in

აგური ინტერიერში — რჩეული პროექტები საქართველოდან

ინტერიერში აგურის გამოყენება ნებისმიერ დიზაინს საოცრად მომხიბვლელსა და მიმზიდველს ხდის. აგური სივრცეს უნიკალურ იერსახეს ანიჭებს, ამავდროულად, თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის. გარდა ამისა, ეს მასალა ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას აჩენს, რის გამოც, აგურის ელემენტებს თანამედროვე ინტერიერში ხშირად ვხვდებით. დღეს რამდენიმე რჩეულ პროექტს გაგაცნობთ, რომლებშიც ეს მასალა საინტერესოდაა წარმოჩენილი.

1. „ეგოისტური“ ბინა უზნაძის ქუჩაზე

ნინი ბარნაბიშვილის ინტერიერი ორიგინალურობითა და საინტერესო დიზაინით გამოირჩევა. საცხოვრებელს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს კედელზე არსებული აგურის დეტალები, რომელიც სიძველისა და ბუნებრიობის განცდას ბადებს. ძველისა და ახლის ჰარმონიული სინთეზით საოცრად მომხიბვლელი ინტერიერი მიიღება. აგური იდეალურად ერწყმის ხის მასალას, სამზარეულოს სალათისფერ ავეჯსა და შინდისფერ დივანს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

2. დუპლექსი ფალაშვილის ქუჩაზე

ნუკრი კეკელიას ნამუშევარი თქვენს ყურადღებას დანახვისთანავე მიიპყრობს. საცხოვრებელი სახლის შემოსასვლელში ვხვდებით აგურის კედელს, რომელსაც თანამედროვე სტილის ინტერიერში სიძველის ეფექტი და ნოსტალგიური განწყობა შეაქვს. კედელი ჰარმონიულად ერწყმის სასადილო ზონაში მდგარ ხის მაგიდას, რაც სივრცის ორიგინალურ იერსახეს განსაზღვრავს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

3. განახლებული ბინა სოლოლაკში

სოლოლაკში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სახლში აგურის ელემენტის საინტერესო გადაწყვეტას ვხვდებით. ბინის მფლობელის სურვილით, რემონტის პროცესში ძველი აგურით მოპირკეთებული კედლის აღდგენა მოხერხდა, რომელიც ინტერიერის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილად იქცა. აგური სივრცის ავთენტიკურ იერს წარმოაჩენს და ძველი თბილისის უბნის ესთეტიკას ინტერიერში აცოცხლებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

4. სკანდინავიური სტილის ბინა ქართული შტრიხებით

სტუდია „SAMI_“-ის ნამუშევარი თანამედროვე სტილით გამოირჩევა, რომელშიც ორი კულტურის სტილისტიკა იკვეთება. ხის ელემენტების სიუხვითა და მინიმალიზმით სკანდინავიური განწყობა იქმნება, შემოსასვლელის დეკორატიული აგურის კედელი კი ქართულ ხასიათს უსვამს ხაზს და სიძველის ეფექტს ამძაფრებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

5. ბინა კოსტავას ქუჩაზე

ინტერიერი აგურის ელემენტების სიმრავლით გამოირჩევა. სწორედ ამის დამსახურებითაა საცხოვრებელი ასეთი ორიგინალური. აგურის კედლები ყველა ნაწილში გვხვდება. სახლი თავდაპირველად ძველი ქართული აგურით ნაშენი იყო. მეპატრონე შეეცადა, მისთვის სიძველის ეფექტი შეენარჩუნებინა და თავდაპირველი იერსახე აღედგინა, რაც წარმატებით გამოუვიდა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

6. მყუდრო სტუდიო თამარაშვილის ქუჩაზე

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა ბუნებრივი მასალის სიუხვით გამოირჩევა. ინტერიერში მრავლად გვხვდება ხის ელემენტები, რომლებსაც სამზარეულოს აგურის კედელი საოცრად ამშვენებს. აგური ჰარმონიულად ერწყმის ლურჯი ფერის ავეჯსა და კუნძულის თეთრი ქვის ზედაპირს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

7. ბინა ნინოშვილის ქუჩაზე

ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის ყველა ნაწილში აგურის კედლებს ვხვდებით, რომლებიც ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს. აგური კლასიკურ სტილს ქმნის. მუქი ფერის აქცენტების დამატებით საოცრად ელეგანტური დიზაინი მიიღება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

8. მომცრო ბინა მინდელის ქუჩაზე

ბინა ძალიან კომპაქტური და მომხიბლავია. მასში საინტერესოდაა გამოყენებული აგურის კედელი. მეპატრონემ ძველი აგურისგან შემოსასვლელი ნიშა ააშენა, რომელსაც, ფუნქციურ მნიშვნელობასთან ერთად, დეკორატიული როლიც აქვს. ნიშა ერთი მხრიდან მწვანედაა შეღებილი და საოცრად უხდება ინტერიერის მწვანე აქცენტებს. აგურის ელემენტი ღია კარადის დანიშნულებით გამოიყენება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

9. ბინა გამრეკელის ქუჩაზე

საცხოვრებელში მრავლად გვხვდება ხე, ბეტონი და აგური. ქართული აგურის ელემენტები სახლის სხვადასხვა ზონაში მეორდება. გამორჩეულია მისაღები ოთახის აგურის კედელი. ესთეტიკურ ფუნქციასთან ერთად, აგურის ჩანართი ბინის ზონირებისთვისაც გამოიყენება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

10. ბინა დიღომში

სახლის მფლობელებს უნდოდათ, სივრცეში სიძველის ეფექტი შეეტანათ, რასაც ოდნავ „შელახული“ აგურის გამოყენებით მიაღწიეს. აგურის კედელმა საოცრად ორიგინალური შტრიხები შესძინა საცხოვრებელს და თბილი, სასიამოვნო გარემო შექმნა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

11. ბინა თბილისის ცენტრში

კლასიკური და მდიდრული დიზაინით გამორჩეულ პროექტს, რომელზეც დოდოშკა ჩხეიძემ იმუშავა, სიძველის ეფექტი საოცრად მომხიბლავად აქცევს. ეს მიიღწევა შემოსასვლელში არსებული აგურის ჩანართებით. აგური ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერის სხვა ნაწილებს და სივრცეს ორიგინალურ იერს სძენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

გერმანულ ბრენდ „Hansgrohe“-ს და „გალერეა დემასის“ ერთობლივ კონკურსში, ქართველმა დიზაინერმა, თამარ ყიფიანმა გაიმარჯვა

სამეცადინო მაგიდა და სკამი — რა უნდა ვიცოდეთ მათ სწორად შესარჩევად