in

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი ნიდერლანდებში

Alliance Group
Alliance Group

რამდენიმე წლის წინ 3D ბეჭდვის მიმართ ერთგვარი ეჭვი არსებობდა, სინამდვილეში კი ეს ტექნოლოგიები რეალური აღმოჩნდა. 2021 წლის 30 აპრილს ნიდერლანდებში ამ ტექნოლოგიით შექმნილი ბეტონის სახლის მოიჯარეებმა გასაღები ჩაიბარეს. ეინთჰოვენში აშენებული ეს შენობა პირველია იმ ხუთთაგან, რომელიც „Milestone Project”-ის ფარგლებში ქვეყნის ყველა მკაცრ სამშენებლო მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

94 კვადრატული მეტრი ფართის ერთსართულიანი შენობა სასტუმრო და ორ საძინებელ ოთახს მოიცავს. მას დიდი ქვის ფორმა აქვს, რომელიც ლანდშაფტს კარგად ერწყმის და ბეტონზე 3D ბეჭვდის ტექნოლოგიის მიერ შემოთავაზებული „ფორმების თავისუფლების“ დემონსტრირებას ახდენს. ძალიან სქელი იზოლაციისა და კარგი გათბობის სისტემის წყალობით სახლი კომფორტული და ენერგოეფექტურია (მისი ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი 0,25-ია).

სახლი ბეტონის 24 დაბეჭდილი ელემენტისგან შედგება, რომლებიც ეინთჰოვენის ფაბრიკაში ფენა-ფენად დაიბეჭდა. დამზადბის შემდგომ ისინი სამშენებლო მოედანზე მიიტანეს და ფუნდამენტზე მოათავსეს. ამის შემდეგ სახლზე სახურავი და ფანჯრები დააყენეს. ბოლოს კი მოაპირკეთეს.

პროექტში ჩართული გუნდის თქმით, განსაკუთრებით რთული შენობის დახრილი კედლების ბეჭდვა იყო. ბეტონი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებული სამშენებლო მასალაა და ჩვენ მას კარგად ვიცნობთ, ვიცით სად და როგორ გამოვიყენოთ ის.

ტრადიციულად, ბეტონი ხის ან ლითონის ყალიბებში ისხმება, რის გამოც ის იმაზე მეტი იხარჯება, ვიდრე საჭიროა. მეტი ბეტონის ხარჯვა შენობაში CO2-ის მეტ გამოტყორცნას და გაძლიერებულ „სათბურის ეფექტს“ ნიშნავს. 3D  ტექნოლოგიის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ პრინტერს შეუძლია ბეტონი იქ და იმ რაოდენობით მოათავსოს, რაც აუცილებელია.

ამ ტექნოლოგიით შენება გაცილებით სწრაფი და უზარმაზარი დიზაინერული პოტენციალის მატარებელია. „Milestone Project“ – ის  პარტნიორების სურვილია, რომ ეს ტექნოლოგია მშენებლობაში დაინერგოს.

ეინთჰოვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რკინაბეტონის კონსტრუქციების პროფესორის ტეო სალეტის (Тео Salet) თქმით, ამ მომცრო შენობის დახმარებით,  მაღალხარისხიანი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაში დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ასეთი პროექტები ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლების შექმნის საშუალებას იძლევა.

„Milestone Project“-ის ხუთი სახლი ერთი მეორის მიყოლებით შენდება, ასე რომ ყოველი ახალი რაუნდი წინამორბედის გამოცდილებითაა გამდიდრებული. მომავალში გუნდი მრავალსართულიანი შენობების აგებას გეგმავს, რაც ტექნიკის კიდევ უფრო მეტ დახვეწას საჭიროებს.

პიტერ კნაუფი, „Vesteda“-ს საინვესტიციო დირექტორი, ამატებს, რომ 3D ტექნოლოგიების წყალობით მინიჭებული მრავალფეროვანი ფორმების შექმნის საშუალება უდიდეს პოტენციალს იძლევა დიზაინსა და სახლის აღქმაში. ამავე დროს ეს ახალი ტექნოლოგია ხარჯების ოპტიმიზაციისა და ხელმისაწვდომობის წყალობით სამშენებლო დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

#სადვიცხოვრო: ლოფტი მარჯანიშვილის მოედანზე

სიმეტრია როგორც ესთეტიკის აღქმის მთავარი ფაქტორი – ელენე სხვიტარიძის გიდი