in ,

მყუდრო სტუდიო თამარაშვილის ქუჩაზე – ანდრეი ვლასოვისა და თაკო კენკიშვილის პროექტი

Banner M2
Banner M2

ამ ბინის ფართობი სულ რაღაც 46 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თუმცა ის იმდენად სწორად არის დაპროექტებული, რომ მასში ყველა ფუნქციური ზონა გვხვდება და ის მოიცავს სამზარეულოს, მისაღებს, საძინებელს, დამოუკიდებელ საგარდერობო ოთახსა და ერთ სველ წერტილს.

ბინის მეპატრონემ, ეს ფართი 2016 წელს შეიძინა. როგორც თავად გვიამბობს, აღნიშნული უძრავი ქონების შეძენისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მისმა ლოკაციამ ითამაშა. ბინა მდებარეობს თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, რაც მის მობინადრეებს ულამაზესი ხედით ტკბობის საშუალებას აძლევს.

მფლობელს ბინა ე.წ. “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში ჩაიბარა და მისი დიზაინის შექმნაზე თაკო კენკიშვილმა და ანდრეი ვლასოვმა იმუშავეს.

ვინაიდან ბინა ძალიან პატარა იყო, გვინდოდა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ეს სივრცე ისე, რომ მასში არ ყოფილიყო ზედმეტი კარები ან კედლები. ჩემი ინსპირაცია იყო, შემექმნა თბილი, კომფორტული სივრცე. მაშინ ლოფტის სტილით ვიყავი გატაცებული და ამ მხრივ შთაგონება სასტუმრო “რუმსისგან” მივიღე.  როცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვაფასებ, ალბათ არის რამდენიმე დეტალი, რასაც შევცვლიდი (მაგალითად, აბაზანის ნაცვლად საშხაპეს დავამონტაჟებდი), თუმცა საერთო ჯამში, ბინა დღესაც ძალიან მომწონს, ვინაიდან მასში ცხოვრება საოცრად კომფორტულია,” – გვიამბობს ანდრეი

ბინა სტანდარტული სტუდიოს ტიპის სივრცის პრინციპით არის შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში რამდენიმე ფუნქციური ზონაა გაერთიანებული. ამრიგად, სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეშია მოქცეული, თუმცა ისინი ერთმანეთისგან სამუშაო კუნძულით არის გამოყოფილი. საკმაოდ საინტერესოა სამზარეულოს დიზაინი. აქ გვხვდება ულამაზესი ლურჯი ფერის ავეჯი, რომელიც იდეალურად ეხამება აგურის კედელსა და კუნძულის თეთრი ქვის ზედაპირს.

რაც შეეხება საძინებელს, ის შუშის ტიხრით არის გამოყოფილი დანარჩენი ზონებისგან. ეს მსუბუქი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, რომ სივრცე არ დამძიმდეს, იყოს გაშლილი, ნათელი და რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში, იზოლირებულიც. აქვე გვხვდება სამუშაო ზონა, რომელიც იდეალურად არის განთავსებული და აღჭურვილია ყველა საჭირო პირობით.

როგორც ცნობილია, მცირე ზომის ფართების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი სათავსოების ნაკლებობაა. თუმცა, ამ შემთხვევაში პროექტის ავტორებმა ეს დეტალიც გაითვალისწინეს და ბინაში დამოუკიდებელი საგარდერობო ოთახი შექმნეს, რაც საერთო ჯამში, პროექტს კიდევ უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს.

პროექტის გეგმა

ეს ბინა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მცირე ზომის სივრცე არასდროს არის დაბრკოლება საოცნებო დიზაინის შესაქმნელად. სწორი გეგმარება კი ამ შემთხვევაში ის ამოსავალი წერტილია, რომელიც მომავალი პროექტის წარმატებას განაპირობებს.

როგორ შევქმნათ მეტი სივრცე პატარა აბაზანაში – 7 მთავარი წესი

ვარსკვლავური ინტერიერი: სტუმრად დონატელა ვერსაჩესთან