ერთ-ერთ მშვიდ ქუჩაზე, ხუდადოვის მიმდებარედ განთავსებული ეს ისტორიული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს იშვიათ მაგალითს იმ არქიტექტურული ფენისა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა და რომელმაც უბნის იდენტობა განსაზღვრა. სწორედ ამ ურბანული მეხსიერების შენარჩუნების სურვილი გახდა სახლის შეძენისა და აღდგენის მთავარი მოტივაცია — პროექტი განხორციელდა მფლობელისა და არქიტექტორ გია ჯანანაშვილის ერთობლივი მუშაობით, საერთო ხედვით, რომ შენობას მაქსიმალურად შეენარჩუნებინა ავთენტური ხასიათი და ამავე დროს, სრულად თანამედროვე, ფუნქციური საცხოვრებელი გარემო შეექმნა.

205 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი რეკონსტრუქციის შემდეგ იქცა სივრცედ, სადაც ისტორიული ფენა და თანამედროვე არქიტექტურული ენა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. პროექტის მთავარი პრინციპი იყო არსებული მასალებისა და დეტალების მაქსიმალური შენარჩუნება: რეკონსტრუქციის პროცესში მიღებული აგური, ხის ელემენტები და სხვა ფრაგმენტები დამუშავდა და კვლავ ინტეგრირდა შენობის კონსტრუქციაში, რამაც ფაქტობრივად, სახლის მატერიალური მეხსიერება შეინარჩუნა.

შენობის იდენტობას განსაზღვრავს მისი ფასადი, რომლის მთავარი ელემენტი ავთენტური შუშაბანდია — სრულად რესტავრირებული და დღესაც სახლის ხასიათის განმსაზღვრელი.

არქიტექტურული გადაწყვეტის საინტერესო დეტალია მეორე სართულის ინტეგრაცია: ქუჩიდან სახლის აღქმისას ის თითქმის შეუმჩნეველია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერში ჭერის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ფასადზე ასევე აღდგენილია ავთენტური კრამიტის სახურავი – კვლევის შედეგად დადგინდა მისი თავდაპირველი სახე და შესაბამისი კრამიტი სპეციალურად მოიძებნა საქართველოს რეგიონებში იმავე პერიოდის შენობებიდან.

სახლის ფასადი მთლიანად აგურისაა, ხოლო დასავლეთის ახალაშენებულ კედელსა და მეორე სართულის ნაწილებში გამოყენებულია სწორედ ის აგური, რომელიც რეკონსტრუქციის დროს გამოთავისუფლდა და დამუშავდა. ფასადის მნიშვნელოვან კომპონენტს ასევე წარმოადგენს ექსკლუზიურად ამ სახლისთვის დამზადებული მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, რომლის მსგავსი მასშტაბი სტანდარტულ ბაზარზე პრაქტიკულად არ იძებნება. დამატებითი ბუნებრივი განათებისთვის კი კრამიტის სახურავში ინტეგრირებულია პრემიუმ კლასის ჭერის ფანჯრები.

შესაბამისად, რეკონსტრუქციის პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილით შენარჩუნდა ისტორიული ფრაგმენტები — სრულად აღდგა შუშაბანდი, უცვლელად დარჩა ისტორიული აგურის კედელი, ხოლო სახლის უკანა ნაწილი ინარჩუნებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ არასტანდარტულად სქელ კონსტრუქციას. რაც შეეხება ინტერიერს, აქ ასევე შენარჩუნებულია ოთახებს შორის არსებული შიდა კარ-ფანჯარა, რომელმაც მინიმალური რესტავრაციის შემდეგ, პირვანდელი იერსახე და ფერი დაიბრუნა.

როგორც სახლის მეპატრონე გვიამბობს, ენერგოეფექტურობა პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო: კრამიტის სახურავის ქვეშ მოწყობილია 16 სანტიმეტრიანი თბოიზოლაცია, დასავლეთის ახალაშენებულ კედელში კი აგურის შრეებს შორის დამატებითი იზოლაციაა შესრულებული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგოდანახარჯს, მიუხედავად სამხრეთული ორიენტაციისა და მთელი დღის მზის ინტენსიური ზემოქმედებისა. გეოლოგიური კვლევების საფუძველზე გამაგრდა საძირკველიც. ამას გარდა, შენობას აქვს ფარული წყალსაწრეტი ღარების სისტემა, რომელიც სპეციალურად მოწყობილ სანიაღვრე ქსელს უკავშირდება.

შიდა სივრცეში გამოყენებულია ძირითადად ბუნებრივი მასალები, რაც ჯანსაღ და ენერგოეფექტურ გარემოს ქმნის. ორივე სართულის იატაკი მოპირკეთებულია ხით, რომელიც ძველი სახლის მასალის დამუშავების შედეგად იქნა მიღებული, ხოლო სართულებს შორის გადახურვაში გამოყენებულია ძველი სახურავის ხის კოჭები — დამუშავებული და ხელახლა ინტეგრირებული კონსტრუქციაში.

ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია შუშაბანდისა და შიდა კარ-ფანჯრების სპილენძის სახელურები — ისინი სპეციალური შეკვეთით დამზადდა ძველ სახლში აღმოჩენილი ნიმუშების მიხედვით. ასევე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის განათება: სანათები არ არის მასობრივი წარმოების და შექმნილია იმავე პერიოდის ავთენტური სანათების გადამუშავებული კონცეფციის საფუძველზე.

მეორე სართულზე მოწყობილია ვრცელი ტერასა, საიდანაც ფუნიკულიორისა და ქალაქის ხედები იშლება, ხოლო სახლის მოპირდაპირედ მდებარე ხუდადოვის ტყე-პარკი ქმნის გრილ მიკროკლიმატსა და სუფთა ჰაერის განსაკუთრებულ გარემოს — იშვიათ კომბინაციას ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა და ბუნებრივ სიმშვიდეს შორის.

სახლის გარე სივრცე 400 კვადრატულ მეტრზეა განაწილებული და სხვადასხვა მხარეს ქმნის ერთმანეთისგან განსხვავებულ დასასვენებელ ზონებს — მთავარი სივრცე სახლის წინ მდებარეობს, ხოლო მწვანე მასივები დასავლეთ მხარეს და უკანა ნაწილშია განთავსებული. ტერიტორია სრულად იზოლირებულია გარე ხედვისგან, რაც მაქსიმალურად მშვიდ და მყუდრო გარემოს უზრუნველყოფს; ზაფხულში სახლს ბუნებრივად ფარავს მრავალფეროვანი ხე-მცენარეები, მარადმწვანე ნარგავები კი ზამთარშიც ინარჩუნებს ეზოს განწყობას. ღობის დიზაინი მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელ ვიზუალს ეფუძნება და აგურისა და ხის კომბინაციას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახლი გასაყიდად არის გამოტანილი და მას ექსკლუზიურად ყიდის “კედარო ჯგუფი”. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქონების მართვის მენეჯერს – ეკატერინე ჭიღლაძეს: +995 593 61 81 81

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

მსოფლიოს 10 შთამბეჭდავი კიბე

ვარდისფერი სახლი პორტუგალიაში – Mezzo Atelier-ის პროექტი