in

5 რჩევა ინდივიდუალური სახლის აშენების მსურველთათვის – სტუდია „Art Line Group“-ის გზამკვლევი

კერძო სახლის აშენება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც ფინანსებთან ერთად, სწორ გეგმარებასა და არაერთი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. შესაბამისად, მშენებლობის პროცესში ხშირია შეცდომებისა და გაუთვალისწინებელი სირთულეების არსებობა. ამიტომ დღევანდელ სტატიაში  არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია — „Art Line Group“-ი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს გვიზიარებს, რაც არქიტექტურული საკითხების გადაჭრასა და მათთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

„თითქმის ყველა ადამიანს უნდა ბავშვობის ოცნების ასრულება და ზუსტად ისეთი სახლის ქონა, რომელსაც ღამე, დაძინებამდე წარმოიდგენდა. რა სურთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ოცნების ასრულების გზაზე დგანან? პასუხი მარტივი და ამავდროულად, ძალიან რთულია — ღვთაებრივი პროპორციებისა და ოქროს კვეთის აღმოჩენა, სადაც პრაქტიკული ნაწილი ესთეტიკურს უკავშირდება, სილამაზე კი კომფორტულობას. თუმცა ამის მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ცოდნაა აუცილებელი“, — აღნიშნავენ „Art Line Group“-ში.

ადგილის შერჩევა 

არქიტექტურულ პროექტამდე ყველაზე მნიშვნელოვანი, უპირველესი ეტაპი ადგილის შერჩევა და რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებაა, რადგან ნაგებობას სასურველი სახე ეძლევა მხოლოდ ბუნებასთან და გარემოსთან ჰარმონიული სინთეზით.

„საუკეთესო შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ბუნება თავისი შემოქმედებით, არქიტექტორი კი პროფესიონალური და ესთეტიკური ხედვით, სრულ ჰარმონიას ქმნის. უდიდესი შეცდომაა თავდაპირველად ესკიზის შემუშავება და ამის შემდგომ მიწის ნაკვეთზე ფიქრი და მასზე ნაგებობის მორგება“, — ამბობენ ჩვენი რესპონდენტები.

არსებული განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინება  

პროფესიონალების აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა განაშენიანებისთვის, რადგან ძირითადად, მშენებლობა დასახლებულ გარემოში მიმდინარეობს. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდებარე განაშენიანების შესწავლა, შენობა ნაგებობებზე, ქუჩებზე დაკვირვება და დომინანტური თუ ფონური არქიტექტურის გამოკვეთა. ხშირ შემთხვევაში, უფრო მომგებიანია ნაგებობის არსებულ ფონთან შერევა, ვიდრე ამბიციური, გამოკვეთილი მოცულობების შექმნა. სწორი არჩევანი კი სწორედ გარემოდან გამომდინარე კეთდება.

მაცხოვრებლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგება 

„Art Line Group“-ში ამბობენ, რომ  გავრცელებული შეცდომაა, როდესაც დამკვეთები ინტერნეტში მოძიებული თუ მეგობრის სახლის ფოტოებით ცდილობენ საკუთარი სურვილების გამოხატვას და მათემატიკურად დაანგარიშებული რიცხვებით საუბრობენ ოთახის სასურველ ზომებზე. რეალურად, კონკრეტულ მაცხოვრებელს, შესაძლოა, სულ სხვა რამ სჭირდებოდეს.

მნიშვნელოვანია, რომ სახლი მეპატრონის იდენტობას გამოხატავდეს და ოჯახის წევრების პირად ინტერესებს ითვალისწინებდეს. არქიტექტორმა და დიზაინერმა კი ეს სურვილები ნაგებობაში უნდა გადაიტანოს. სწორად მოწყობილ საცხოვრებელში მაცხოვრებლის თითოეული ინტერესი, გატაცება თუ ჩვევები იგრძნობა. ამგვარად, დამკვეთის სურვილების სრულად გასაგებად, აუცილებელია დამკვეთის აქტიური ჩართულობა მშენებლობის ყოველ ეტაპზე.

შენობის მოპირკეთება  

არქიტექტურული პროექტის განხორციელებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხს. გარდა იმისა, რომ მაღალი ხარისხის მასალები მეტად მდგრადი და სანდოა, ისინი შენობის ესთეტიკურ ღირებულებასაც ზრდის და დროთა განმავლობაში, იერსახეს არ კარგავს.

„ხშირად დამკვეთს წამგებიანი ეჩვენება გარკვეულ დეტალებში ზედმეტი თანხის დახარჯვა, თუმცა დროთა განმავლობაში, სრულიად საპირისპიროში რწმუნდება. ასე რომ, იდეალური და მდგრადი შედეგისთვის უპირატესობა ყოველთვის ხარისხს ენიჭება“.   

“Art Line Group”-ის მიმდინარე არქიტექტურული პროექტის ესკიზი

სახლის ერთ ორგანიზმად აღქმა

დარგის ექსპერტები თვლიან, რომ სახლის მშენებლობისას აუცილებელია კონსტრუქცია ერთ მთლიან ორგანიზმად განიხილებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ხელოვნება და ინჟინერია თითქოს დამოუკიდებელი, განსხვავებული დარგებია, პროექტირების ეტაპზე ისინი ერთდროულად მუშაობს, ისევე, როგორც ექსტერიერი და ინტერიერის დიზაინი.

„სრულყოფილი პროექტის უკან დიდი გუნდი დგას, რომელიც იდეალური შედეგის მისაღებად, საათის მექანიზმივით ფუნქციონირებს. ბევრი საინჟინრო თუ ესთეტიკური გადაწყვეტილება ჰარმონიულად მუშავდება და ხშირად, მათ შორს ზღვარიც იშლება. ამიტომ, შეცდომაა, როდესაც სახლის მშენებლობისას მხოლოდ გარე ვიზუალსა და ფართობზე ორიენტირდებიან, ინტერიერს კი უკვე მოგვიანებით, დასრულებული მშენებლობის დროს უბრუნდებიან. იდეალური შედეგი მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ყველა დეტალი ერთდროულად იქმნება პროექტირებისას “, — აღნიშნავენ „Art Line Group“-ში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ვინტაჟური სახლი ლონდონში, რომელიც ინგლისელ ხელოვანს ეკუთვნის

ტრავერტინის ქვა — გამოყენება, უპირატესობები და ღირებულება ქართულ ბაზარზე