in ,

თეთრი ბინა კარტოზიას ქუჩაზე – ნატუკა ბაღაშვილის ინტერიერი

ნატუკა ბაღაშვილი საბანკო სფეროში მოღვაწეობს და მას ინტერიერის დიზაინთან არანაირი პროფესიული კავშირი არ აქვს, თუმცა, როდესაც საკუთარი ბინის მოწყობაზე მიდგა ჯერი, ამ ამოცანას ის დიზაინერის დახმარების გარეშე გაუმკლავდა.

ნატუკა ბაღაშვილი

ბინა, რომელიც ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, კარტოზიას ქუჩაზე მდებარეობს, ნატუკამ 2017 წელს შეიძინა და იმ დროს ის ჯერ კიდევ მშენებარე მდგომარეობაში იყო. მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალ მეპატრონეს ბინა ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში გადაეცა, რასაც სარემონტო სამუშაოები მოჰყვა. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ეს მისთვის საკმაოდ რთული პროცესი იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, მან წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას და 2020 წლის მარტში საკუთარ ახალ ბინაში საცხოვრებლად გადავიდა.

ბინის საერთო ფართობი 115 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის მოიცავს მისაღებ ოთახს, საძინებელს, სამზარეულოსა და სველ წერტილს. თავდაპირველი გეგმარების მიხედვით, ბინა უნდა ყოფილიყო სტუდიოს ტიპის პროექტის მქონე, სადაც მისაღები და სამზარეულო გაერთიანებული იქნებოდა. თუმცა, ნატუკამ იზოლირებული სამზარეულო არჩია და ის მისაღები ზონისგან გამოყო. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ჰოლის ფართობის გაზრდა იყო, რაც საძინებლის ხარჯზე მოხდა.

ბინის მოწყობისას კონკრეტული მიზანი არ მქონია, თუმცა სანამ მას შევიძენდი, წარმოდგენილი მქონდა, რომ ჩემი მომავალი საცხოვრებელი იქნებოდა სრულად თეთრი კედლებით, ძალიან ბევრი მცენარით და ჭილოფის დეტალებით. ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია. მინდოდა, რაც შეიძლება მინიმალისტური, მსუბუქი, ჰაეროვანი, ნათელი და თეთრი ინტერიერის შექმნა, სადაც იქნებოდა უხვი სიმწვანე. სულ მეგონა, რომ თეთრ კედლებს ბევრი ნახატით შევავსებდი, თუმცა ცხოვრების პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ნახატების ნაცვლად, უფრო პოსტერებმა მიმიზიდა. სხვათა შორის, მათი ძირითადი ნაწილი ისევ არ მაქვს კედლებზე დაკიდებული, რადგან მაინც სითეთრე უფრო მხიბლავს,” – ნატუკა ბაღაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ინგლისური სტილის სახლი სან-ფრანცისკოში

საუკეთესო ფერები საძინებლისთვის – Homeis.ge-ს 6 რჩეული ტონი