ვენეციის არქიტექტურული ბიენალე — უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ არქიტექტურის გლობალურ დისკურსს აერთიანებს — წელსაც გახდა პლატფორმა, სადაც არქიტექტორები, თეორეტიკოსები და ურბანისტები მთელი მსოფლიოდან თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს იდეებით პასუხობენ. მათ შორის აღმოჩნდა ქართული არქიტექტურული სტუდია TIMM Architecture, რომლის გუნდი მონაწილეობდა ერთ-ერთ თანმდევ პროექტში — შინაარსობრივად გამორჩეულ ინიციატივაში, რომელიც Palazzo Contarini Polignac-ის ისტორიულ სივრცეში გაიმართა.
როგორც სტუდიის დამფუძნებელი, არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი გვიამბობს, კოლატერალური პროექტის კონტექსტი გამორჩეულ შესაძლებლობებს ქმნის პროფესიული დიალოგისთვის და თანამედროვე არქიტექტურის მრავალწახნაგოვანი მდგომარეობის გაანალიზებისთვის. „ბიენალეს ფარგლებში ერთ ქალაქში, ერთ სივრცეშია თავმოყრილი არქიტექტურის ყველა შრე — კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური. ბიენალე ქმნის პირობებს, სადაც ხდება იდეათა გაცვლა, არქიტექტურული პოზიციების შედარება და ისეთი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება, რომლებიც სხვა პირობებში იშვიათად იქმნება,“ — ამბობს ის.
ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე, ეს თემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სტუდიისთვის, არამედ ზოგადად, ქართული არქიტექტურული სივრცისთვის. სწორედ ამიტომ, დღევანდელ ინტერვიუში ნიკოლოზ ლეკვეიშვილი გვესაუბრება TIMM Architecture-ის გამოცდილებაზე არქიტექტურულ ბიენალესთან დაკავშრებით.
როგორ მოხდა თქვენი ჩართვა წლევანდელ ბიენალეს თანმდევ ღონისძიებებში?
ჩვენი ჩართულობა განხორციელდა ნიუ-იორკში მოქმედი უკრაინული წარმოშობის კურატორისა და არქიტექტურის ჟურნალისტის, ვლადიმირ ბელოგლოვსკის მოწვევით, რომელთანაც წარსულში უკვე გვქონდა თანამშრომლობის გამოცდილება. აღნიშნულ პროექტში მან ექვსი არქიტექტორის შერჩევა მოახდინა, რომელთა ნამუშევრებიც ერთ სივრცეში იქნებოდა წარმოდგენილი, როგორც სხვადასხვა გეოგრაფიული და კონცეპტუალური კონტექსტიდან წამოსული დამოუკიდებელი ხედვები. ჩვენი სტუდიის მონაწილეობა ამ შერჩეულ ჯგუფში აღვიქვით როგორც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, შემოგვეტანა ქართული არქიტექტურული პრაქტიკის სპეციფიკა გლობალურ სივრცეში.

რა პროექტი წარადგინეთ ვენეციაში და რა არის მისი შთაგონების წყარო?
გამოფენაზე წარვადგინეთ საცხოვრებელი არქიტექტურის ტიპოლოგიური პროტოტიპი, რომელიც ჩვენი სტუდიის მიერ მუშავდება თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე. პროექტი ეფუძნება მრავალწლიან კვლევას, რომელიც თბილისის აივნების ევოლუციას სწავლობს — როგორც სივრცით, ისე სოციალურ ჭრილში. ჩვენი მიზანი იყო ამ მეხსიერების არქიტექტურული გადააზრება და მისი გამოყენება თანამედროვე საცხოვრებელ ბლოკში, რომელიც რეაგირებს ურბანულ მიკროკლიმატზე, საცხოვრებელ ჩვევებზე და ადამიანთაშორისი კავშირის სივრცით პოტენციალზე.
როგორ უკავშირდება თქვენი ნამუშევარი ბიენალეს წლევანდელ მთავარ თემატიკას?
ბიენალეს თემატიკა — intelligence — გულისხმობდა არქიტექტურის, როგორც აზროვნების მატარებელი დისციპლინის, ჩართულობას თანამედროვეობის გლობალურ პროცესებში. ჩვენი პროექტი ამ თემაზე პირდაპირ რეაგირებს: ვცადეთ ადგილობრივი ცხოვრების ტრადიციული მოდელების — კერძოდ კი აივნებზე არსებული სოციალური პრაქტიკის — გადმოტანა თანამედროვე საცხოვრებელ არქიტექტურაში, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ეს იყო მცდელობა, გაგვეაზრებინა თუ როგორ შეიძლება არქაული რესურსი გახდეს ცოცხალი არქიტექტურული სტრატეგიის ნაწილი 21-ე საუკუნის პირობებში.

რა გზავნილის გატარება გსურდათ დამთვალიერებლისთვის ამ პროექტით?
პროექტი წარმოდგენილი იყო როგორც ღია პროტოტიპი — არქიტექტურული ჩარჩო, რომელიც შესაძლებელია ინტერპრეტირებული იქნას სხვადასხვა კონტექსტში. მისი მთავარი მიზანი იყო შეკითხვის ფორმულირება (და არა მზა პასუხის მიწოდება): როგორ შეიძლება იმ ხუთი საცხოვრებელი ქცევითი მოდელის, რომელიც ჩვენს კვლევაში გამოვკვეთეთ, ინტეგრირება თანამედროვე საცხოვრებელ სტრუქტურაში? ეს შეკითხვა გახდა დისკუსიის წყარო როგორც გამოფენის ფარგლებში, ისე შემდგომ პროფესიულ შეხვედრებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული გავლენიანი არქიტექტორები.

როგორ წარიმართა პროექტზე მუშაობის პროცესი – როგორ აირჩიეთ კონცეფცია, როგორ მიმდინარეობდა მასალის მომზადება და კურატორებთან კომუნიკაცია?
კურატორთან თანამშრომლობა იყო დინამიკური და პროცესზე ორიენტირებული. მისი ინიციატივით, არჩეული იქნა პრეზენტაციის ვიზუალური ენა — ხელით შესრულებული ესკიზები, რომლებიც არქიტექტურული აზრის უშუალო გადმოცემის საშუალებად იქცა. შევქმენით ანიმაცია, რომელიც შედგებოდა ხელით შესრულებული კადრებისგან, ასევე ცალკეული ესკიზები და სამი ფიზიკური მაკეტი. მაკეტები შემუშავდა მულტიდისციპლინური თანამშრომლობით — მათ შექმნაში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და საინჟინრო კონსულტანტები. რაც შეეხება ინსტალაციის გახმოვანებას, ის საფრანგეთში მოღვაწე კინო-მუსიკის სპეციალისტმა, ანა სიხარულიძემ დაწერა.
რას ფიქრობთ ბიენალეს, როგორც პლატფორმის როლზე თანამედროვე არქიტექტურის განვითარებაში?
თანამედროვე არქიტექტურა საჭიროებს არა მხოლოდ პროექტირებასა და მშენებლობას, არამედ ფიზიკურ და ინტელექტუალურ პლატფორმებს, სადაც მიმდინარეობს აზრის გაცვლა და პროფესიული თვითრეფლექსია. ბიენალე ამ ფუნქციას სრულყოფილად ასრულებს — იგი საშუალებას იძლევა, რომ არქიტექტორებმა გაიაზრონ საკუთარი პოზიცია გლობალურ კონტექსტში, შეადარონ მიდგომები სხვებს და გახდნენ მრავალდონიანი დისკურსის აქტიური მონაწილეები. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობს “თბილისის არქიტექტურული ბიენალე” რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამზადებს პროფესიულ საზოგადოებას მსგავსი გლობალური ღონისძიებებისთვის.
თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ქართველი პროფესიონალების მონაწილეობა ამ მასშტაბის არტ-ფორუმზე ქართულ არქიტექტურულ დისკურსზე?
მე მჯერა, რომ ქართულ კულტურას სჭირდება თანდასწრება ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული მოვლენის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ იგრძნოს და დაინახოს — ჩვენ ამის ნაწილი ვართ. როგორც მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა, კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, ვიყოთ იქ, სადაც იქმნება გლობალური კულტურული სივრცე, რადგან სწორედ ასე ვადასტურებთ ჩვენს არსებობას.