in

ბინა კოსტავას ქუჩაზე აგურის ელემენტებით – თამარ კაკულიას ინტერიერი

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს და მისი მეპატრონე თამარ კაკულიაა. თამარი პროფესიით ფინანსისტია, ის თითქმის 20 წელია, რაც საინვესტიციო საბანკო სფეროში მოღვაწეობს. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინთან მას არასდროს ჰქონია პროფესიული კავშირი, თუმცა, საკუთარი ბინისა და კერძო სახლის გარემონტება 2014 და 2016 წლებში მოუწია, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება შესძინა ამ მიმართულებით.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ეს 75 კვ/მ ბინა მისმა ძმამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიძინა. ხელსაყრელი მდებარეობა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში სწორედ ის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, რის გამოც ახალმა მეპატრონეებმა უძრავი ქონება შეარჩიეს საინვესტიციოდ.

ეს არის ბინა ქართულ-იტალიურ ეზოში, ძველი შენობის პირველ სართულზე. წლების განმავლობაში გაქირავებული გვქონდა, როგორც საოფისე სივრცე. ბოლო რამდენიმე წელი ერთი პატარა ბეჭდვითი კომპანია დამკვიდრდა სტაბილურად და ჩვენ არც კი მივდიოდით სანახავად მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, არ გვითხრეს, რომ იმდენად შეილახა რემონტი, რომ უკვე შეუძლებელი იყო მათთვის იქ გაჩერება. ამის შემდეგ, მოვილაპარაკეთ, რომ დროებით გადავიდოდნენ და მე ფართს სწრაფად გავარემონტებდი,” – გვიამბობს თამარი

სარემონტო სამუშაოები საკმაოდ მალე დაიწყო. ვინაიდან კედლები გაჯით იყო გალესილი და შეღებილი, თამარი გეგმავდა კედლის მოპირკეთების განახლებას, რაც ხელახალ ლესვასა და სამღებრო სამუშაოებს მოიაზრებდა. თუმცა, ეს გეგმები მალევე შეიცვალა. ერთ დღეს მეპატრონეს ხელოსანმა დაურეკა და სთხოვა ობიექტზე მისვლა.

ადგილზე რომ მივედი, დამხვდა ერთი კედელი სრულად გასუფთავებული, ეს იყო ულამაზესი სანახავი… აღმოჩნდა, რომ სახლი ძველი ქართული აგურით ყოფილა აშენებული. გამიმართლა, რომ ხელოსანი ძველ უბანში იყო გაზრდილი და ესმოდა სიძველის ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ, როგორც კი ძველი აგური დაინახა, ნაცვლად იმისა, რომ გადალესა, დამირეკა და მაჩვენა. ერთმანეთს გადავხედეთ და მყისიერად გადავწყვიტეთ, მთელი სივრცისთვის შეძლებისდაგვარად პირველადი სახე დაგვებრუნებინა. ასე დაიწყო ამ ბინის ახალი-ძველი სიცოცხლე.”

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სახლის თითქმის ყველა კედელი ულამაზესი წყობის აგურით იყო ნაშენი, მათ შორის სარდაფიც. ახალმა მეპატრონეებმა ნალესი ყველა კედელს მოაშორეს და მხოლოდ აგური დატოვეს.

რაც შეეხება გეგმარებას, ამ მხრივ თამარმა სივრცე უცვლელი დატოვა, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ბინის პირვანდელი იერსახე. ინტერიერში ყურადღებას იქცევს თაღოვანი ფორმის საყრდენი კოლონები, რომლებიც ორ ზონას ერთმანეთისგან გამოყოფს.

ამ კონკრეტულ პროექტზე “დიზაინერები” მე და ჩემი ხელოსანი ვანო ვიყავით. თუმცა, ახლა კახეთში შევიძინე ძველი ქვის სახლი და იქ აუცილებლად ვაპირებ პროფესიონალების ჩართვას. რაც შეეხება ამ ბინას, ჩემი თავდაპირველი გეგმა იყო, რომ მაქსიმალურად შემენარჩუნებინა სივრცის ძველი იერსახე და ამავე დროს, შემექმნა სასიამოვნო და კომფორტული გარემო, რაც ვთვლი, რომ გამომივიდა. ეს არის მყუდრო, სასიამოვნო და საოცრად კომფორტული საცხოვრებელი“, – თამარ კაკულია

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

პატარა საძინებელი: რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის – #homeisინსპირაცია

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი მუქ ფერებში – 5 მარტივი რჩევა