in

დეკორატიული აგური ინტერიერში – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

დეკორატიული აგური კედლის აქცენტირების ერთ-ერთ ვარიანტია, რომელსაც გულგრილად გვერდს ვერავინ უვლის. სკანდინავიური სტილისთვის სახასიათო თეთრი აგურის კედელი, პატარა აგურებისგან აწყობილი სამზარეულოს წინსაფრები ან სააბაზანოში გამოყენებული აგური ოთახს სასურველ ფაქტურასა და მოცულობას ანიჭებს.

თუ დეკორატიული აგურის გამოყენება გადაწყვიტეთ, აუცილებლად დადგებით შემდეგი ამოცანების წინაშე: როგორი ტიპის აგური შეიძინოთ, რომელი წებო ჯობია გაკვრისთვის, აგურებს შორის როგორი ინტერვალი დატოვოთ, რომელი სალესი ქვიშა გამოიყენოთ, როგორ გაწმინდოთ აგურის დასვრილი ზედაპირი და ა.შ. დღეს ამაზე და სხვა ბევრ სასარგებლო დეტალზე ვისაუბრებთ.

რჩევა #1. თუ გვსურს, რომ აგურს ბუნებრივი იერი ჰქონდეს

თუ ინტერიერში დეკორატიული აგურის გამოყენება გადაწყვიტეთ, აუცილებლად კარგი ხარისხის აგური შეიძინეთ, მხოლოდ მაშინ მიიღებთ ნატურალურ აგურთან მაქსიმალურ მსგავსებას. ხარისხიანი მასალა იმგვარადაა შეღებილი, რომ ყოველი აგური ერთი მეორისგან განსხვავდება და „ხელოვნური ერთფეროვნების“ ეფექტს არ ქმნის. ის არც ძალიან თხელია და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია, ანუ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პარტიის შეძენა მარტივია.

რჩევა #2. რომელი წებო უნდა გამოვიყენოთ

წებოს არჩევანიც და მრჩეველიც ბევრია, თუმცა ყოველთვის ჯობია იგივე მწარმოებელზე შეჩერდეთ, ვინც აგური გამოუშვა. ის ყოველთვის კონკრეტული დატვირთვისთვის არის გაანგარიშებული და ითვალისწინებს აგურის მახასიათებლებს, რათა ქიმიურმა პროცესებმა არ შეცვალოს. უფრო თხელი თაბაშირის დეკორატიულ აგურის შეძენის შემთხვევაში კი ჩვეულებრივი ფილის წებოც ივარგებს.

რჩევა #3. აგურებს შორის ინტერვალი

აგურის წყობაში ზედმეტად ვიწრო ინტერვალი ზედაპირს ერთიანს და ხელოვნურს გამოაჩენს, მეტისმეტად განიერი კი აგურის დაფანტულობის ეფექტს შექმნის. ოსტატებს ამის თაობაზე ერთიანი შეჯერებული აზრი არ აქვთ. ზოგი ერთ მილიმეტრს ტოვებს და ზოგი ორს. თუმცა, როგორც დიზაინერები გვირჩევენ, აგურებს შორის ოპტიმალური ინტერვალი 4-5 მილიმეტრია. ამ გზით ოქროს შუალედი მიიღწევა და აგურიც მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება.

რჩევა #4. დასვრილი ზედაპირის წმენდა

დასვრილი ზედაპირი თეთრ აგურზე  იმდენად კრიტიკული არ არის (თუ წებო ან ნალესი არ ყვითლდება), მაგრამ წითელ აგურზე ლაქები და არათანაბარი ინტერვალები შთაბეჭდილებას საფუძვლიანად აფუჭებს. ზოგიერთი ზარმაცი ხელოსანი ზედაპირს დასვრისთანავე არ ასუფთავებს (აქ რეკომენდაცია ერთია: ასეთი ხელოსანი ახლოს არ უნდა გაიკაროთ), შრობის შემდეგ კი ეს ძალიან რთულია.

სიტუაციის გამოსწორება ლაქების საწმენდი სპეციალური სითხეების საშუალებითაა შესაძლებელი. მჟავის შემცველი „სახალხო“ საწმენდი საშუალებების გამოყენება კი საფრთხილოა. გახსოვდეთ, რომ აგრესიულმა ნაერთმა შესაძლებელია აგური დააზიანოს და მისი სტრუქტურა დაარღვიოს.

რჩევა #5. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი

სად უნდა დაიწყოს და სად დამთავრდეს კედელზე აგურის წყობა? დიზაინერების თანახმად, ჯობია ერთი კედლის ან სვეტის დეკორაციული აგურით თავიდან ბოლომდე  გამშვენება.

დეკორატიული აგურით კედლების ნაწილობრივი მოპირკეთება ან ასეთი დეკორატიული ელემენტის ავეჯის განლაგებასთან (მაგალითად, აგურის ვერტიკალური ზოლი საწოლის ტუმბოს უკან) მიბმა საფრთხილოა. პირველ რიგში, დროთა განმავლობაში შესაძლებელია გულმა ავეჯის წყობის შეცვლა მოგთხოვოთ, თქვენ კი უკვე „ზოლებზე“ იქნებით მიბმული. მეორე მხრივ, კედლის სისქის მკვეთრი ცვლილება, ისევე როგორც „გაწყვეტილი“ ან „გადაჭრილი“ აგურების წყობის ხილვა, არც ისე პრეზენტაბელურია. მთლიანად გაწყობილი კედელი მეზობელ კედელს გაცილებით უკეთ ერწყმის.

მოიწყვეთ სიმწვანე სახლში! რატომ უნდა შეიძინოთ მცენარეები გრატოს სათბურებში?

უჩვეულო ზონირების მქონე ბინა მადრიდში