in ,

ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე – TIMM Architecture-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, ვაკის პარკთან ახლოს, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ინტერიერის დიზაინზე სტუდია TIMM Architecture-მა იმუშავა.

ნებისმიერი პროექტის დასაწყისი არის კონცეპტუალური იდეის შექმნა და გეგმარება. ამ პროექტში მთლიანი ბინის გეგმარება ორიენტირებულია ერთი მიმართულებით, შესაბამისად ყველა სივრცის მოწყობა ხდება ანალოგიურად. თითოეულ ოთახს აქვს მთავარი კომპოზიციური ცენტრი, რომელიც უმეტესწილად ჩვენივე დიზაინით შექმნილი ობიექტია, დანარჩენი მთელი სივრცე კი მის გარშემო ვითარდება. სიჩუმის და ერთიანობის მისაღებად, პროექტში დომინირებს ერთი ძირითადი მასალა, რომელიც ქმნის ერთგვარ გაგრძელებადობას სივრცეებს შორის,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები

მისაღები ოთახის კომპოზიციის ცენტრშია TIMM Architecture-ის დიზაინით შექმნილი ხის სასადილო მაგიდა. ის წარმოადგენს ერთგვარ ქანდაკებას, რომელიც შექმნილია მკაცრად გამოკვეთილი გეომეტრიული ფორმებით. მოსაჯდომი სივრცე სასადილო მაგიდისგან მასალით, ფერითა და ავეჯის ფორმითაა გამიჯნული. L ფორმის დივანი აღნიშნულ სივრცეს მყუდროდ აჩარჩოებს. მისი და მის ქვეშ არსებული ხალიჩის მასალა კი ერთიანობაშია ნაფიქრი. ნაცრისფერი ნაჭრის ზედაპირები იმის ინდიკატორია, რომ ამ სივრცეს განსხვავებული ფუნქცია გააჩნია. სასადილო და მოსაჯდომ სივრცეებს ხის ვერტიკალური ძელებისგან შექმნილი სათავსო/კედელი და მინიმალისტური დიზაინის სანათები აერთიანებს.

სამზარეულო მისაღებ ოთახთან კონტრასტს ქმნის არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ ვიზუალურადაც. მისი შექმნისას პროექტის ავტორების მიზანი იყო პრაქტიკული ელემენტების გაერთიანება და ამავდროულად დახვეწილი დიზაინის შექმნა. მარჯვენა კედელი მთლიანად პრაქტიკული ფუნქციებით, სათავსოებით არის სავსე, ხოლო მარცხენა მხარე ეთმობა სამზარეულოს ძირითად ელემენტებს, როგორებიცაა ნიჟარა და გაზქურა. ამ სივრცის მთავარი დიზაინ ელემენტი მრგვალი გამწოვია, რომელიც სივრცეს ფუტურისტულ აურას სძენს.

ცენტრალურ დერეფანს ყველაზე ძლიერი ვიზუალური კავშირი მთავარ საძინებელთან აქვს. აქაც, ზუსტად ისე, როგორც მისაღები ოთახის შემთხვევაში, მაგიდასა და სკამს ვხედავთ, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში მაგიდა და სკამი საძინებლის ცენტრალური ელემენტის, საწოლის ნაწილია. TIMM Architecture-ის დიზაინით შექმნილი საწოლი ოთახის ცენტრში დგას და თავის თავში იტევს ყველა იმ ავეჯის ფუნქციას, რომელიც ჩვეულებისამებრ, საძინებლებში გხვდება. ის აერთიანებს საწოლს, მაგიდას, სათავსოებსა და სანათებს.

ელექტროობასთან დაკავშირებული ელემენტები შავი ფერით არის აქცენტირებული, რაც კონტრასტს ქმნის ინტერიერის დანარჩენ ნაწილებთან.

მთავარი საძინებელი დაკავშირებულია აბაზანასთან, რომელიც თავის მხრივ, ორ ნაწილადაა გაყოფილი. გამყოფი ელემენტის როლს ცენტრალური ხელსაბანი ასრულებს. მის მარცხნივ საშხაპე სივრცეა მოწყობილი, ხოლო მარჯვნივ – ჩასაწოლი აბაზანა. თითოეული მხარე განსხვავებული ცხოვრების რიტმს ემსახურება.

ინტერიერის შექმნის პროცესში ვფიქრობთ არა მხოლოდ დიზაინის ვიზუალურ მხარეზე, არამედ იმ მოგონებებზე, რომელიც ამ სივრცეში შეიქმნება. მომავლის წარმოდგენით კი ის სურათი, რისი შექმნაც გვინდა, თანდათან უფრო ცხადი ხდება,” – TIMM Architecture

გეგმარებითი ნახაზი

არქიტექტურული სტუდია: TIMM Architecture

პროექტის ავტორები: თამარ ნეფარიძე, ნინო ჩხარტიშვილი, გიორგი პატარიძე, ელენე შურღაია, ნათია ლეკვეიშვილი, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

ვიდეოს მუსიკა: ანანო სიხარულიძე

ფოტოგრაფი: Beka Gulva

დიზაინერ სუზი ჰუდლესის სახლი გამორჩეული სტილითა და ფერებით

ამერიკული სტილის სამზარეულო – 3 მთავარი მახასიათებელი