in

ტრადიციული ელემენტებით შექმნილი ინტერიერი თარხნიშვილის ქუჩაზე — სტუდია „SAMI_“-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „SAMI_“-ის  ახალ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც თბილისში, ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ბინა, რომლის საერთო ფართობი 125 მ2-ია, XX საუკუნის შუა წლებში აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლშია განთავსებული.

საპროექტო დავალება გულისხმობდა სწორად გადანაწილებულ სივრცეს, რომელშიც თანამედროვე სტილი და ქართული ავთენტური დეკორატიული ელემენტები სინთეზურად იქნებოდა წარმოჩენილი.

იმისათვის, რომ სივრცეს თანამედროვე, ქართული დეტალებით შექმნილი ინტერიერის სახე მიეღო, პროექტის ავტორებმა კედელი ქართული დეკორატიული აგურით, არასტანდარტული წყობით მოაპირკეთეს და ინტერიერში კონტრასტული, შედარებით მუქი ფერები — აგურისფერი, მწვანე და ლურჯი გამოიყენეს. სანათების ხარჯზე კი მუქი ტონები დააბალანსეს და აპარტამენტი გაანათეს.

ობიექტზე მუშაობის დროს სტუდია „SAMI_“-ის გუნდი რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას გაუმკლავდა. პირველ რიგში, დიზაინერებს მუშაობა დისტანციურად მოუწიათ, რადგან დამკვეთი საქართველოში არ იმყოფებოდა და ყველა დეტალს ონლაინ ათანხმებდნენ. ამასთანავე, გამოწვევა იყო დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით, გამართული გეგმარების პროექტირებაც, რადგან ბინა შედარებით ძველი აშენებულია, რის გამოც სხვადასხვა პრობლემამ იჩინა თავი (მაგალითად, მთელს ფართობზე მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო დგარის არსებობა). ასევე, რთული იყო სივრცეში ავთენტური დეტალების შემოტანაც. მათი დოზირებულად გამოყენება და საინტერესო სურათის მიღება პროექტის ავტორებისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, სახლში განთავსდა საერთო ოთახი სასადილო სივრცით, იზოლირებული სამზარეულო, სამი საძინებელი, ერთი აბაზანა, ერთი სველი წერტილი სტუმრებისთვის, სამრეცხაო და ნიშა სათავსოთი.

თამამი და საინტერესო გადაწყვეტილებაა ინტერიერში მუქი ფერების გამოყენება, რამაც ბინას განსაკუთრებული ხასიათი, თანამედროვე ესთეტიკა და ავთენტურობა შესძინა. მუქი ტონების გამეორება კედელზე, ავეჯსა და კერამიკულ ფილებზე კი სურათის ერთიანად აღქმაში გვეხმარება.

განსაკუთრებულ ეფექტს  არასტანდარტული წყობის ქართული დეკორატიული აგური ქმნის, რომელიც ფერთა პალიტრას იდეალურად ეხამება და ტრადიციული ელემენტები შემოაქვს სივრცეში. ამასთანავე, აღსანიშნავია სადემონტაჟო სამუშაოების დროს აღმოჩენილი მოხატული ჭერიც, რომლის შენარჩუნებაც, სამწუხაროდ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა, რადგან სიძველის გამო, ის ძალიან დაზიანებული იყო.

შემოსასვლელში მწვანე ფერი დომინირებს, რომელსაც მასიურ კარადებსა  და კედლებზე ვხვდებით. საინტერესო ეფექტი იქმნება შემოსასვლელისა და მისაღები სივრცის გამყოფი კედლით, რომელზეც სარკეებია დატანილი, რაც  ოთახის მოცულობას ზრდის.

მისაღებში არსებული ფერთა მრავალფეროვნება სასიამოვნო განწყობასა და ორიგინალურ სტილს განსაზღვრავს. აგურის ელემენტები ორგანულად ერწყმის ლურჯ ფარდებს და ამავე ტონალობაში გადაწყვეტილ კედლებს, რასაც აგურისფერი გამყოფი კედელი აბალანსებს. ოთახში ვხვდებით ლურჯ და ღია მწვანე ფერის კომფორტულ ტახტებს, ოქროსფერ ბალიშებს, შავი ტელევიზორის სადგამს, საინტერესო აქსესუარებსა და დეკორატიულ ელემენტებს, რაც ამ ზონას განსაკუთრებულ ადგილად აქცევს.

აქვეა მოწყობილი სასადილო სივრცე, ხის მაგიდითა და მიმზიდველი დიზაინის სკამებით. ფერადო ჭაღების ტრიო კი ამ ზონას კიდევ უფრო გამორჩეულ იერს სძენს.

სივრცეში უამრავი სხვადასხვა ფორმისა და ფაქტურის განათებაა დამონტაჟებული, რაც სახლს აცოცხლებს და მკვეთ ფერებს ანეიტრალებს. ამასთანავე, სანათები დეკორაციასაც ალამაზებს. აღსანიშნავია, რომ შემოსასვლელში, მისაღებსა და სამზარეულოში ნათია დალაქიშვილის სანათებია გამოყენებული.

სამზარეულოს წამყვან  ლურჯ ფერთა გამას ღია ხისფერი ავეჯი იდეალურად ეხამება, წერტილოვანი განათება კი გარკვეულ ზონებზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე, ავეჯზე დამონტაჟებული სანათები მოხდენილსა და შთამბეჭდავ იერს სძენს ამ ადგილს.

მთავარ საძინებელში მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო იგრძნობა, რაც მუქი ფერთა პალიტრის გამოყენებით მიიღწევა. აქაც სახასიათო ესთეტიკას განათება განსაზღვრავს. დიდი და კომფორტული საწოლი და აგურისფერი, შუშის დეტალებით გაფორმებული გარდერობი კი ოთახის მიმზიდველობას უსვამს ხაზს.

ბავშვის საძინებელში ყურადღებას იქცევს ცხოველების პრინტის კედლის ქაღალდი. ოთახი კომპაქტურადაა ათვისებული და სამეცადინო და საძილე ზონებად იყოფა.

მესამე საძინებელში მუქი ტონალობა სჭარბობს. კარადის ფასადბზე გამოყენებული აგურისფერი აქცენტები სივრცეს საინტერესო ხასიათს სძენს და ერთგვარ ბალანსს ქმნის.

სააბაზანოში ლურჯი კედლები და აგურისფერი ფილები ღია ფერის იატაკითაა განეიტრალებული, ოქროსფერი და შავი ელემენტები კი ოთახს მეტ ლგანტურობას სძენს.

სტუდია „SAMI_“-ის პროექტი თანამედროვე ინტერიერითა და ავთენტური დეტალებით გამოირჩევა, სადაც მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა მიმზიდველი სანათებითა და მომხიბვლელი ავეჯითაა დაბალანსებული. ტრადიციული ხაზის შესაქმნელად კი სივრცეში საინტერესოდ შემოდის აგური. ბინა ზუსტად ასახავს მაცხოვრებლის სურვილებსა და მოთხოვნებს და სახასიათო, განსხვავებულ სივრცეს ქმნის. როგორც დიზაინერები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, 3D რენდერების ნახვისას, დამკვეთს მოულოდნელობისგან და აღფრთოვანებისგან ცრემლებიც კი მოადგა, რაც პროექტის ავტორთათვის საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

პროექტის ავტორები: ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: SAMI_ 

აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“

განათება:  „Lighting by Natia Dalakishvili“

ავეჯი: “INDEX”; “TON”

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

როგორ შევქმნათ საინტერესო დიზაინი მცირე ზომის ავეჯისა და დეკორის საშუალებით – 6 რჩევა Homeis.ge-გან

როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 10 საინტერესო რჩევა