in

ტრავერტინის ქვა — გამოყენება, უპირატესობები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ტრავერტინი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვაა, რომელსაც ექსტერიერისა თუ ინტერიერის დიზაინში ხშირად იყენებენ. ის უმეტესად, კედლებზე, იატაკსა და  შენობის ფასადზე გვხვდება და ნაგებობას გამორჩეულ იერსახეს სძენს. მოსაპირკეთებელ მასალებს შორის ტრავერტინი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს:

ეკოლოგიური სისუფთავე და ბუნებრიობა — თანამედროვე დიზაინში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ მასალებს. შესაბამისად, ტრავერტინი მოსაპირკეთებელ მასალათაგან ერთ-ერთია, რომელიც გარემოს არ აზიანებს და ბუნებრივ, სადა, დახვეწილ იერს სძენს ექსტერიერსა თუ ინტერიერს.

გამძლეობა — ტრავერტინი ტემპერატურისა და წყლის მიმართ გამძლეობით ხასიათდება. კარგად დამუშავებული ზედაპირის მქონე ტრავერტინი, ეფექტურად უძლებს სხვადასხვა დაზიანებასა თუ სიმძიმეს და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

გამოყენების მრავალფეროვნება — ტრავერტინი გამოიყენება, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეების მოსაპირკეთებლად. მათ შორის, საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებზე — იატაკზე, კედელზე, ფასადზე, კიბეებზე და აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ ამ მიზეზით, ის დიდი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

მონტაჟისა და მოვლის სიმარტივე — ტრავერტინის ქვა მარტივად ერგება სხვადასხვა ტიპის ზედაპირს და არ საჭიროებს განსაკუთრებულ სამონტაჟო სამუშაოებს. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირი კარგად არის დამუშავებული და ინსტალაციაც სწორადაა შესრულებული, მისი მოვლა მარტივია და წყლის, ტემპერატურისა და სხვადასხვა დაზიანების მიმართ მედეგია.

განვიხილოთ მისი ნაკლოვანებებიც:

ფორიანობა — ტრავერტინი ფორიანი ქვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში სითხეებს, საღებავსა თუ ჭუჭყს მარტივად იწოვს, ამიტომ აუცილებელია მისი საგანგებოდ დამუშავება, რათა მასალის სიმტკიცე და ეფექტური ფუნქციურობა დაიცვათ.

დაზიანებისა და ნაკაწრების მიმართ მგრძნობელობა — ტრავერტინი სხვა ბუნებრივ ქვებთან შედარებით, რბილი ქვაა, რის გამოც ის მეტადაა მგრძნობიარე ნაკაწრებისა და სხვადასხვა დაზიანების მიმართ. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ზედაპირის სპეციალური საშუალებებით დამუშავება.

სამშენებლო მასალების კომპანია „B Stone“-ის წარმომადგენელი ტრავერტინის უპირატესობებზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ გარდა მისი ეკოლოგიური სისუფთავისა და გამძლეობისა, ბუნებრივი ქვა გარეგნული მახასიათებლებითაც გამოირჩევა და სივრცეს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.

„ტრავერტინი, ძირითადად, ორი ფერისაა  ­— თეთრი და კრემისფერი, რის გამოც ნებისმიერ ადგილს, ეს იქნება ექსტერიერი თუ ინტერიერი, დახვეწილობას ანიჭებს.  საქართველოში მეტად პოპულარული თეთრი ფერის ტრავერტინია, რის გამოც მასზე გაცილებით მაღალი მოთხოვნაა. ტრავერტინს ხშირად იყენებენ კიბის საფეხურებისა და აუზების მოსაპირკეთებლად, რადგან, გარდა იმისა, რომ ის მარტივი დასაგები და მოსავლელია, ზედაპირი არ პრიალებს, უხეშია და მასზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტულია“, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

დარგის ექსპერტი მონტაჟის სპეციფიკაზეც გვესაუბრება და გვიხსნის, რომ ტრავერტინის მონტაჟისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან მისი სირბილის გამო, შესაძლოა, ქვა მარტივად დაზიანდეს. ზედაპირზე მოთავსების შემდგომ კი მასალა მყარი და მედეგი ხდება. ამასთანავე, იმის გამო, რომ ტრავერტინი ფორიანი ქვაა და სითხესა და მტვერს მარტივად იკრავს, ზედაპირს სპეციალური საშუალებებითა და ლაქით ამუშავებენ, რათა ფორები ამოივსოს და ქვამ ერთიანი სახე მიიღოს.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსხვავებული მიდგომაა საჭირო კერძო სახლისა და კორპუსის ფასადის მოპირკეთებისას: „ინტერიერში და კერძო სახლის გარე ფასადზე ტრავერტინის მონტაჟი საკმაოდ მარტივია — გასუფთავებულ და წინასწარ გამზადებულ ზედაპირს, წებო-ცემენტის საშუალებით, ქვა მარტივად ეკვრის. საცხოვრებელ კომპლექსებზე კი ინსტალაცია შედარებით რთულია. ამ შემთხვევაში, სპეციალური სამაგრებით — ანკერებით ხდება ქვის გამაგრება, რათა ქვამ სიმყარე შეინარჩუნოს და არ ჩამოვარდეს“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მასალის ღირებულება ქვის ხარისხზე, ზედაპირის დამუშავებაზე, წარმომავლობაზე და ქვის ფერზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ქვას ხშირი ფორები აქვს და მყარი არაა, უხარისხოდ ითვლება. საქართველოში, ძირითადად, ირანული და თურქული პროდუქტი შემოდის. ირანული ტრავერტინის ფასი, 1მ2-ის მიხედვით, საშუალოდ, 45 — 55 ლარია, ხოლო თურქულის — 65 — 90 ლარი. უნდა ითქვას ისიც, რომ თეთრი ტრავერტინი უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე კრემისფერი. რაც შეეხება ხელობას, ამ მომსახურების ღირებულება, საშუალოდ, 1მ2-ის გათვალისწინებით, 50 ლარიდან იწყება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 რჩევა ინდივიდუალური სახლის აშენების მსურველთათვის – სტუდია „Art Line Group“-ის გზამკვლევი

რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ პრემიუმ-ხარისხის ორთქლის უთოს შეძენისას?