in

„take a seat, we are starting“ – NS STUDIO-მ დიზაინ ობიექტების პირველი კოლექცია წარადგინა

NS STUDIO ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიაა, რომელიც 2013 წელს ნინი ჭანტურიამ და ლუკა ჩაგანავამ დააარსეს. კომპანიის მიზანია არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ხარისხიანი, საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრების შექმნა. დამფუძნებლების თანახმად, მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში საკუთარი ხასიათის შექმნა, თითოეული ნამუშევრით სწორი კონტექსტის, შინაარსის, აუცილებელი ფუნქციონალურობისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სწორედ ამ ფილოსოფიით იქმნება NS STUDIO-ს დახვეწილი ნამუშევრები, რომლებიც არაერთხელ ყოფილა ჩვენი განხილვის საგანი.

წელს სტუდიას საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული სიახლე აქვს. არქიტექტურისა და ინტერიერის სფეროში რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, NS STUDIO პროდუქტის დიზაინის მიმართულებას აანონსებს.

თავდაპირველად ჩვენ მცირე არქიტექტურულ მოცულობებზე ვმუშაობდით. ამასთან ერთად,  ექსპერიმენტებს ვატარებდით ავეჯისა და პროდუქტის დიზაინზე. კომპანიის განვითარებასთან და ზრდასთან ერთად, პროდუქტის დიზაინი და ინტერიერის  განსხვავებული ელემენტების შექმნა  თითოეული ჩვენი პროექტის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ სფეროში თითქმის 10 წლიანი პრაქტიკის შემდეგ, ჩავთვალეთ, რომ უკვე მზად ვიყავით არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პრაქტიკის პარალელურად, შეგვექმნა პროდუქტის დიზაინის ხაზი, რომელიც გაიზიარებდა სტუდიის ერთიან ფილოსოფიას, შეინარჩუნებდა ინდივიდუალიზმს და იქნებოდა დამოუკიდებელი პლატფორმა პროდუქტის დიზაინის იდეების გენერირებისთვის,” – აცხადებენ სტუდიის წარმომადგენლები

ნს პროდუქტის პირველი კოლექცია სახელწოდებით „take a seat, we are starting“, უკვე მზად არის და ის რამდენიმე განსხვავებულ პროდუქტს აერთიანებს. თითოეული ნივთი და მათი დეტალები ხელნაკეთია და დამზადებული საქართველოში.

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, კოლექციის შექმნის იდეა ერთ-ერთი ინტერიერის დიზაინის პროექტზე მუშაობისას გაჩნდა. თავდაპირველად მაგიდის სილუეტი შეიქმნა, რომლის მთავარი ინსპირაცია  ქართული ისტორიული არქიტექტურის დეტალებზე ჩაძიებაა. სწორედ ამ მაგიდის დიზაინის ესთეტიკა გახდა საფუძველი, კოლექციის სხვა პროდუქტების დიზაინის შექმნისთვის.

ვფიქრობთ, რომ ფორმების სიმარტივე და თითოეული პროდუქტის ინდივიდუალიზმი მნახველებისთვის შთამაგონებელი იქნება და მრავალფეროვანს  გახდის ნებისმიერ სივრცეს,” – NS STUDIO

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

“ნამაი ვაკე” – გამორჩეული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

პარკსაიდის რეზიდენცია – მარტივი ფორმები და საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტა