in

სიმეტრია როგორც ესთეტიკის აღქმის მთავარი ფაქტორი – ელენე სხვიტარიძის გიდი

ელენე სხვიტარიძე ნიჭიერი ახალგაზრდა ინტერიერის დიზაინერია. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული სტილითა და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. Homeis.ge დღეს მას ისეთ საინტერესო თემაზე გაესაუბრა, როგორიც არის სიმეტრიის როლი ინტერიერის დიზაინში:

“ესთეტიკის აღქმა ძალიან პირობითი და ინდივიდუალური საკითხია. შესაბამისად, დიზაინის სფეროში ერთი შეხედვით რთულია გადაჭრით ვთქვათ, რა არის კარგი და რა ცუდი. გემოვნებაზე დაობდა , დაობს და ალბათ კიდევ დიდხანს იდავებს მსოფლიო. თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ქვეცნობიერად ზემოქმედებს ადამიანზე და ჩვენდაუნებურად გვიქმნის შესაბამის შთაბეჭდილებას ამა თუ იმ დიზაინზე.

ელენე სხვიტარიძის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი

ხშირად გვქონია ალბათ მომენტი, როდესაც რაღაც მოგვწონს, მაგრამ რომ გვკითხონ რატომ, პასუხი არ გვაქვს. სინამდვილეში, მიზეზი ყველაფერს აქვს და ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ადამიანის თვალი სილამაზეს თითქმის გეომეტრიული სიზუსტით აღიქვამს. იქნება ეს დიზაინი, მხატვრობა თუ უბრალოდ ადამიანის ვიზუალი, ჩვენი გონება ყველაფერში სიმეტრიას/წონასწორობას ეძებს. მაგალითად, რაც უფრო სიმეტრიულია ვაშლის ორივე ნახევარსფერო, მით უფრო ესთეტიურია ის ჩვენთვის.

ელენე სხვიტარიძის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი

ამ ხედვას ინტერიერში თუ გადმოვიტანთ, მივხვდებით თუ რატომ არის თვალისთვის სასიამოვნო კონკრეტული გარემო. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული არ გულისხმობს იმას, რომ ინტერიერის დაგეგმვისას აუცილებლად ყველაფერი იდეალურ სისწორეში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან. ხშირად ვხვდებით ინტერიერს, სადაც თითქოს, ერთი შეხედვით, ქაოტურად არის განლაგებული ზონები თუ ნივთები, მაგრამ მერწმუნეთ, თუ ეს ქაოსი სიამოვნებას განიჭებთ, ესეიგი ამ ქაოსის უკან გამოუცდელი თვალისთვის რთულად შესამჩნევი გეომეტრია და ლოგიკაა, რომელსაც თითოეული დეტალის გადანაწილება ეფუძნება. პარალელს მხატვრობაში თუ გავავლებთ, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, დაწყებული ლეონარდო დავინჩის კომპოზიციური „სამკუთხედიდან“, რომელიც ნებისმიერ ფიგურას თუ ფიგურების ჯგუფს ერთ გეომეტრიულ ფორმად კრავდა, მალევიჩის კვადრატით დამთავრებული.

ისევ ინტერიერის დიზაინს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ვთქვით, კომპოზიცია ერთ-ერთი განმსაზღვრელი ელემენტია. რაც უფრო სიმეტრიულია კომპოზიცია, მით უფრო მიმზიდველი ხდება ის თვალისთვის. შესაბამისად, თუ გაგვიჩნდება სურვილი, სასურველი სივრცე მარტივად შევცვალოთ უკეთესობისკენ, პირველი ნაბიჯი აუცილებლად ავეჯის და ნივთების სწორი/სიმეტრიული კომპოზიციის შექმნის კუთხით უნდა გადაიდგას”.

ელენე სხვიტარიძის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი ნიდერლანდებში

რა უპირატესობა აქვს ალუმინის კარ-ფანჯარას – ნამაის სტანდარტი