in

კლასიკური ინტერიერი საინტერესო ფერთა გამით

Banner M2
Banner M2

ლონდონის გულში მდებარე ეს პროექტი უნაკლოა თავისი დიზაინით. ინგლისური სტილის წარმოუდგენელი ესთეტიკა აქ ხელოვნების დონეზეა აყვანილი, ხოლო ცნობილი ბრენდების დახვეწილი მასალა და ავეჯი ხაზს უსვამს სახლის ელეგანტურობას. ფერის სქემა განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს: დიზაინერები შესანიშნავად თამაშობენ ყავისფერი, კრემისფერი და წითელი უჩვეულო ჩრდილების სანახაობრივი კონტრასტებით. გასაკვირი არ არის, რომ ეს სახლი გასულ წელს 70 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

პირველი, რაც ამ ინტერიერში გვხვდება თვალში, ეს ფერების სიმრავლეა. მისაღების ნაწილი მდიდარია ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე და ნაზი ოქროსფერი ფერებით. ძვირადღირებული ხის მასალა სახლში ბუნებრივ განწყობას ქმნის, ნათელი სივრცეები კი ამ შეგრძნებას კიდევ უფრო უკეთ უსვამს ხაზს. ავეჯისა და დეკორაციების ფერები შესანიშნავ ბალანსშია იატაკის საფართან, რომელიც შედარებით ღია ფერისაა. კონტრასტების გასაღვიძებლად დიზაინერებმა მწვანე მცენარეები და მცირე ზომის დეკორაციები გამოიყენეს. ამას გარდა, აქ გვხვდება ორიგინალური ჭაღი და დახვეწილი ბუხარი, რაც საბოლოო ჯამში, ინტერიერს უნიკალურ – ექსცენტრულ, მაგრამ ამასთანავე თბილ – ხასიათს სძენს.

სახლს ცალკე გამოყოფილი სივრცეც აქვს, რომელიც იდეალურია სტუმრების მისაღებად და დროის მათთან გასატარებლად. მისაღების მსგავსად, აქაც ვხვდებით სხვადასხვა დეკორაციებსა და მარმარილოს განსაკუთრებული ტექსტურით მოპირკეთებულ ბუხარს. აივანზე გასასვლელი კარის საშუალებით, ოთახი უხვად იღებს მზის ბუნებრივ სინათლეს.

შედარებით მუქ ფერებშია გადაწყვეტილი სივრცე, რომლის გამოყენებაც სამუშაო ოთახის სახით არის შესაძლებელი. აქ თბილ და კლასიკურ ხასიათს ღვინისფერი ტონები და მათთან შეხამებული კედლის ნახატები და სხვა დეკორაციები ქმნის. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბუხარი, რომელიც, მისი მდიდრული და გამორჩეული ტექსტურის ხარჯზე, ოთახს დამატებით ხიბლსა და ელეგანტურობას სძენს.

სახლის გამორჩეული სივრცე სამზარეულოა. სწორედ ამ ოთახში ჩანს ძალიან კარგად ინგლისური სოფლის სახლისთვის დამახასიათებელი დეტალები – კერამიკის იატაკი, სადა კედელი და თანამედროვე სტილის ელემენტები. განსაკუთრებით საინტერესოა სამი ჭაღი კუნძულის თავზე. სწორედ ამ ჭაღებს შემოაქვთ ოთახში თანამედროვე და კლასიკური სტილის ერთობლიობა. სამზარეულოს სიახლოვეს კი ვხვდებით პატარა სასაუზმე კუთხეს და ფუნქციურ კარადებს, რაც დიასახლისს მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს უქმნის.

სახლის მეორე სართულზე განთავსებულია საძინებელი, რომელიც ასევე დატვირთულია ფერებით, თუმცა ყველა მათგანი ძალიან ბუნებრივად ეწერება საერთო კონცეფციაში და მნახველს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს. ეს ოთახი მდიდარია ბუნებრივი ქსოვილებით, რაზეც კარგად მეტყველებს დახვეწილი დიზაინის ფარდები და გადასაფარებლები.

სახლს აქვს პატარა და მყუდრო ტერასაც, რომელიც განსაკუთრებით სასიამოვნოა თბილი სეზონის პერიოდში. ეს სივრცე მდიდარია ბუნებრივი მცენარეების სიმრავლით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სახლის მეპატრონეებმა დიდი ყურადღება და დრო დაუთმეს პროექტში ბუნებრივი ხასიათის გაღვიძებას.

5 მარტივი რჩევა საგარდერობე ზონის ორგანიზებისთვის

რემონტის გამოცდილება: ეკატერინე ჩანჩიბაძის რჩევები