in

ინტერიერის დიზაინერი, როგორც პროფესია — ელენე სხვიტარიძის ხედვა

დიზაინ პროექტის შექმნა იდეით იწყება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, ამიტომ იბადება კითხვა — რა განასხვავებს ინტერიერის დიზაინერს სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან? სწორედ ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება დღეს დიზაინერი ელენე სხვიტარიძე, რომელიც ამ საქმიანობის “შიდა სამზარეულოს” გვაცნობს და  პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საფეხურებს გვიზიარებს.

ელენე ხაზს უსვამს ინტერიერის დიზაინერის მრავალფეროვან, საინტერესო მოვლენებითა თუ გამოწვევებით აღსავსე საქმიანობას, რომელიც მუდმივ ზრდასა და განვითარებას საჭიროებს. ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ პროექტი იდეით იწყება, თუმცა მის განსახორციელებლად არაერთი დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი, თითოეული ნაბიჯის სწორად წარმართვა კი დიდ პასუხისმგებლობას და ყურადღებას მოითხოვს.

„უცხო თვალისთვის ეს პროფესია ხშირად მარტივ გადაწყვეტებთან ასოცირდება და ესთეტიკურ სიამოვნებას უკავშირდება. როდესაც ინტერიერის დიზაინერობას ირჩევ, ზუსტად იცი, რომ ერთფეროვნებით გამოწვეული მოწყენილობა არასდროს შეგაწუხებს, შენი პროფესიული ყოველდღიურობა მრავალფეროვან დინამიკაში წარიმართება, რადგან ეს საქმე უდავოდ საინტერესოა და მუდმივად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს. თუმცა, სანამ დასრულებული პროექტების ტკბობით გამოწვეული აღტაცება გვიბიძგებს პროფესიული არჩევანის გაკეთებას, საინტერესოა, კულისებს მიღმა გავეცნოთ პროცესების თანმდევ სირთულეებსა და პასუხისმგებლობებს.

ყველაფერი იწყება ერთი იდეით, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. არც დიპლომი განაპირობებს ადამიანის წარმოსახვასა და თვალსაწიერს. ამიტომ  აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რა განასხვავებს დიზაინერს სხვა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისგან?

იდეას აუცილებლად სჭირდება განვითარება და გავრცობა მოცემულობასთან შესაბამისი პრაქტიკული მიმართულებით. ხშირად ვიყენებთ სიტყვა სცენარს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რეალურ დროში და სივრცეში წარმოვიდგინოთ ადამიანის ქმედების თანმიმდევრობა, წინასწარ განვსაზღვროთ და გავამარტივოთ ქმედებათა ჯაჭვი. შესაძლებელია ჩვენვე დავგეგმოთ ეს თანმიმდევრობა და ახალი გამოცდილება შევთავაზოთ დამკვეთს.

მნიშვნელოვანია იმ პასუხისმგებლობის გააზრება, რაც ამ პროფესიას ახლავს თან, რადგან ეს სხვა ადამიანების მომავალს განსაზღვრავს და კონკრეტული დავალების შესასრულებლად დიდ გამოცდილებასა და ცოდნას საჭიროებს. პასუხისმგებლობა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ამ პროფესიაში (და არა მარტო) წარმატების მისაღწევად“.

ელენე ინტერიერის დიზაინის შემოქმედებით და პრაქტიკულ ნაწილს დეტალურად განიხილავს და დიზაინერის მუშაობის სპეციფიკას, მის თავისებურებას გვაცნობს.

„შემოქმედებითი ეტაპიდან პრაქტიკულ საფეხურზე გადავდივართ, რა დროსაც ჩვენ მიერ შექმნილ „სიუჟეტს“ აუცილებლად ესაჭიროება გაზიარება შესაბამისი საკომუნიკაციო ენის მეშვეობით. XXI საუკუნეში ეს საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა 2D და 3D კომპიუტერული პროგრამებია, რომლებიც ერთი შეხედვით, მარტივად დასწავლადია, თუმცა  აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს ინფორმაციის ფურცელზე სწორად გადმოტანის წესები და სტანდარტები. ამ ეტაპს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად სწორად და სრულფასოვნად მივა ჩვენი იდეა ადრესატამდე”.

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ეს პროფესია ერთდროულად მოითხოვს დამკვეთთან და შემსრულებელ რგოლთან სწორ და თანმიმდევრულ კომუნიკაციას, რაც შემდგომში პირდაპირ აისახება საბოლოო შედეგის ხარისხზე. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინერს კარგი კომუნიკაციის უნარები და სხვადასხვა ტიპის ადამიანთან შესაბამისი ურთიერთობა მოეთხოვება, რათა სასურველი რეზულტატი მიიღოს.

თითოეულ პროექტს მინიმუმ ორი ადრესატი ჰყავს — დამკვეთი და შემსრულებელი, რომლებსაც ინფორმაციის გაზიარების ინდივიდუალური გზა სჭირდებათ. ორივე შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორად გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი. ეს პროცესი განაპირობებს პირვანდელი იდეის განხორციელების ალბათობას. ამ ნაწილის წარმატებით შესრულებაში ძალიან გვეხმარება გარკვეული ცოდნა, რომელიც დიზაინერს მისთვის საჭირო ვიწრო სპეციალობებისა თუ გამოყენებულ მასალების ტექნიკურ მახასიათებლებზე აქვს, რაც გარკვეული სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვას გვიმარტივებს.

ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ დიზაინერი აღვწეროთ, როგორც იდეის ავტორი, რომელმაც წარმოსახვა გარდაქმნა სხვისთვის სასურველ ხელშესახებ ფორმაში, მოარგო რეალობას და ჰარმონიულად გაათამაშა ყველა საჭირო პრაქტიკული ელემენტი. ამ პროცესში კი საკმაოდ დიდი წვლილი პროექტის დამკვეთსაც მიუძღვის, რომელიც სწორი კომუნიკაციის მეშვეობით, იდეის სწორ ფორმირებას და შემდეგ შესრულებას უწყობს ხელს“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მრავალსართულიანი კორპუსის ენერგოეფექტურობა – რა ტიპის მასალებზეა საუბარი ამ შემთხვევაში?

Barbie-სთან თანამშრომლობით Kartell-მა 5 საკულტო სკამის ნაკრები გამოუშვა