in

რა უნდა გავითვალისწინოთ თუ ენერგოეფექტური სახლის აშენება გვსურს?

სახლის მშენებლობისას უმნიშვნელოვანესია ენერგოეფექტური გარემოს უზრუნველყოფა და მაცხოვრებლებისთვის კომფორტული პირობების მოწყობა, რადგან ენერგოეფექტურობა გარემოზე მინიმალურ ზიანს, ენერგიის ოპტიმალურ გამოყენებას და სამრეწველო თუ საყოფაცხოვრებო პროცესებში მის რაციონალურად მოხმარებას გულისხმობს, რაც ცხადია, მაცხოვრებლების კომუნალურ გადასახადებს ამცირებს და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს განაპირობებს. შენობის ენერგოეფექტურობა არაერთ  ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა უმეტესი ნაწილის გათვალისწინება სწორედ მშენებლობის ეტაპზე და რემონტის მიმდინარეობისას ხდება. დღევანდელ სტატიაში, დარგის წარმომადგენლებისა და ექსპერტების დახმარებით, მიმოვიხილავთ იმ ელემენტებს,  რომლებსაც მშენებლობისას ყურადღება უნდა მოვაქციოთ, რათა მაქსიმალურად ენერგოეფექტური საცხოვრებელი მივიღოთ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 2023 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს მთავრობის #354 დადგენილება, რომელშიც გაწერილია ენერგოეფექტურობის ის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ნაგებობის პროექტირებისას.

შენობის ადგილმდებარეობა და კლიმატური პირობები

რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლის აშენება გვსურს? ამ კითხვით ჩვენ ენერგო ექსპერტს, დოქტორ ნოდარ ქევხიშვილს მივმართეთ, რომელიც, პირველ რიგში, შენობის ადგილმდებარეობასა და ორიენტაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან სწორედ ეს ორი კომპონენტი ახდენს დიდ გავლენას საცხოვრებლის ენერგოეფექტურობაზე. ჩვენი რესპონდენტის თანახმად, ენერგოეფექტურობის მინიმალური კოეფიციენტები კლიმატური ზონების მიხედვით სხვადასხვაა, შესაბამისად, ისინი მშენებლობისას განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

„კანონმდებლობით განსაზღვრულია გარე შემოსაზღვრული კონსტრუქციის გარკვეული კოეფიციენტები, რომელთა დაკმაყოფილებაც კონკრეტულ ნაგებობას მოეთხოვება. საქართველო 3 კლიმატურ ზონად არის დაყოფილი, რომელშიც სხვადასხვა ქალაქები და რაიონები ერთიანდება. თითოეულ ზონას მინიჭებული აქვს მინიმალური თბოგადაცემის კოეფიციენტი გარე კონსტრუქციული ელემენტებისთვის — ჭერისთვის, იატაკისთვის, კედლებისა და ფანჯრებისთვის. პირველ კლიმატურ ზონას (რომელშიც შედის ბათუმი, ქუთაისი, სამტრედია…) შედარებით დაბალი მოთხოვნები აქვს ამ მიმართულებით, მეორე (თბილისი, რუსთავი, ლაგოდეხი…) და მესამე (მესტია, ყაზბეგი, ბორჯომი) ზონის შემთხვევაში კი მოთხოვნები იზრდება“. 

კლიმატურ ზონებად დაყოფილი ტერიტორიები

შენობის ორიენტაცია

ნოდარ ქევხიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ  მშენებლობისას ენერგოეფექტურობის გასაზრდელად დიდი ყურადღება ექცევა შენობის მიმართულებას და ფანჯრებისა და კედლების მდებარეობას, რადგან ეს ფაქტორი გარკვეულ შემთხვევებში, ენერგიის მოხმარებას ამცირებს და კომუნალურ ხარჯებს ზოგავს.

„ენერგოეფექტურობის მიღწევაში დიდ როლს ასრულებს შენობის ორიენტაცია ანუ ის, თუ რომელ მხარეს დგას სახლი და მისი მოცულობა. ასევე ყურადღება ექცევა ფანჯრების რაოდენობას მხარეების მიხედვით. ზოგადად, სამხრეთის მიმართულებით ფანჯრების განთავსება დიდ უპირატესობას იძლევა ზამთარში, რადგან ბუნებრივი სინათლისა და სითბოს წყარო იქმნება“.

თბოგამტარიანობისა და თბოგადაცემის კოეფიციენტი

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ კანონში არ არის განსაზღვრული მოთხოვნა კონკრეტულად მასალებზე, თუმცა არსებობს თბოგამტარიანობისა და თბოგადაცემის კოეფიციენტი, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შენობის ელემენტი. ყველა ტექნიკური მასალისთვის თბოგამტარიანობის კოეფიციენტი ცნობილია, ამის გათვალისწინებით კი მათი სისქე და მახასიათებლები კლიმატური ზონების მიხედვით დადგენილ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, თუ ჭერისთვის განსაზღვრულია 0,3 ვტ/მ2 .K თბოგამტარიანობა, აუცილებელია ჭერის მოსაპირკეთებელი მასალები ამ ნიშნულს აკმაყოფილებდეს.

შემინული ზედაპირები

ნოდარ ქევხიშვილი გვესაუბრება შემინული ზედაპირების სტანდარტზეც და გვირჩევს ორი ან სამ-შრიანი მინის გამოყენებას, რომელიც სპეციალური მშთანმთქმელი და ამრეკლი საფარით არის დამუშავებული, რაც მის ენერგოეფექტურობას განსაზღვრავს. მინის შემთხვევაში მაქსიმალური თბოგადაცემის მაჩვენებელი კი, ექსპერტის შეფასებით, 1,8 ვტ/მ2 .K უნდა იყოს.

არქიტექტორი და სამშენებლო ზედამხედველი კარინე მელიქიძე გვესაუბრება გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების მოპირკეთებაზე, რაც შენობაში ენერგოეფექტურობას განაპირობებს. არქიტექტორი გვიხსნის, რომ გარე ჰაერთან შემხებლობაში მყოფი ელემენტები აუცილებლად უნდა დაიფაროს საიზოლაციო მასალით და დაითბუნოს. საიზოლაციო მასალებიდან, კედლებისა და ჭერის შემთხვევაში, ჩვენი რესპონდენტი უპირატესობას მინერალურ ბამბას ანიჭებს.

საიზოლაციო მასალები

„კედლის გარე ზედაპირზე ყველაზე ეფექტური საშუალება მინერალური ბამბის გამოყენებაა, რომლის სიმკვრივე 120 კგ/მ3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მშენებლობის დროს გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველად კედელი სრულად უნდა მოსწორდეს და მაქსიმალური სიგლუვის მისაღებად ბათქაშით დამუშავდეს. მომდევნო ეტაპზე მინერალური ბამბა და გრუნტირება უნდა შესრულდეს. შემდგომ სპეციალური ბადით არმირება გაკეთდეს, ორი სახის შელესვა ჩატარდეს და ბოლო საფეხურზე ზედაპირი წყალგაუმტარი საღებავით დამუშავდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვეულებრივი ბლოკის ან აგურის სისქე მინიმუმ 40 სმ. უნდა იყოს, რათა კედლები ტემპერატურის მიმართ მდგრადი გახდეს. თხელი კედლის შემთხვევაში, თბილი და ცივი ჰაერის ურთიერთქმედება მის დასველებას იწვევს, ამიტომ აუცილებელია კედელი გარედან საიზოლაციო მასალით დაიფაროს“, —  კარინე მელიქიძე.

დარგის წარმომადგენელი ასევე გვიხსნის, რომ სახურავის იზოლაციისთვისაც მინერალური ბამბა გამოიყენება. თუმცა, ქანობიანი სახურავის შემთხვევაში არ არის საჭირო მაღალი სიმკვრივის მქონე საიზოლაციო მასალის გამოყენება, რადგან  დაბალი სიმკვრივის მინერალური ბამბაც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ბრტყელ გადახურვას, ამ შემთხვევაში კი დამატებით აუცილებელია, გაკეთდეს ორთქლიზოლაცია, ჰიდროიზოლაცია და ზედაპირის მოჭიმვა.

ექსპერტების თანახმად, საძირკვლის დამუშავებისას მინერალური ბამბის ნაცვლად, უმჯობესია „XPS“-ის საიზოლაციო მასალის გამოყენება, რომელიც ჰაერს არ ატარებს და ეფექტურად იცავს ზედაპირს წყლისა და ნესტისგან.

„საძირკველზეც აუცილებელია დავიტანოთ საიზოლაციო მასალა. რომელიც სასურველია იყოს „XPS“. განსხვავებით მინერალური ბამბისა, მას დახურული ფორები აქვს და “არ სუნთქავს”. „XPS“ ზედაპირიდან 80 სმ. სიღრმეზე მონტაჟდება, რათა შენობა წყლისა და ნესტისგან იყოს დაცული“.

წყლისა და გათბობის სისტემები

რაც შეეხება წყლისა და გათბობის სისტემებს, კარინე მელიქიძე თანამედროვე მოდელებზე ამახვილებს ყურადღებას და ენერგოეფექტურობის მაქსიმალური მაჩვენებლის მისაღწევად, ხარისხიანი მასალების გამოყენებას გვირჩევს. ექსპერტის თქმით, წყლის სისტემების მონტაჟისას აუცილებელია, ჩატარდეს ჰიდრავლიკური ანგარიში, რომელიც ჰიდრავლიკური სისტემების (მილები, ტუმბოები) განლაგებას, სიმძლავრის შეფასებას, მათი უსაფრთხოების, წყლის სიხშირის, სიჩქარისა და წნევის განსაზღვრას მოითხოვს, რათა სისტემის ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოს. გათბობის სისტემებზე კი სასურველია თერმოსტატიკური ვენტილები განთავსდეს, რაც ტემპერატურას დაარეგულირებს (გააკონტროლებს, რომ ტემპერატურა სასურველ ნიშნულს არ ასცდეს), მომატებული სითბოს დროს  კი გათბობის ქვაბს ავტომატურად გათიშავს. ეს კი მობინადრეებს ზედმეტი ენერგიის მოხმარებისგან და შესაბამისად, ფინანსური ხარჯებისგან დაიცავს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„სოციალური სივრცე“ — გამორჩეული ექსტერიერის მქონე მრავალფუნქციური ადგილი შეკვეთილში

სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია