in

ვარსკვლავური ინტერიერი: სტუმრად დონატელა ვერსაჩესთან

1997 წელს ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა მისი მოდის სახლის სწრაფი და სამარცხვინო დასასრული იწინასწარმეტყველა. თუმცა, დიზაინერის უმცროსმა დამ, რომელიც კომპანიის სათავეში ჩადგა, არა მხოლოდ გააგრძელა ძმის საქმე, არამედ კიდევ უფრო განავითარა კომპანია. მან დააარსა სასტუმროების ქსელი – Palazzo Versace, რომელიც სრულად აღჭურვა Versace Home Collection-ის ავეჯით. ადამიანები, რომლებიც დონატელას კარგად იცნობენ, მისი მიღწევებით გაკვირვებულნი სულაც არ დარჩენილან. ვერსაჩეს სახლში იგი ოფიციალურად პიარზე და რეკლამაზე იყო პასუხისმგებელი და კომპანიის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. ჯანი დონატელას საკუთარ მუზას უწოდებდა და აღიარებდა, რომ მისი თანხმობის გარეშე არცერთ ესკიზს არ ამტკიცებდა. სუნამო – Blonde მან სწორედ დონატელას მიუძღვნა და უმცროსი და Versus ხაზის მთავარ დიზაინერად აქცია.

ვერსაჩეს ოჯახში მოდური ტანსაცმლით გატაცება მემკვიდრეობითი „დაავადებაა“. დონატელასა და ჯოვანის დედა იყო მკერავი, რომელიც ბიზნესმენზე დაქორწინდა. წყვილი, ოთხ შვილთან ერთად, კალაბრიის პროვინციაში ცხოვრობდა. ჯანი 1946 წელს დაიბადა, ხოლო მისი მომავალი მუზა – 9 წლის შემდეგ. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, და-ძმას ბავშვობიდანვე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დონატელა ხშირად იხსენებს, რომ თერთმეტი წლის ასაკიდან ძმასთან ერთად დისკოთეკაზე დადიოდა და სიამოვნებით ატარებდა ტანსაცმელს, რომელსაც ჯოვანი მას უკერავდა. ეს იდილია მაშინ დასრულდა, როდესაც ჯანი მილანში ტრიკოტაჟის დიზაინის შესასწავლად წავიდა. უნივერსიტეტის ხარისხის მიღების შემდეგ, დონატელა ძმას შეუერთდა და ახლად დაარსებული ვერსაჩეს მოდის სახლის პიარის დირექტორი გახდა.

ამბობენ, რომ კარიერის დასაწყისში მამაკაცის კოლექციის ახალ მოდელებს ჯანი კურირებდა, ხოლო ქალისას – დონატელა. შეიძლება ითქვას, რომ ძმის „კურთხევით“ ის ვერსაჩეს ერთ-ერთ მოდელზეც კი დაქორწინდა. ჯანის მკვლელობის შემდეგ, დონატელამ დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ გამოძიების მასალებიდან გარდაცვლილის ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამოეღო და თავისი ძმის შესახებ, ვინმე ფრენკ მონტეს მიერ დაწერილი წიგნის ტირაჟირება არ დაეშვა. ეს წიგნი ვერსაჩეს მთელ ოჯახს რეპუტაციას ულახავდა. ჯოვანიმ თითქმის მთელი თავისი ქონება დონატელას ქალიშვილს – ალეგრას უანდერძა.

მოდის იმპერიის სათავეში ყოფნა ძალიან დამღლელია. დონატელა ვერსაჩე მუდმივ მოძრაობაშია. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ბინა და სახლი აქვს, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც არცერთ მათგანში არ ცხოვრობს. ყველაზე დიდ დროს იგი მილანში ატარებს.

1986 წელს დონატელამ და მისმა მაშინდელმა მეუღლემ – პოლ ბეკმა მილანის ერთ-ერთ ძველ სახლში არც ისე დიდი ბინა იყიდეს. ინტერიერის დიზაინი მათ ცნობილ დეკორატორს – რენცო მონჯიარდინოს მიანდეს. მან დავალებას თავი ისეთი წარმატებით გაართვა, რომ მფლობელებს 20 წლის განმავლობაში დეკორაციის შეცვლის სურვილი ერთხელაც არ გასჩენიათ. და რატომ? მაგალითად, თეთრი და ლურჯი ფილებით მორთული სასადილო ოთახი და ფრესკები, რომლებზეც ჩინური და იაპონური ლარნაკებია გამოსახული, 40 წლის შემდეგაც კი არ იქნება „მოძველებული“.

მაგრამ დრო გადის, ბავშვები წამოიზარდნენ (ალეგრა 20 წლის, ხოლო ვაჟი – დანიელი – 16-ის) და დონატელამ გადაწყვიტა, რომ სივრცე უკვე საკმარისი აღარ არის. ამიტომ, მან ზედა სართულზე განთავსებული ბინაც შეიძინა და ორი სართული გააერთიანა.

ინტერიერის განახლება მან კვლავ Mongiardino-ს სტუდიას დაავალა. ასე გაჩნდა მეორე სართულზე მდიდრულად მორთული, შელესილი, თაღოვანი ჭერი და იატაკის ფილები გეომეტრიული ნიმუშებით – Mongiardino-ს სტუდიის საფირმო შტრიხი. ინტერიერი საოცრად ერთიანი გამოვიდა, დაუჯერებელია, რომ ამ სართულებს ორი ათწლეული აშორებს. და მაინც, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მათ შორის არის სხვაობა.

ორმაგი ცხოვრება

პირველი სართული დონატელამ ბავშვებსა და მრავალრიცხოვან სტუმრებს დაუთმო. სწორედ აქ იმართება შესანიშნავი წვეულებები, რომელთა შესახებაც ტაბლოიდები ინფორმაციას ენთუზიაზმით ავრცელებენ. მეორე სართული დონატელას პირადი თავშესაფარია. მისი მოწყობისას მტკიცე დიასახლისი ერთი პრინციპით ხელმძღვანელობდა: „ასე მსურს!“. ამის შედეგია ფეხბურთის მოედნის ზომის აბაზანა. „მე ვითხოვდი მეტს, მეტს და კიდევ მეტს“ – იხსენებს დონატელა. მპასუხობდნენ: „მაგრამ, ის უკვე ისედაც უზარმაზარია“ , მე კი ვყვიროდი: „არა! ეს საკმარისი არ არის!“. მაშინაც კი, როდესაც აბაზანის ინტერიერი უკვე დასრულებული იყო და დეკორატორები სხვა ოთახების მოწყობაზე გადაერთნენ, მოუსვენარი მომხმარებელი ვერ დაწყნარდა. მან ახლად აღმართული კედლის დანგრევა და კიდევ სამი მეტრით გადაწევა ბრძანა და ერთ-ერთი კედლის მთლიანად სარკით დაფარვა მოითხოვა, რათა სივრცე უფრო დიდი გამოჩენილიყო. „მხოლოდ ამის შემდეგ დავმშვიდდი“­ – ამბობს დონატელა სიცილით.

ასევე მოიქცა იგი ბინისთვის ნახატების შერჩევისას. პირველი სართულისგან განსხვავებით, სადაც კედლებზე ძველი ოსტატების ნახატებია ჩამოკიდებული, მეორე სართული ჯორჯო დე კირიკოსა და ფერნანდ ლეჟეს ნახატებით არის მორთული. „მიყვარს თანამედროვე ხელოვნება და კლასიკური ავეჯი“ – ამბობს დონატელა. ასეთ ექსტრავაგანტურ გარემოში იგი თავს აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს. იგი აქ ისვენებს და ახლო მეგობრებს იღებს, ხოლო, როდესაც საერო კომუნიკაციის სურვილი გაუჩნდება, უბრალოდ ქვემოთ ჩადის.

ფილოსოფია ბუდუარს მიღმა

ყველამ იცის, რომ დონატელა იდეალური ბალანსის პოვნის უბადლო ოსტატია, მაგრამ გამოადგება თუ არა ეს მიდგომა კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს? ის ფიქრობს, რომ დიახ. „ადამიანები რატომღაც ერთი სტილით შემოიფარგლებიან. მათ სურთ, რომ სახლში ყველაფერი შერწყმული იყოს. მაგრამ ეს ძალიან მოძველებული მიდგომაა. მე ვიცი ბევრი უკიდურესად თანამედროვე სახლი, სადაც ძალიან ძველმოდური ადამიანები ცხოვრობენ“ – ამბობს დონატელა. „მათ უბრალოდ ეშინიათ, რომ თავისუფლები იყვნენ, თავისუფლება კი ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რამაა“. 

მყუდრო სტუდიო თამარაშვილის ქუჩაზე – ანდრეი ვლასოვისა და თაკო კენკიშვილის პროექტი

“მილაკი” – მილებით შექმნილი ხელნაკეთი სანათები